შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘ამით ‘სუსი’ უნდა დაინტერესდეს’- ომბუდსმენი ახალციხეში პრორუსულ ორგანიზაციებზე

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 ოქტომბერი 2019
წელს ახალციხეში დაფუძნდა ორი ორგანიზაცია, რომელთა დამფუძნებლები რუსეთისადმი მეგობრულ დამოკიდებულებას ღიად გამოხატავენ და მთავარ მიზნად რუსულ-ქართული ურთიერთობების აღდგენას ასახელებენ. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამ ორგანიზაციების საქმიანობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა დაინტერესდეს. „რუსული პროპაგანდა პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებსა და ადამიანის უფლებებს და დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას“, - ამბობს ნინო ლომჯარია „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარში. როგორ ვებრძოლოთ რუსულ პროპაგანდას - ერთ-ერთი ეფექტური იარაღი, ომბუდსმენის აზრით, ძლიერი ადგილობრივი მედიაა.“არსებული ინფორმაციის წყაროები ვერ უზრუნველყოფენ ეთნიკური უმცირესობებისთვის ინფორმაციის მათთვის სასურველ ენაზე მიწოდებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამები ამ მიმართულებით კი არაეფექტურია და ვერ აღწევს სასურველ მიზანს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ სტრატეგიულად მნიშვნელოვნად მიიჩნიოს ამ რეგიონში სომხურენოვანი მოსახლეობის ქართული საინფორმაციო წყაროებით სარგებლობა.“ ომბუდსმენი სახელმწიფოს მხრიდან საგანმანათლებლო აქტივობებისა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის აუცილებლობაზეც საუბრობს. „ვფიქრობ რომ რუსულ პროპაგანდას სახელმწიფომ უნდა დაუპირისპიროს საგანმანათლებლო აქტივობები, რაც სამწუხაროდ არ ხდება, ან არ არის ეფექტური. ეს ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივაზეა მხოლოდ დამოკიდებული, ამიტომ ეს არის საყურადღებო.ასევე მნიშვნელოვანია რომ გააქტიურდეს საზოგადოებასთან კომუნიკაცია, სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება და მეტი საუბარი ქართულ, ევროპულ ღირებულებებზე, თუ რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაცია.ამ საკითხებს ხელისუფლებამ უნდა შეხედოს როგორც უფრო ფართო სურათს და მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს“, - ამბობს ნინო ლომჯარია.წელს, ზაფხულში, ახალციხეში, ორგანიზაცია „მეგობრობა და ერთობა“ დაფუძნდა, 20 ოქტომბერს კი კიდევ ერთი მსგავსი ორგანიზაციის, „სახალხო დიპლომატია საზღვრების გარეშე“, პრეზენტაცია გაიმართა. ორივე ღონისძიებას „რუსი და ქართველი ხალხების ერთიანობის ფონდის“ პრეზიდენტი, პუტინთან დაახლოებული ვლადიმერ ხომერიკი ესწრებოდა.[რობი ზარიძე, ახალციხე ]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია