შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ღვაწლმოსილ პედაგოგს იუბილე ვარსკვლავის გახსნით მიულოცეს

საზოგადოება
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
 19 ნოემბერი 2018

სულხან საბა ორბელიანის სახელობოს №1 საჯარო სკოლის ფოიეში ღვაწლმოსილ პედაგოგთა პატივსაცემად განთავსებულ ვარსკვლავებს, კიდევ ერთი შეემატა, სკოლამ ამაგდარი პედაგოგის, ეთერ ნადარაიას 80 წლის იუბილე იზეიმა და ამაგის დაფასება ვასკვლავის გახსნით გამოხატა.
ბევრი თბილი სიტყვა, ემოცია და ცრემლები- ასე გაიხსენეს კოლეგებმა ეთერი მასწავლებლის მოღვაწეობა სკოლაში, 80 წლის იუბილე სკოლამ ღონისძიებით მიულოცა , ვასკვლავის გახსნას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იუბილარი ვერ დაესწრო, თუცა მადლობის გამოსახატავად კოლეგებს წერილი გამოუგზავნა ,,ეს ხომ ჩემი მშობლიური სკოლაა, რამდენი რამ მაკავშირებს მასთან. ბავშობა, ახალგაზრდობა, მთელი ჩემი ცხოვრება. მის სათავეებთან ხომ ჩემი მშობლები იდგნენ. მამა დომენტი ნადარაია მათემათიკის პირველი მასწავლებელი, დედა ფედოსი ცქვიტინიძე სკოლის პირველი სასწავლო ნაწილის გამგე. ჩვენი სკოლის წარსული ისტორია ხომ ჩვენი თაობის ცხოვრებაა. ამ სკოლაში ვისწავლე ცუდის და კეთილის გარჩევა, აქ შევიცანი თავი და მეგობრები, აქ გადავდგი პირველი ნაბიჯი მასწავლებლობაში, სკოლა ხომ ჩვენთვის, მისი აღზრდილებისთვის, ლაღი ბავშობაა. დაე მუდამ რეკავდეს ამ სკოლის ზარი, მოუხმობდეს ახალგაზრდობას წიგნისკენ, სიკეთისკენ. გახსოვდეთ მისი წარსული და აწყმო, რადგან წარსული გვმოძღვრავს, აწყმო გვეთაყვანება, ხოლო მომავალი გიხმობთ ისწავლოთ და ჭეშმარიტ მამულიშვილებად ჩამოყალიბდეთ. დიდ მადლობას გიხდით დაფასებისთვის, ამ სიყვარულისთვის, მუდამ ბედნიერები იყავით’’ ნათქვამია ეთერ ნადარაიას სიყვარულით და ემოციებით სავსე წერილში.
ღონისძიებას პედაგოგები, საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები და იუბილარის შთამომავლები ესწრებოდნენ, მათ ისაუბრეს პედაგოგის დამსახურებებზე და იმ საინტერესო წლებზე რომელიც მან სკოლაში გაატარა.
ია სვანიძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი:
-უძვირფასესია ჩემთვის ეს სკოლა, მასწავლებლები. ეთერ მასწავლებელი კი ლეგენდაა, მას დიდი როლი მიუძღვის ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებაში, ჩემი კლასის დამრიგებელი იყო და მისი დამსახურებაა საგნისადმი ასეთი სიყვარული. ბედნიერი ვარ იმით რომ მომიწია მასთან ერთად მუშაობა. უფროსი მეგობარი იყო. დასანანია, ასეთი ადამიანები რომ ბერდებიან, აკლდებათ ენერგია, ძალა არ მოსდევთ, თორემ გული ისევ ახალგაზრდულად ძგერს. მინდა ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო. ბედნიერია იმით, რომ ჰყავს ამდენი შთამომავალი, ადამიანები, ვისაც უყვართ და ზრუნავენ მასზე. მადლობა მას , რომ არსებობდა ჩემს ცხოვრებაში. სკოლას მინდა მადლობა გადავუხადო, რომ ასე ლამაზად მოეფერა და დააფასა მისი ღვაწლი. ძალიან სასამოვნოა, როდესაც ვიღაცას ახსოვს შენი დამსახურება.
ირმა წაქაძე- ბოლნისის №1 საჯარო სკოლის დირექტორი:
_ ვასკვლავის გახსნის იდეა სკოლის დირექტორად დანიშვნის დღიდან გამიჩნდა. პედაგოგები, რომლებიც ასაკის გამო მიდიან სკოლიდან, მაგრამ მათ მთელი ენერგია და რესურსი სკოლის განვითარებაში ჩადეს, თითქოს უყურადღებოდ გვრჩებოდნენ, ამიტომ რომ არ დაკარგულიყო, უკვალოდ არ გამქრალიყო ეს დამსახურება, ღვაწლი გადავწყვიტეთ ვასკვლავის გახსნის ტრადიციის დაწესება. უკვე მესამე ვარსკვლავი გავხსენით, მან ხომ მთელი ცხოვრება ამ სკოლაში გაატარა, პატარა, ლამაზი ღონისძიება მივუძღვენით ეთერი მასწავლებელს და მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ ის ყოველთვის გვახსოვს და გვიყვარს.
ლია ხურცილავა, პედაგოგი:
-ეთერისთან ბავშობა მაკავშირებს, ჩვენი ოჯახები მეგობრობდნენ. მისი დედა და მამაჩემი ერთ სამსახურში მუშაობდნენ. თვითონ ეთერი ძალიან მეგობრული და ალალმართალი ქალია, არ მახსოვს მას ოდესმე ტყული ეთქვას, გაჭირვებაში თანამშრომლის გვერდში დგომა იცოდა. ძალიან კარგად მახსოვს მასთან გატარებული წლები, მინდა ჯანმრთელად იყოს და დიდხანს იცოცხლოს.
მანანა შკუბულიანი, პედაგოგი:
-ეთერი ძალიან კარგი პედაგოგი იყო, მისი აღზრდილები დღეს წარმატებული ადამიანები არიან, მისი მოსწავლეები წარმატებით იღებდნენ მონაწილეობას როგორც სასკოლო, ისე რაიონის მასშტაბით გამართულ ოლიმპიადებზე. როცა მასწავლებლად დავიწყე მუშაობა, მათემატიკის ახალი სახელმძღვანელო გამოვიდა, მე და ეთერი ვრჩებოდით სასწავლო პროცესის შემდეგ და ვამუშავებდით რომ გაკვეთილი გამარტივებული სახით მიგვეტანა მოსწავლემდე. ძალიან კარგი ადამიანია ეთერი მასწავლებელი, მინდა ვუთხრა, რომ ძალიან გვიყვარს და ყველაფერს კარგს ვუსურვებ.
ნელი ბარათაშვილი, პედაგოგი:
– მე რომ მოვედი ამ სკოლაში, ეთერი უკვე მუშაობდა. ჩემზე შედარებით უფროსია, მაგრამ თანატოლებივით ვიყავით. ვმეგობრობდით, გული მეტკინა, რომ არ დამხვდა, მინდოდა ჩავხუტებოდი და მოვფერებოდი. ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს.

ეთერ ნადარაიას ცხოვრება- მოღვაწეობა პირველ საჯარო სკოლას უკავშირდება. იგი 1938 წელს გეგეჭკორის რაიონში სოფელ დიდ ჭყონში, პედაგოგების ოჯახში დაიბადა. მამა, დომენტი სიმონის ძე ნადარაია, მათემათიკის მასწავლებელი იყო.ის პირველი გამოეხმაურა ბოლნისში ქართული სკოლის გახსნის საშვილიშვილო საქმეს და მთელი ოჯახით საცხოვრებლად ბოლნისში გადმოვიდა. ეთერ ნადარაიას დედა ფედოსი ცქვიტინიძე რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგი იყო. მან მთელი ცხოვრება ახალგაზრდების აღზრდას შეალია . ეთერ ნადარაიამ 1955 წელს დაამთავრა პირველი საშუალო სკოლა და მუშაობა ამავე სკოლაში დაიწყო, ხოლო 1957 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში,ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, სასწავლებლის დასრულებისთანავე მშობლიურ სკოლას დაუბრუნდა. იგი წლების განმავლობაში მსახურობდა: განათლების განყოფილების სასკოლო ინსპექტორად, №6 და №1 სკოლების სასწავლო ნაწილის გამგედ, რამდენჯერმე არჩეული იქნა სადაბნო საბჭოს დეპუტატად, წარგზავნილი იყო თბილისში ახალგაზრდა მასწავლებელთა ფორუმზე, როგორც რაიონის საუკეთესო მასწავლებელი. 1989 წელს ეთერ ნადარაიას მიანიჭეს ,,მათემატიკის მასწავლებელ – მეთოდისტის’’ წოდება, მუშაობის დაწყების დღიდან ჩართული იყო საზოგადოებრივ საქმიანობაში, მისი უანგარო შრომა შეუმჩნეველი არ დარჩენილა , დაჯილდოებულია სიგელებითა და მედლებით , მათ შორის ,,ღირსების მედლით’’. ეთერ ნადარაიამ პირველ საჯარო სკოლაში 2009 წლამდე იმუშავა.

მაგდა დევნოზაშვილი


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია