შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

არასამთავრობო ორგანიზაციები ე.წ. შავ სიაში შესული ადამიანებისთვის ვალების ჩამოწერის შესახებ პრემიერის ინიციატივას, ამომრჩევლის მოსყიდვად აფასებენ. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ამ საკითხით სამართალდამცველი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 19 ნოემბერი 2018
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ირმა პავლიაშვილი აცხადებს, რომ პრემიერის ინიციატივა ჭარბვალიანობის წინააღმდეგ, ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს."მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონის მიხედვით პარტიას ეკრძალება კანდიდატის თუ ამა თუ იმ სხვა პირის მეშვეობით, პირდაპირ ან არაპირდაპირ საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრების, მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა, გარკვეული საქონლის შეთავაზება, მომსახურება, მიყიდვა, ან მიწოდება. ამასთან დაკავშირებით აუდიტს მივმართავთ,რომ შეისწავლონ ეს საკითხი და შესაბამისი რეაგირებაც მოახდინონ", — განმარტავს ირმა პავლიაშვილი.სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე ამბობენ, რომ ე.წ. შავ სიაში მყოფი პირებისთვის საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” მიერ ვალების დაფარვის სამართლებრივი კვალიფიკაცია სწორედ ამომრჩევლის მოსყიდვაა.“ვფიქრობ, ამომრჩევლის მოსყიდვის გარდა, ამ ინიციატივას სხვა პრობლემაც აქვს – უთანასწორო და დისკრიმინაციულია იმ მოქალაქეების მისამართით, რომელთაც, ასევე, შეიძლება ძალიან მძიმე ეკონომიკური პირობები აქვთ, მაგრამ ძალიან პატიოსნად იხდიან თავის ვალს და არ აღმოჩნდნენ ე.წ. შავ სიაში. ეს გადაწყვეტილება გაუგებარ ვითარებას წარმოშობს, როდესაც ადამიანებს შეიძლება გაუჩნდეთ განცდა, რომ შეიძლება აიღონ ვალები და არ გადაიხადონ, რადგან რაღაც ეტაპზე სახელმწიფოს ექნება ვალდებულება იმისა, რომ ამ ვალის გასტუმრება თავის თავზე აიღოს. ამიტომ ეს სახელმწიფოებრივადაც დამაზიანებელი ინიციატივაა და არ შეიძლება, რომ არჩევნების გულისთვის ხელისუფლება ყველაფერზე წავიდეს”, – განაცხადა ბენიძემ.მისი თქმით, გარკვეული პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე ოპოზიციასაც ეკისრება, რომლის რიტორიკა გახდა წამახალისებელი საზოგადოებრივი მოლოდინების შექმნისა, რომ სახელმწიფოს აეღო თავის თავზე “შავ სიაში” შესულ ადამიანების პრობლემა.მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ ფონდ “ქართუს” მიერ თანხების გადახდა ცალსახად კვალიფიცირდება როგორც ამომრჩევლის მოსყიდვა და ოპოზიციურ კანდიდატს ან სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ. ამომრჩევლის მოსყიდვაზე სანქცია კი, ბენიძის განმარტებით, კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხსნაა.“საერთაშორისო – გამჭვირვალობა საქართველოს” პროგრამის მენეჯერი ლევან ნატროშვილი მიიჩნევს, რომ პრემიერის ინიციატივით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.“თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ახლა არის საარჩევნო პერიოდი, ფონდი “ქართუ” არის ბიძინა ივანიშვილის, რომელსაც გააჩნია საარჩევნო მიზნები, ხოლო ამ ინიციატივას აჟღერებს მთავრობა, რა თქმა უნდა, იკვეთება ამომრჩველის მოსყიდვის ნიშნები და შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ. ამ შემთხვევაში, ასეთი ორგანოა პროკურატურა, ვინაიდან 100 ლარზე მეტია სავარაუდო სიკეთე, რასაც ამომრჩევლები მიიღებენ. ეს არის პრობლემური ინიციატივა. ამასთან, ისეთ მასშტაბზე არის საუბარი, რომ შეუძლია, სერიოზული გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზეც. ასეთი რამ წინასაარჩევნოდ არ უნდა ხდებოდეს”, – განაცხადა ნატროშვილმა.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, 19 ნოემბერს, გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ნახევარ მილიონზე მეტ მოქალაქეს ვალებს ჩამოაწერენ.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია