შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხის მერმა და სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა ადგილობრივებს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული ბინების თვითმმართველობისთვის გადმოცემისა და პრივატიზების შესახებ დაპირება ისე მისცეს, რომ ჯერ სამინისტროს ამ საკითხზე წერილობით თანხმობა არ გაუცია. იურისტები ამომრჩევლის არაპირდაპირ მოსყიდვაზე საუბრობენ.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 27 ნოემბერი 2018
ჯარში 22 წელი იმსახურა და ამდენივე წელია ოროთახიანი ბინის პრივატიზებას ელოდება, თუმცა უშედეგოდ. ამბობს, რომ ახლა მთავრობისგან დაპირება მიიღო, თუმცა მაინც ეჭვობს: „ოთხი დღის წინ, შაბათს ქალაქის მერი და გუბერნატორი იყვნენ მოსულები, გვითხრეს, მაქსიმუმ ერთ თვეში ბინის გაფორმებას შეძლებთო. ყველა არჩევნებზე ასე გვპირდებიან და მერე აღარაფერს აკეთებენ“ – ამბობს ე.წ ხუთსართულიანებში მცხოვრები შუახნის ქალი, რომელსაც ვინაობის გამჟღავნება არ სურს. ახალციხეში თავდაცვის სამინისტროს ბალანსზეა კოსტავას ქუჩაზე ე.წ. ხუთსართულაინების, ზარზმელის ქუჩაზე „თერთმეტბინიანების“ და რუსთაველის ქუჩზე მესაზღვრეების ყოფილი დასახლებები. აქ მცხოვრებლების ნაწილს ბინები პრივატიზებული აქვს, ნაწილს კი არა. იმისთვის, რომ ადგილობრივებმა იმ სახლების დასაკუთრება შეძლონ, სადაც ათეული წლებია ცხოვრობენ, შენობები თვითმმართველობის ბალანსზე უნდა გადავიდეს. ასევე, მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი მერიის მიერ აქ მდებარე კორპუსების ფასადების, სადარბაზოებისა და სახურავების შეკეთება–რეაბილიტაცია. „1992 წელს დაგვირიგდა ეს ბინები. მერე ვისაც ათი წელი ჰქონდა ნაცხოვრები აქ და ჯარშიც ასევე ათი წელი ჰქონდათ ნამუშევარი, უკანონებდნენ. მოგვიანებით ეს ყველაფერი გამკაცრდა და შეიცვალა. მიუხედავად ჩვენი არაერთი მცდელობისა, ეს საკითხი დადებითად მაინც ვერ გადაწყდა“, – გვიყვება ერთ–ერთი ადგილობრივი. ავარიული კორპუსების რეაბილიტაციასა და ბინების პრივატიზებას წლებია უშედეგოდ ელიან ზარზმელის ქუჩზე მცხოვრებლებიც. „მე კი მაქვს ბინა დაკანონებული, მაგრამ ჩემ მეზობლებს ვიცი ტყუილად დაპირდნენ, თან უთხრეს დეკემბრის ბოლომდე, იანვრის შუა რიცხვებამდე გაგიფორმებთო. არ მჯერა, ვინც მოდის ყველა თავის ჯიბეზე და სკამზე ფიქრობს. წინასაარჩევნო დაპირება ყველას გადასარევი აქვს, მერე არაფერს აკეთებენ. ზაზა მელიქიძე, მერად დანიშვნამდე რომ გვპირდებოდა, ამ დასახლებას რომც არ ამირჩიონ მე გავაკეთებო, გადაიღეთ ფოტოები და ნახეთ კორპუსში რა მდგომარეობა გვაქვს, წყალი ჩამოდის, კედლები დაზიანებულია, მაგრამ გააკეთა ვინმემ?!“ – კითხულობს ზარზმელის ქუჩაზე მცხოვრები კობა ჩაჩანიძე. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასა და სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ეს წინასაარჩევნო დაპირება არ არის. ამ საკითხის მოგვარებაზე თვითმმართველობა რამდენიმე თვეა მუშაობს და აქტიურადაა ჩართული მხარის გუბერნატორიც. „10 დღეზე მეტია გაგზავნილი გვაქვს წერილი. თავდაცვის სამინისტრომ გვითხრა, რომ აღნიშნული საკითხი დადებითად არის გადაწყვეტილი", – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის პრიველი მოდგილე გურამ მელიქიძე და ამატებს, რომ ამ საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით წერილი სამინისტროში მანამდეც არაერთხელ გაგზავნეს: „ბოლო წერილები აგვისტოსა და სექტემბერშიც გვაქვს გაგზავნილი“.ბინების გადმოცემის საკითხის მოგვარებას წინასაარჩევნო დაპირებასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური პასუხი ბინების თვითმმართველობის ბალანსზე გადმოსვლასთან დაკავშირებით ჯერ არ მიუღიათ, ისიც დარწმუნებულია, რომ საკითხი დადებითად გადაწყდება. „მესამე თვეა რაც გუბერნატორი ვარ. საარჩევნო პერიოდი დაემთხვა და ამის გამო ხომ არ გავჩერდებოდი?! მითხრეს, რომ ეს მნიშვნელოვანი პრობლემა იყო ქალაქში და ამიტომ ჩავერთე ამ საკითხის მოგვარების პროცესში. მაქვს უშუალოდ კომუნიკაცია თავდაცვის სამინისტროსთან. წერილი გაგზავნილი გვაქვს, პასუხს ველოდებით. შესაბამისი კომისია შეიქმება სამინისტროში და ის გასცემს ამ ნებართვას. ამაზე წინასწარ ზეპირი თანხმობა უკვე გვაქვს“, – ამბობს მხარის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი.თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლი ირაკლი გურგენიძე ამბობს, რომ ბოლო წერილი აღნიშნულ საკითხზე სამინისტროში გუშინ, 26 ნოემბერს მიიღეს: „შემოვიდა წერილი ქონების ეროვნული სააგანტოდან ახალციხის მერიის თხოვნით. სურთ, ამ შენობების ბალანსიდან მოხსნას შემდგომი პრივატიზებისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ წერილი გუშინ მოვიდა ჯერ ჩვენ პასუხი არ ვიცით, მომავალ კვირაში დაგვირეკეთ“.მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წერილი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისგან მიმდინარე წლის აგვისტოშიც მიიღეს: „მაშინ პასუხი ჯარების ლოჯისტიკური უზრუნვეყოფის სარდლობამ გასცა. მუნიციპალიტეტისგან მოვითხოვეთ შეეგროვებინათ დოკუმენტები და თავიდან მოემართათ იმისთვის, რომ შემდგომი პროცედურები გაგრძელებულიყო. რადგან ეს დოკუმენტები მოითხოვეს, ალბათ საკითხი დადებითად გადაწყდება, თუმცა ჯერ მერიიდან ამაზე პასუხი არ მიგვიღია“. „ახალგაზრდა იურისტთა ასოცაციის“ იურისტი ქეთი ბებიაშვილი ამბობს, რომ წერილობითი დასტურის გარეშე წინასაარჩევნოდ მსგავსი დაპირება არ უდნა გაეცათ: „ეს ირიბად ამომრჩევლის მოსყიდვაა და ადმინსიტრაციული რესურსის გამოყენებაა. აქ აუცილებლად უნდა იყოს წერილობითი თანხმობა“.ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტი მათი ფასადებისა და სახურავების რეაბილიტაციას მალე დაიწყებს: "სამხედრო დასახლებებში ბინების ფასადების და სახურავების შეცვლისთვის პროექტები უკვე მომზადებულია და უახლოეს დღეებში ტენდერი გამოცხადდება".[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება