შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

“საქრძე” ევროპის მერძევეთა ასოციაციის წევრი გახდა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 ნოემბერი 2018

ევროპის მერძევეთა ასოციაციის (EDA) წარმომადგენლებმა საქართველოს რძის მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, რომელიც რძის მწარმოებელთა ასოციაცია “საქრძეს” ინიციატივით ჩატარდა, საქართველოში მერძევეობის მიმართულების განვითარების მნიშვნელობასა და პოტენციალზე ისაუბრეს.
ღონისძიების ფარგლებში რძის მწარმოებელთა ასოციაციამ და EDA-მ ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც „საქრძე” ევროკავშირის მერძევეთა ასოციაციის წევრი გახდა. შეხვედრას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მეწარმეები, დარგის სპეციალისტები, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და რძის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
,,საქრძეს“ გენერალური მენეჯერი განმარტავს, რომ ევროპის მერძევეთა ასოციაციის წევრობა საქართველოში დარგის განვითარებას, გაძლიერებას და არსებული პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას შეუწყობს ხელს.
კახაბერ კონიაშვილის თქმით, “საქრძე” სამომავლოდ ევროპული სტანდარტის ლაბორატორიის გახსნას გეგმავს, რომელიც ქვეყანაში რძისა და რძის პროდუქტების ხარისხს გააკონტროლებს.
,,ევროპის მერძევეთა ასოციაცია მძლავრი ორგანიზაციაა, რომლისგანაც მაგალითს სხვა ქვეყნების ბიზნეს ასოციაციები იღებენ. მნიშვნელოვანია ჩვენი მათთან ურთიერთობა იმ დროს, როდესაც რძესთან დაკავშირებით ქვეყანაში ამდენი პრობლემაა: კარგი და ხარისხიანი რძის დეფიციტია, ასევე ყველის შავი ბაზარია, სურსათს უვნებლობის და კონტროლის დიდი პრობლემაა და სხვა. აღნიშნული ასოციაციის დახმარებით შეგვიძლია მოწინავე ტექნოლოგიების დანეგვა და ცოდნის წამოღება, ეს ჩვენს სიტუაციაში მყოფ ქვეყანას ძალიან წაადგება. სამომავლოდ გვინდა შევქმნათ ლაბორატორია, რომელიც რძის პროდუქტების და რძის ხარისხს გააკონტროლებს ქვეყანაში. დღეისთვის ასეთი სპეციფიური ლაბორატორიების ნაკლებობა გვაქვს”, – ამბობს knews.ge-სთან საუბრისას კახაბერ კონიაშვილი.
ევროპის მერძევეთა ასოციაციის (EDA) გენერალური მდივანი აცხადებს, რომ საქართველოსთვის EDA-ს წევრობა მნიშვნელოვანია და ისინი მხარს დაუჭერენ ქვეყანაში რძის სექტორის განვითარებას. როგორც ალექსანდერ ანტონიმ აღნიშნა, რძის მწარმოებლებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ ამ მიმართულებით იმ ახალ ტექნოლოგიებს, რომლებსაც სხვა განვითარებულ ქვეყნებში მომუშავე რძის გადამამუშავებელი საწარმოები იყენებენ.
„მოხარულები ვართ, რომ საქართველოს მერძევეთა ასოციაცია გახდა ევროპის რძის მწარმოებელი ასოციაციის წევრი. ვულოცავ საქართველოს ამ ფაქტს. ეს კარგი იქნება რძის სექტორის განვითარებისთვის. ვფიქრობთ, საქართველოში მერძევეობის სექტორის განვითარება თვალშისაცემია, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქვეყანაში სექტორის განვითარებას და მზად ვარ თანამშრომლობისთვის“, – განუცხადა knews.ge-ს ალექსანდერ ანტონიმ.
რძის გადამამუშავებელი კომპანია ,,შირაქის“ დირექტორი ნიკოლოზ ბენიაიძე კი დარგში არსებულ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას.
მეწარმე მიიჩნევს, რომ ევროპის მერძევეთა ასოციაციის ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევას შეუწყობს ხელს და ამავე დროს პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენს დარგის განვითარებაზე.
,,ამ დარგში ძალიან ბევრი პრობლემაა, რადგან ამ მიმართულებით წლების განმავლობაში არ გაკეთებულა არაფერი. ახლა იწყება ძვრები, მაგრამ არ არის საკმარისი. საჭიროა აქტიური და მყიდიერი ნაბიჯების გადადგმა. 2020 წლისთვის უნდა აღსრულდეს კანონი, რომელიც მეტად გააკონტროლებს ბაზარზე არსებული რძის პროდუქტების ხარისხს, ამიტომ უნდა წვრილი გადამამუშაველები უნდა გამსხვილდეს. ამასთანავე მნიშვნელოვანია სრულიად გაკოტროლდეს ბაზარი, თუმცა არ კონტროლდება. ასევე პრობლემაა რძის ფხვნილის გამოყენების საკითხი და გვინდა ის ნედლი რძით ჩანაცვლდეს. ვისურებდით, რომ სახელმწიფოს მიდგომა იყოს ლოიალური და სხვადასხვა საკითხში დახმარება გაუწიონ ფერმერებს”, – აღნიშნა Knews.ge-სთან საუბრისას ნიკოლოზ ბენიაიძემ.

ავტორები: მაკა ხაზიური, ვასილ ბაბუაშვილი

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია