შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ერთადერთი გზა რომ ივანიშვილმა იცოდეს თავისი ადგილი ქართულ რეალობაში"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 ნოემბერი 2018

არჩევნების მეორე ტურის მოახლოების მიუხედავად, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული თუ რომელი კანდიდატის სასარგებლოდ მისცემს ხმას, ან საერთოდ მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას და ეს  ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციების კვლევებიდანაც ჩანს. 

რას ნიშნავს არჩევნებისადმი გულგრილი დამოკიდებულება ახლა, როცა ქვეყანა მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დგას და რას მივიღებთ თუ პრეზიდენტი ივანიშვილის რჩეული გახდება, ამ და კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე ანალიზს სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული აქვეყნებს. 

"რამდენიმე დღე დარჩა მხოლოდ არჩევნების დასკვნით ეტაპამდე და კიდევ ერთხელ მსურს გამოვხატო ჩემი პოზიცია; განსაკუთრებით მსურს მივმართო ობიექტურ ნიჰილიზმში მყოფ გონიერ ახალგაზრდებს; იმ ადამიანებს, რომლებსაც ისევ არ სურთ არჩევნებზე წასვლა, რადგან მიაჩნიათ რომ ცუდსა და უარესს შორის უნდა გააკეთონ არჩევანი.
არ დავიწყებ შეუსაბამო უტრირებას და არ ვიტყვი იმას, რომ ამ არჩევნების შედეგზეა საქართველოს არსებობის გაგრძელება დამოკიდებული. ეგ არავინ იცის. 
მაგრამ, აბსოლუტურად ლოგიკურად და სრული რწმენით შემიძლია გითხრათ რომ ივანიშვილის აულაგმავი თავხედობა და უვიცობა მინიმუმ ორი თაობით დაამუხრუჭებს ქვეყნის განვითარებას და აქვს იმის პოტენცია რომ საქართველო პერმანენტულ ბანანის რესპუბლიკად აქციოს. ასეთი ქვეყნების არაერთი მაგალითი იცით თავადაც.
და ეს მოხდება მარტივი ბიოლოგიური მიზეზის გამო, რასაც ხელოვნური გადარჩევა ეწოდება და რასაც უკვე ერთხელ შეეწირა ჩვენი ქვეყანა გასული საუკუნის დასაწყისში.
ეროვნული ინტელექტის მნიშვნელოვანი ნაწილი დასტოვებს ქვეყანას და საბანანეთში ძირითადათ ჩარჩები, მლიქვნელები, მათი მომსახურე ტვინგაყინული ძალოვნები და უიმედოდ მიპრესილი ერთი მუჭა ინტელექტუალები დარჩებიან. 
დიახ, ჩვენ გვსურს უკეთესი პოლიტიკური ძალის ხილვა ასპარეზზე. და ეს ასეც მოხდება დაახლოებით ერთ დეკადაში, თუკი ქვეყანაში კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემო შეიქმნება და თავს დავაღწევთ ბელადომანიასა და რევოლუციებს. და პირველი ნაბიჯი ამ გზაზე არის გაქსუებული ოლიგარქისათვის ხელის შებრუნება. ეს არ არის გრიგოლ-სალომეს შორის არჩევანი; ეს არის სახალხო პროტესტის სიმბოლური გამოხატულება; ერთადერთი გზა რომ ივანიშვილმა იცოდეს თავისი ადგილი ქართულ რეალობაში. 
ნუ აჰყვებით ცინიკოს და მიზანთროპ ფსევდო-კუმირებს, რომლებიც საკუთარი პოლიტიკური იმპოტენციით გამოწვეულ სასოწარკვეთას თქვენზე ავრცელებენ და შეგნებული პასიური ნიჰილიზმისაკენ მოგიწოდებენ. წადით არჩევნებზე! თამამად დაუპირსპირდით "ქართულ ოცნებაში" კონცენტრირებულ პოლიტიკურ და სოციალურ ნაგავს, რომელსაც შეუძლია როგორც პირადად თქვენი, ასევე თქვენი სამშობლოს მომავალის გაყინვა და დეგრადაცია.
გთხოვთ გაიაზრეთ თქვენი სიჯიუტის ადამიანური და პოლიტიკური ფასი!
მე თქვენი გონიერების იმედი მაქვს"-წერს ზურაბ გურული.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია