შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ამ ხელისუფლებამ ჩვენი ყველაზე წმინდა ინსტიტუტის შერყვნაც მოახერხა" - "გურიის მოამბის" ქუჩის გამოკითხვა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=42270 
 02 ნოემბერი 2019

რას ფიქრობენ გურულები ეკლესიაში განვიტარებულ მოვლენებზე - 

"მეშინია" "იმედგაცრუებული ვარ" "ეს კატასტროფაა" "არ ველოდი" "უბედურებაა" "დეპრესიაში ვართ" - ყველაზე მეტად ამ სიტყვებს გაიგონებთ გურიის ქუჩებში თუ გადაწყვეტთ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის ბოლო სხდომის შემდეგ დაგროვებულ შთაბეჭდილებებზე გამოკითხვის ჩასატარებლად გახვიდე.

მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობა შოკირებულია იმ ბრალდებებით რაც ბოლო დღეებია მართლმადიდებლური ეკლესიის მაღალი იერარქიის წარმომადგენლებისაგან ერთმანეთისა და ხელისუფლების უმაღლესი პირების მისამართით ისმის.

მდგომარეობის სირთულე იმაშიც მდგომარეობს, რომ სინოდის ბოლო სხდომაზე მოხდა ეკლესიისათვის უპრეცედენტო - ერთერთი ეპისკოპოსის განკვეთა, ისე რომ მას საერთოდ არ მოუსმინეს და ამას რომ თავი დავანებოთ, წმინდა სინოდს საერთოდ არ უმსჯელია მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილებაზე, მის აღიარება არ აღიარებაზე -  საუბარია მსოფლიო საპატრიარქოს მიერ უკრაინისათვის ავტოკეფალიის მინიჭებაზე.

საქართველოს მოსახლეობა ხვდება რომ ეს იმიტომ მოხდა რადგან ქართულ ეკლესიაში რუსული ეკლესიის დიდი გავლენაა რაც მორწმუნეებს არანაკლებად აღელვებთ.

ასევე სინოდს არ უმსჯელია ყოფილი ქორეპისკოპოსის ბოდბის ეპარქიის წინამძღვრის, მეუფე იაკობის განცხადებაზე, რომელმაც სხდომამდე ორი დღით ადრე პრემიერი გახარია და შსს მინისტრი გომელაური, ასევე ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორის მოკვდინების მცდელობაში დაადანაშაულა.

მიზეზი მეუფემ მოინანია და შენდობა ითხოვაო. თუმცა რა მოინანია მეუფემ, ის რომ თქვა, ის რომ ხელისუფლება ამხილა პატრიარქზე თავდასხმაში თუ ის რომ მოიტყუა ... ამაზე არაფერი თქმულა.

სწორედ ეს აშფოთებს ქართულ საზოგადოებას იმაზე მეტად ვიდრე ის თუ რა უწოდა პატრიარქს მეუფე პეტრემ და რა უპასუხეს მას საპატრიარქოდან.

საზოგადოებას აინტერესებს ხომ არ მოხდა ისევ გარიგება ხელისუფლებასა და ეკლესიის ხელმძღვანელობას შორის და ქართული ეკლესია კვლავ ხომ არ იქნება პარტნიორი კრიმინალურ სამყაროსთან ერთად მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე "ქართული ოცნების", რომელიც მზადაა ყველა რესურსი გამოიყენოს ხელისუფლების შესანარჩუნებლად.

რას ფიქრობენ გურულები ამაზე, ამას ჩვენი გამოკითხვიდან შეიტყობთ:

ენვერ ებრალიძე - ის განცდა მაქვს, რომ ვერ ვხვდები რა ხდება ქვეყანაში. ეკლესია ერთადერთი ადგილია, სადაც სულიერ სიმშვიდეს ვპოულობთ,  რისი იმედიც გვაქვს  და რისითაც ვარსებობთ. მიუხედავად  ჩემი ასაკის ადამიანისა, რომელი დროიდანაც  მე  მოვდივარ, მაინც მაქვს  რწმენა  და ვისიც  მე მჯერა ეს ჩვენი უწმინდესობა  პატრიარქია. მის წინააღმდეგ აგორებულ  ამ ბინძურ ტალღას რა შეფასება უნდა მივცე-- ეს ვიგინდარები არ უნდა არსებობდეს (ღმერთმა მაპატიოს , არ უნდა ვამბობდე მარა)  ესეთი ადამიანები.  მე აზრი არ შემცვლია სარწმუნოებაზე, რადგან 1,2 და სამი მოღალატე ყველგანაა. ჩვენ ჩვენი ეკლესიის დიდი იმედი გვაქვს, მიუხედავად ჩვენი დღევანდელი ყოფისა.

მ.ა. - როგორ შეიძლება პატრიარქზე რაიმე უარყოფითი თქვა.  მე მართლმადიდებელი ვარ.  ეკლესიური არ ვარ, მაგრამ  მორწმუნე ვარ. აზრი ნამდვილად არ შემიცვლია. მანდ არის შიდა ინტრიგა.

მამია გობაძე - ამდენი პარლამენტარია, ამდენი  მთავრობის წარმომადგენელია  და არ ებმება თავი მაინც არაფერს. ძალიან სავალაო მდგომარეობაა. არ უნდა ხდებოდეს მასეთი ამბავი ეპარქიაში. უარყოფითად ვაფასებ ამას. ადამიანმა რაც  მისი არაა არ უნდა მიიკუთვნოს, ეს დანაშაულია. სიხარბეა ეს  საქციელი, თანამდებობაზე ბრძოლაა.

ნიაზ გოგოტიშვილი - მაგ სისტემაში მასეთი რამე არ უნდა ხდებოდეს. ილია მეორე  ცოდუაა ამ სიტუაციაში, სახელი გაუფუჭეს.  რასაც ტელევიზია უჩვენებს, ამდენ ქურდულ საქციელს, ამდენ ქონების მიტაცებას, არ ჯობს რამდენი პროცენტი ადამიანი  მშიერი კვდება, იგენს დაეხმარონ. ამდენი  ქონების  დაგროვება რათ უნდათ. აქ ვიღაცა ურევია. მიშა სააკაშვილის ხელი არ ურევია ნამდვილად, ის მაგას არ იზამს. იმიტომ რომ იმის დროს უფრო დაწყნარებული იყო ქვეყანა. მე მყავს ღმერთი და ვიფიცებ მას.

ლელა ღლონტი - მე მგონი მეორედ მოსვლის ხანა იწყება. წარმოდგენა ეკლესიაზე არ შემცვლია. ამ მოვლენას ვაფასებ უარყოფითად, რადგან ყველას ჯიპები ყავს და ხალხისთვის არავინ არაა.

რეზო ტუღუში - ძაან ცუდი მდგომარეობაა. ასე დაპირისპირება სახელმწიფოს და ეკლესიას  შორის მე არამგონია სწორი იყოს. ალბათ,წინაასარჩევნოდ ქულებს იწერენ. ბოლო სამი ოთხი  წლის განმავლობაში  შემეცვალა მე ეკლესიის მიმართ  აზრი. რა თქმაუნდა შემერყა რწმენა. ყველა ადამიანი ინდივიდია და ეკლესიამ თავისი ფუნქცია არ უნდა დაკარგოს. სახელმწიფო ამ დონეზე არ უნდა ერეოდეს. ეკლესია არის დამოუკიდებელი და ეკლესიამ შეინარჩუნა საქართველოს დამოუკიდებლობა.

გივი - არ ვიცი, არ ვიცი, ვერ ავხსნი მაგას.  ალბათ, საზიზღარი მოვლენა იყო. რწმენა  არ შემცვლია ღმერთმა დამიფაროს. ჩემი აზრით, ალბათ ჩაერია   ხელისუფლება ამ ამბებში, თორემ  ეს ესე არ მოხდებოდა.

ბესიკ მახარაძე - არააა სახარბიელო  მდგომარეობა, ჯერ ჩვენი საპატრიარქოსთვის და მერე ქვეყნისთვის. ძაან წამგებიანია,  რასაც აკეთებენ არ უნდა კეთდებოდეს. ჩვენი პატრიარქი  მაგის ღირსი არაა, რომ მასეთი რაღაცა ხდებოდეს. ღმერთმა ნუ ქნას რომ რაიმე ცუდი დატრიალდეს.  ყველა ჩასაფრებულია. ღმერთო დიდხანს გვიმყოფე ჩვენი პატრიარქი და  მისი ტახტი უნდათ ალბათ. ღმერთმა დაგვიცვას.  ყველაფერი დასაშვებია და ყველაფერი შეიძლება.

რეზო - ეს ქართველი ადამიანისთვის და ქართველი კაცისთვის წარმოუდგენელი იყო. ჩემი აზრით,  ეს პოლიტიკური თემაა.   პოლიტიკა დღეს ყველაგანაა. ისე არ ხდება  არაფერი დღეს  ჩვენს ქვეყანაში..

შორენა ცეცხლაძე - რაც ხდება იმით ძაან შეწუხებული ვარ. მითუმეტეს პატრიარქს შეეხენ და ეს  ძაან მტკივნეულია ჩემთვის. წარმოდგენა სარწმუნოებაზე არ შემიცვლია, რადგან საწრმუნოება  სულ სხვა და სამღვდელოება კიდე სხვაა ჩემთვის.  ჩემი აზრით, აქ ჩარევა იყო  პოლიტიკური კუთხით. იმიტომ, რომ ყველაფერს აქვს საფუძველი და მის გარეშე არაფერი არ ხდება.  მე ვფიქრობ, რომ გარე ძალები არ არის დაინტერესუბული ამ ყველაფრით,  ეს უფრო შიგნით  ხდება იმ ადამიანებში, ვისაც არა აქვს რწმენა,   არა აქვთ გააზრებული რა წოდება აქვთ მათ, მაგრამ ყავთ კედელი.  მერყევი ადამიანები საპატრიარქოში ძალიან ცუდია. მე ვიცი, რომ  მართლმადიდებელი ვარ და თუ მაღალი იერარქიის პირს  რაიმე შეეშალა,  ეს არ იმოქმედებს  ჩემზე  რწმენის შეცვლაზე.

მარინა  სუნგულია - პირველ რიგში გამიჩნდა სურვილი რუის-ურბნისის კრება განმეორდეს, რაც დავით აღმაშენებლის დროს იყო. მაგრამ, სამწუხაროდ, დავით აღმაშენებელი არ გვყავს. სინოდის სხდომის მერე დამეუფლა ის გრძნობა, რომ ესენი არიან დიდი მაფიოზები.  რაღაც დიდ კომერციულ კლანებში არიან ჩართულები და სიმართლის გაგონება არ უნდათ.ძალიან ბევრი კითხვითი ნიშანია. მე ამ წუთას არ ვეხები პატრიარქს. პატრიარქი  მგონია, რომ არის რომელიღაცა ერთ- ერთი კლანის ტყვეობაში. ჩემთვის პატრიარქი რჩება უწმინდესად და უნეტარესად. დანარჩენი მამა პეტრეს გარდა, მივიხედოთ და მოვიხედოთ ჩვენს ახლობლად რომ მეუფეებია რას სჩადიან. ხომ არა ეს უცხო ხომ ვიცით რას აკეთებენ - ფულის შოვნა, კაი ცხოვრება, კაი მანქანები, კაი გრიალები.  ეს არ არის სამღვდელო ცხოვრება. მე რომ მივდივარ ეკლესიაში და მასწავლის, რომ მატერიალურ ღირებულებას ფასი არა  აქვს და ისე იცხოვრეო  და  რასაც იშოვი ყველაზე მეტი ეკლესიაში მოიტანეო, შენ რა წესს მანახებ?  როგორ ცხოვრობ? რომ ვეღარ  ძღება ფუფუნებით, სამკაულით, მიწებით, ქონებით და ვიღაცას ეუბნებიან თუ არ დამითმობ ამ ქონებას, დაგწყევლი იცოდეო. ეს რომ მესმის და ეს ფაქტები რომ ხდება მეუფეებსა და სინოდის წევრებს შორის როგორ ვენდო?!  მე არ ვამბობ რომ მამა პეტრეს რაღაც არ შეეშალა, მაგრამ მე როგორც გარედან მომზირალი ადამიანი, ყველა ფაქტს მივყავარ  იქამდე,  რომ მამა პეტრეს მხარეს დავრჩე და რატომ?  რატომ არ მისცა სინოდმა იმის საშუალება მამა პეტრეს, რომ რისი თქმაც უნდოდა ეთქვა ბოლომდე და დაემტკიცებინა. ანუ არ უნდოდათ ეს ფაქტი დაემტკიცებინა. ამას კიდევ ემატება მამალაძის ფაქტი. კაცს რომელსაც ვერ უმტკიცებენ დანაშაულს და გამოკეტილი ყავთ. სიკვდილმისჯილს აძლევენ   აღსარების და ზიარების უფლებას და  ამხელა დამსახურებულ კაცს რა დანაშაულიც არ უნდა ჩაედინა, რომ წაართვეს აღსარების და ზიარების  უფლება,  ეჭვი მიჩნდება, რომ ისეთ ფაქტებს ფლობდა, ალბათ, რომ ამ გაქსუებულ  და   გასუქებულ  მეუფეებს არ უნდოდათ იმის გამომჟღავნება. არცერთს არ უფიქირია ჩვენს სულიერებაზე.  ჩვენს სულიერებაზე ერთი დღე მაინც,  რომ ეფიქრათ მამალაძესაც ბოლომდე გაახსნევინებდნენ სიმართლეს   და მამა პეტრესაც და მოსაკვეთს მოიკვეთდნენ. მე ეჭვიც მიჩნდება, რომ მართლა აქვთ რაღაც ვიდეოები. შევარდნაძის დროს  საპატრიარქოში  გარკვეული მოკრძალებები არსებობდა და არც გამოსულა ხმა, რომ   ვინმე აწვებოდა პოლიტიკაში ჩაფლულიყვნენ. მართლმადიდებელი ეკლესია უნდა იყოს დამოუკიდებელი. არავითარ  შემთხვევაში სახელმწიფო და პოლიტიკა არ უნდა ჩაერიოს ეკლესიაში და ეკლესია არ უნდა ჩაერიოს პოლიტიკაში. რადგან, პოლიტიკა იცვლება და უხეშად ვიტყვი, რომ  ის   არის ბინძური  და ეს კი, არის მარადიული და ჩვენი ზნეობა. ამიტომ, ამათი აღრევა თუ მოხდება დაიწყება ერის გახრწნაო, ეს ჯერ კიდევ 20 წლის წინ, რომ ვიყავი რესპუბლიკურ პარტიაში,  მაშინ ქონდა პარტიას ეს წესდებაში და მოხდა კიდეც, დაიწყო გახრწნა ერის.  არ  მჯერა სინოდში ვინც დარჩა იმათი ერთი სიტყვის.  იმიტომ,  რომ არ ათქმევინებენ  ადამიანს ბოლომდე სათქმელს. ესე იგი რაღაცა დამალულია. რატომ მიტოვებს კითხვის ნიშანს?   მე როგორ ვენდო  ამის მერე.  მე შორს ვარ იმ აზრიდან, რომ მამაოს კარგი სახლი უნდა არ ჰქონდეს, თბილი ფეხსაცმელი არ უნდა ჰქონდეს და მანქანაც არ უნდა ჰყავდეს, მაგრამ „ა  კლასის“ და „ლექსუსების“ მარკის  არა, არც  სასახლეები არ უნდა ჰქონდეს. უნდა იყოს დაკმაყოფილებული რომ იმას ფიზიკურ  მდგომარეობაზე  არ ჰქონდეს საფიქრალი, რომ ჩემთვის მოიცალოს და  სულიერად დამაკმაყოფილოს.  ვერ ძღებოდეს ვერც ქონებით  და ვერაფრით ასეთს ჩემთვის აღარ სცალია. მას აქვს ურთიერთობა მაფიოზებთან.  ვინც მეტს ჩაუდებს ტორში, ის არის მისი მრევლი და  ის არის მისი ყველაფერი. აქ ერთი ძალა მარტო არ არის. ამ ხელისუფლებამ ქურდული სამყარო და  ეკლესია პოლიტიკურ კიკუებად აქცია.  დაანახებს თუმნიანს  და მზად არიან ყველაფრისათვის შავი სამყარო და ეკლესიის მსახურები. ღმერთმა დამიფაროს, რომ  ყველა მსახურზე მაგას ვფიქრობდე. იმდენს ვიცნობ წესიერს და პატიოსანს. ღმერთმა  გვაშოროს ესეთი, მაგრამ ვინც კი მაღალ ლეგალიებზე იმყოფება 90%-ი პოლიტიკური კიკუა.  ჩემთვის,  ესენი  რომლებმაც  ასე ბინძურად წამოყო თავი  და შავი სამყარო,  ერთნაირად არიან პოლიტიკურად გაბინძურებული, თუმნიანზე გაყიდული კიკუები. მათ მოჭრეს ის ტოტი რომელზეც ისხდნენ. ეხლანდელ ხელისუფლებაში გამოიხატა ის, რომ არცერთი ავტორიტეტული ინსტიტუტი არ უნდათ. ეკლესია ყველაზე მეტად ინარჩუნებდა ავტორიტეტს. მე ახლა სახელმწიფოს მოშლის საშიშროებას უფრო ვხედავ ვიდრე მიშას დროს. მაშინ სახელმწიფო ინსტიტუტები ყალიბდებოდა და ახლა ჩამოშლის პირასაა. ვერცერთმა პოლიტიკურმა მმართველობამ ვერ შეძლო ჩვენი ყველაზე წმინდა ინსტიტუტის შერყვნა, ამათმა მოახერხეს. ერთი კაცი მართავს ყველაფერს. ის უნდა, ეს უნდა და ასე.  "ცახეს ცინობერს"...

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია