შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კურორტ აბასთუმნიდან მოშორებით, ტუბსაავადმყოფოს გადატანას პაციენტების ნაწილი ეწინააღმდეგება. მათი თქმით, სადაც ახალ საავადმყოფოს აშენებენ, იქ წიწვოვანი ხეები არაა და ამიტომ ჰაერს სამკურნალო თვისებებიც არ ექნება.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 21 ნოემბერი 2018
აბასთუმანში, ფილტვით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრი კურორტიდან სამი კილომეტრის მოშორებით შენდება. შენობას ერთ მხარეს კლდე, მეორე მხარეს კი ბუჩქნარი აკრავს. ამჟამად აბასთუმანში მოქმედი ტუბსაავადმყოფო კი წიწვოვან ტყეშია. „იმ წიწვოვან ტყეში ვინც გააკეთა ტუბი, გიჟი იყო?! როგორ უნდა იმკურნალონ ხრიოკ ადგილზე ავადმყოფებმა, ჰაერი ხომ სჭირდებათ?! მეც ვმკურნალობდი აბასთუმნის ტუბში და ვიცი, რომ პაციენტებს გარეთ გამოსვლა და ჰაერის ჩასუნთქვა სჭირდებათ. აბასთუმნის მთავარი ხიბლი ფილტვით დაავადებულებისთვის ხომ ეს არის?“ – ამბობს ადგილობრივი ეთერ აშორთია, რომელიც აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოში წლების განმავლობაში მკურნალობდა. მის პოზიციას იზიარებს ტუბსაავადმყოფოს პაციენტების უმრავლესობა. „მე აბასთუმანში ჰაერი მინდა, თორემ წამლით თბილისშიც ვიმკურნალებდი და აქ აღარ ჩამოვიდოდი. უკეთეი იქნება თუ საავადმყოფოს წიწვოვან ხეებში დატოვებენ“, – გვითხრა მამუკა გვიმრაძემ, რომელიც ხარაგაულიდანაა და მეოთხე წელია აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოში მკურნალობს. აბასთუმანში რომ ჰაერის გამო მკურნალობენ, ამაზე ტუბსაავადმყოფოს სხვა პაციენტებიც საუბრობენ: „აქ წიწვოვანი ტყეა, იქ კიდევ, სადაც ახალ საავადმყოფოს აშენებენ ხეები არაა. ჩვენ გვირჩევნია, რომ სამკურნალოდ აქ დავრჩეთ. არ ვიცით ტუბის მოშორებით გადატანა რატომ გადაწყვიტეს“. „ბიძინა ივანიშვილმა თვითონ ჩამოიყვანა ლაბორატორია და ჰაერი შეამოწმებინა. ამბობენ ერთნაირი არისო, როგორც აქ ტუბთან, ისე მშენებარე საავადმყოფოსთანო. ამიტომაც გადაწყვეტილა რეაბილიტაციის ცენტრის მშენებლობა კურორტისგან მოშორებით. პირადად ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სად იქნება ტუბი“, – ამბობს აბასთუმანში მცხოვრები ნუგზარ ხოსიტაშვილი. აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოში აცხადებენ, რომ კურორტზე ჰაერი ყველგან ერთნაირია და სად იქნება სარეაბილიტაციო ცენტრი მნიშვნელობა არ აქვს: „მთავარი მკურნალობის თანამედროვე ტექნოლოგიებია. ამას პაციენტები ახალ საავამდყოფოში იგრძნობენ, რადგან იქ ყველაფერი უახლესი სტანდარტებით მოწყობილი იქნება“, – ამბობს ტუბსაავადმყოფოს დირექტორი რევაზ ჟღენტი. აბასთუმანში ტუბსაავადმყოფო სად იქნება, ამას რომ მნიშვნელობა არ აქვს, რეგიონში სხვა საავადმყოფოებში დასაქმებული ფიზიატრებიც საუბრობენ: „იქ სადაც საავადმყოფო შენდება, წიწვოვანი ხეები თუ არ დგას, ბევრს არაფერს ნიშნავს. ქარი დაუბერავს და მიწვდება ჰაერი, თან თუ რამდენიმე წიწვოვან ხესაც დარგავენ საავადმყოფოსთან, მთლად უკეთესი იქნება, თუმცა ჩემი აზრით ის უფრო მნიშვნელოვანია, რომ შენობა იყოს უფრო ადაფტირებული და თანამედროვე“, – ამბობს ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექიმი ქეთევან ჯინჭველაძე. მის პოზიციას იზიარებს ფიზიატრი ნანა მურჯიკნელი, რომელიც ბორჯომის საავადმყოფოში მუშაობს: „აბასთუმანი ისეთი დახურული ზონაა, რომ სად იქნება შენობა დიდი მნიშვნელობა არ აქვს. პირიქით მანდ ძველი შენობა ისეთი ამორტიზებულია, პაციენტების დროულად გაყვანაა საჭირო“. ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, კურორტზე ტუბსაავადმყოფოს შენობა ძველი და მორტიზებულია, ამიტომ ის პაციენტებისთვის საფრთხის შემცველია: „ტუბერკულოზის ბაქტერიებს შეუძლიათ სპორის სახით წლების განმავლობაში იარსებონ შენობის ნაპრალებში, იატაკში და იმ მტვერში, რომელიც იქ არის. ცალსახა შეფასება იყო, რომ ამ შენობის რეაბილიტაცია შეუძლებელია და უფრო მეტიც მისი დემონტაჟიც კი გარკვეულ სპეციალურ ტექნოლოგიებს მოითხოვს“.აბასთუმანში, ფილტვით დაავადებულთა ცენტრის მშენებლობა ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ოქტომბერში დაიწყო და 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება. შენობა 100 საწოლზე იქნება გათვლილი და აქ ფილტვზე სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტები იმკურნალებენ.კურორტიდან მოშორებით ტუბსაავადმოფოს გადატანა მას შემდეგ გადაწყდა, რაც აქ დასასვენებლად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა. ივანიშვილის აბასთუმანში სახლს და ხუთვარსკვლავიან სასტუმროს აშენებს. მისი სტუმრობის შემდეგ ფონდმა „ქართუმ“ კურორტზე სულ ექვსი ობიექტის მშენებლობა დაიწყო. [ლუბა გიორგაძე, ადიგენი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
სამართალი
საზოგადოება