შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მუნიციპალიტეტების დაფინანსება 107 მილიონი ლარით გაიზრდება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
 15 ნოემბერი 2018

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა მთავარი ფინანსური დოკუმენტის იმ მთავარ ღონისძიებებზე, რომლებიც მომავალ წელს საქართველოს რეგიონებში განხორციელდება.

ზაზა გაბუნიას ინფორმაციით, მომავალი წლიდან მუნიციპალიტეტების დაფინანსება 107 მილიონი ლარით გაიზრდება.

„107 მილიონი ლარით ვზრდით მუნიციპალიტეტების დაფინანსებას, აღდგება სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, ვზრდით რეგიონების გაზიფიცირების დაფინანსებას, მუნიციპალიტეტების მიერ სკოლების და ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოიყოფა 120 მილიონი ლარი, დევნილთა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად დამატებით 50 მილიონი ლარი, მყარი ნარჩენების მართვის პროგრამის დივერსიფიკაციისა და ცალკეულ რეგიონებში კონკრეტული პროექტების დაფინანსების მიმართულებით გათვალისწინებულია 4-ჯერ მეტი დაფინანსება წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით. 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს ახლავს დამატებით ორი დოკუმენტი. ეს არის საბიუჯეტო და თვითმმართველობის კოდექსებში ცვლილება, რომლის მიხედვითაც, შემოდის ახალი ფორმულირება, ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მუნიციპალიტეტები მომავალი წლიდან მიიღებენ მეტ ფინანსურ მხარდაჭერას განვითარებისთვის და იმ ამოცანების სრულფასოვნად საპასუხოდ, რომელიც დგას ადგილებზე“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით 2019 წელს მუნიციპალიტეტების დაფინანსების წესი იცვლება. კერძოდ, ადგილობრივი თვითმმართველობები მომავალ წელს გათანაბრებით ტრანსფერს აღარ მიიღებენ, საშემოსავლო გადასახადიც სრულად ცენტრალურ ბიუჯეტში წავა, ხოლო თვითმმართველობაში დღგ-ს სახით მიღებული შემოსავლების 19% დარჩება.

მთავარი ფინანსური დოკუმენტის თანახმად, დაფინანსების ახალი წესით 58 მუნიციპალიტეტს კი 38.8% ერგება.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 12 729 700 000 ლარით არის განსაზღვრული.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია