შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"სალომე ზურაბიშვილის შემოხაზვის შემდეგ, მისივე გვარის გასწვრივ თავიანთი გვარის პირველი ასო დააფიქსირონ"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 21 ნოემბერი 2018

ზოგიერთ რაიონში პედაგოგები და მერიის თანამშრომლები მკაცრად გააფრთხილეს, რომ იმ შემთხვევაში თუ არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილს არ მისცემენ ხმას, სამსახურს დაკარგავენ- ამის შესახებ ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების" შუალედურ ანგარიშში, რომელიც არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, ორგანიზაციამ დღეს გამოაქვეყნა

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში მასწავლებლებს მერის წარმომადგენელმა მისცა დავალება, რომ არჩევნების დღეს სალომე ზურაბიშვილის შემოხაზვის შემდეგ, მისივე გვარის გასწვრივ თავიანთი გვარის პირველი ასო უნდა დააფიქსირონ.

ამასთან, ორგანიზაციის დამკვირვებლების ინფორმაციით, ბორჯომში, საბავშვო ბაღში დასაქმებულებს დავალებული აქვთ მეორე ტურში არჩევნებში მისვლა და "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება. ხოლო ახალციხეში, ვალეს საბავშვო ბაღის პედაგოგები ამბობენ, რომ მათ სამსახურებიდან გათავისუფლების ბრძანებებზე მოაწერინეს ხელი და არჩევნებზე 48-ის შემოხაზვა დაავალეს. რაც შეეხება ქარელის ფაქტს, ორგანიზაციის ინფორმაციით, ქარელში ბაღის პედაგოგებს ხელფასის გაზრდის სანაცვლოდ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა მოსთხოვეს.

რაც შეეხება მერიას, "სამართლიანი არჩევნების" ცნობით, საგარეჯოს მერის წარმომადგენლებს და მერიის სამსახურების უფროსებს უკვე დაწერილი აქვთ განცხადებები სამსახურიდან წასვლის თაობაზე, კონკრეტული თარიღის მითითების გარეშე და მათ უთხრეს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი ვერ გაიმარჯვებს, ისინი სამსახურებიდან გათავისუფლდებიან.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია