შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში, მარდის დასახლებაში ამბობენ, რომ „ოცნების“ მხარდამჭერები ადგილობრივებს ეკითხებიან, თუ ვის აძლევენ ისინი მეორე ტურში ხმას და ის ვინც პოზიციას არ აფიქსირებს, სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან.

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 24 ნოემბერი 2018
„ქართული ოცნება“ ახალციხეში გამოკითხვას ატარებს იმის შესახებ, თუ ვის უჭერენ ადგილობრივები მხარს. 23 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში, პარტიის მხარდამჭერებმა გამოკითხვა მარდის დასახლებაში ჩაატარეს. „სამი ქალი მოვიდა, მათ შორის ერთ–ერთი, მაჟორიტარის ბიუროში დასაქმებული ნაირა სამსონიძის დედა იყო. სალომე ზურაბიშვილის სარეკლამო ჟურნალი მომცა და მკითხა, ვის აძლევ ხმასო. ვუთხარი, რომ არჩევანს უბანზე გავაკეთებ და ღიად ამაზე საუბარი არ მინდა. მერე მკითხა, ის მაინც გვითხარი შენი ქმარი ვის აძლევს ხმასო. არც ამაზე ვუპასუხე და დამემუქრა, ვიცი სადაც მუშაობთ შენ და შენი ქმარი, დავიმახსოვრებ ამასო“, – გვიყვება მარდაში ერთ–ერთი მცხოვრები, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სრუს – "ხელისუფლების სათავეში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ ერთი სამსახური უკვე დავკარგე. საბიუჯეტო ორგანიზაციაში ვმუშაობდი. აღარ მინდა, რომ ისევ ასე მოხდეს". მუქარაზე საუბრობენ, მის მეზობლად მცხოვრებლებიც: „ჩვენთანც იყვნენ, გვითხარით ვის აძლევთ ხმას, თორემ დაგიმახსოვრებთო. მე ვუთხარი, მაგრამ ვიღაცეებმა არ უთხრეს“. პარლამენტში ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი კოპაძის ბიუროს წარმომადგენელი ნაირა სამსონიძე ამბობს, რომ „დედას ნეკნი აქვს გატეხილი და ერთი კვირაა ცუდადაა“. შეკითხვაზე, იყო თუ არა იგი გუშინ მარდის დასახლებაში გამოკითხვაზე გვიპასუხა, რომ – არა: „დანარჩენი მისი საქმეა და მე ამაზე საუბარი არ მინდა. დედას თქვენ ვერ დაუკავშირდებით, რადგან მას მობილური ტელეფონი არ აქვს“. „ქართული ოცნების“ ახალციხის საოლქო ორგანიზაციის მდივანი გიორგი გვარამაძე ამბობს, რომ გამოკითხვას მათი წარმომადგენლები ნამდვილად აწარმოებენ, თუმცა, როდის რომელ უბანზე ვინ იყო მისული ამის შესახებ არ იცის. მიუხედავად ამისა დარწმუნებულია, რომ მათი წარმომადგენლების მხრიდან მუქარას ადგილი არ ექნებოდა: „მიდიან და ეკითხებიან ვის უჭერენ მხარს, ვისაც უნდა ამბობს და ვისაც უნდა არა. რომელ უბანზე ვინ იყო გასული, ეს არ ვიცი ნამდვილად“. საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ოთხ დღეში, 28 ნოემბერს გაიმართება. ამომრჩევლებმა არჩევანი ორ, „ოცნების“ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს შორის უნდა გააკეთონ. პირველ ტურაში ვაშაძემ ახალციხეში ზურაბიშვილს 35 უბნიდან რვა მოუგო. [თამუნა უჩიძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება