შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ყველაზე საპასუხისმგებლო საქმე – ახალგაზრდა პედაგოგი ხიზაბავრიდან

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=24438 
 05 ოქტომბერი 2019
სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლაში ისტორიის მასწავლებლად მუშაობა გიორგი ქუქჩიშვილმა 2019 წლის სექტემბრიდან დაიწყო. სკოლის მიერ ისტორიის მასწავლებლის პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და, მის ცხოვრებაში ეს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, წარმატებით გაიარა.გიორგის ახლა სკოლაში 14 საათი აქვს და ისტორიას მე–5, მე–6, მე–7, მე–10 და მე–11 კლასებს ასწავლის.ამბობს, რომ მასწავლებლის ამპლუაში პირველ გაკვეთილზე შესვლის წინ ნერვიულობდა, თუმცა კლასში შესვლისთანავე ყველა კომპლექსი მოიხსნა და ცხოვრების ახალ ეტაპზე პირველი ნაბიჯები წარმატებით გაიარა. „მასწავლებლობა ძალიან დიდი და საპასუხისმგებლო საქმეა. ბავშვთან თავს არ უნდა გრძნობდე შებოჭილად და მორიდებულად. ასევე, ბავშვებიც მასწავლებელთან თავისუფლად უნდა იყვნენ. ერთმანეთის მიმართ უნდა ვიყოთ ლაღები და მეგობრულები, რათა ბავშვი დაინტერესდეს საგნით და სწავლის მოტივი ჰქონდეს“, –გვეუბნება გიორგი ქუქჩიშვილი.დიდ და საპასუხისმგებლო საქმეს რომ შესდგომოდა, ეს ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდში გადაწყვიტა, როდესაც დამამთავრებელ კლასში იყო და მომავალი პროფესია უნდა აერჩია. 2012 წელს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის სპეციალობით დაიწყო სწავლა, ბაკალავრის დასრულების შემდეგ იგივე სპეციალობით, იგივე უნივერსიტეტში მაგისტრატურაც დაამთავრა. ისტორია იმიტომ აირჩია, რომ ჯერ კიდევ ბავშვობიდან იტაცებდა ჰუმანიტარული საგნები და არც ისტორიის თუ გეოგრაფიის სწავლაც არ გასჭირვებია. მასწავლებელი რომ გამხდარიყო, ამის სტიმული მამამ და დამაც მისცეს, რომლებიც, ასევე, პედაგოგები არიან.„ვფიქრობ, რომ მიზანდასახული ვარ და მსურდა, ჩემი სოფლისა და ქვეყნის ისტორია უფრო კარგად მესწავლა და მომავალი თაობისათვის მიმეცა ჯანსაღი განათლება ისტორიის სფეროში“, – ამბობს გიორგი.25 წლის პედაგოგის შეფასებით, იყოს მასწავლებელი, მისთვის ყველაზე მთავარი გამოწვევაა. გიორგი გეგმავს, რომ ბავშვებთან თავისი მეთოდებით იმუშაოს. ამისთვის კლასის გარეშე სხვა აქტივობებს დაგეგმავს და ისტორიულ ძეგლებზე გასვლით გაკვეთილებს მოაწყობს. „ბავშვისთვისაც საინტერესო იქნება მრავალფეროვანი გაკვეთილების ჩატარება. ეს უნდა მოხდეს ძეგლზე დაკვირვებით, ასევე – სხვადასხვა მუზეუმებში, სადაც, რა თქმა უნდა, მრავალფეროვანი შესაძლებლობა იქნება. ასე უფრო კარგად აღიქვამს ბავშვი ყევლაფერს და გააქტიურდება,“ – გვეუბნება გიორგი ქუქჩიშვილი.სკოლაში სწავლებასთან ერთად, ახალგაზრდა პედაგოგს თავის სამომავლო გეგმებიც აქვს – პროფესიული უნარ–ჩვევების გასაღმავებლად, სურს, მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდები ჩააბაროს; ასევე – სწავლა გააგრძელოს დოქტურანტურაში.ხუთ ოქტომბერს მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. პროფესიულ დღეს, გიორგი ქუქჩიშვილი, როგორც მასწავლებლი, პირველად ხვდება. ეს დღე მისთვის, ისევე როგორც სხვა მასწავლებლებისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი გახდა.მასწავლებელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. ამ დღის დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის. მასწავლებელთა საერთაშორისო დღის დაწესება მიზნად მასწავლებლების მხარდაჭერას ისახავს. 5 ოქტომბერს პედაგოგები პროფესიულ დღესასწაულს ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ზეიმობენ. [ლუბა გიორგაძე, ასპინძა]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია