შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ასოციაცია: ‘ვეტერანთა ოჯახებს სკოლის შენობიდან ალბათ თებერვლიდან გავიყვანთ’

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 დეკემბერი 2019
ახალციხეში, პეტრე იბერის N17-ში მდებარე შენობის რეაბილიტაცია თებერვალში უნდა დასრულდეს. ამავე თვიდან რეგიონული განვითარების ასოციაცია აქ ფერმერთა გადამზადების ცენტრის, აგრო ჰაბისა და ლაბორატორიის მოწყობას გეგმავს. თუმცა შენობაში შეჭრილი ოჯახები ალტერნატიულ ფართში ჯერ არ გადაუყვანიათ.„დარჩა შიდა სამუშაოები, ფაქტობრივად, თებერვალში უნდა დავასრულოთ. ხელშეკრულებით ასე გვაქვს გათვალისწინებული. პარალელურ რეჟიმში ოთხი პროგრამა აკრედიტაციაზე უნდა შევიტანოთ და ნელა-ნელა დავიწყებთ ფუნქციონირებას“, - ამბობს ასოციაციის ხელმძღვანელი ნანა ზუბაშვილი. რაც შეეხება შენობაში მცხოვრებ ვეტერანთა სამ ოჯახს, ზუბაშვილი ამბობს, რომ მათთვის ახალციხის მერიამ უკვე მოძებნა ფართი და თებერვლისთვის გადაყვანა მოხდება: „ჯერ-ჯეობით ფართის ადგილმდებარეობა დაზუსტებული არ არის, თუმცა რამდენიმე ვარიანტი არის ნაპოვნი და ამ ოჯახებს შევთავაზებთ ჩვენს მოსაზრებას. ეს არ არის ქალაქის ცენტრში, მაგრამ ისინი თანახმა არიან, რომ ახლომდებარე სოფლებში გადავიდნენ“. ახალციხის მერის, ზაზა მელიქიძის განმარტებით, ოჯახებისთვის რამდენიმე ალტერნატიული ფართი მოძებნეს, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული არ არის: „პირადად ჩემი, მერიისა და საკრებულოს პოზიცია ასეთია, რომ ჩვენ არცერთ შემთხვევაში ამ ადამიანებს ქუჩაში არ დავტოვებთ. იქნებიან იქ, სადაც არიან, ვიდრე ალტერნატიული ფართი არ ექნებათ. არის რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ როცა უკვე დეტალურად გადაწყდება გავასაჯაროვებთ’, - ამბობს ზაზა მელიქიძე.ამ დროისათვის, ყოფილ სკოლის შენობაში რეაბილიტაცია ჩაუტარდა იატაკს, შეიცვალა კედლები, გადაიხურა სახურავი, გამოიცვალა კარ-ფანჯარა, გაკეთდა შიდა გაყვანილობები. ასოციაციაში ამბობენ, რომ შენობაში რძისა და ხილ-ბოსტნეულის ლაბორატორია გაკეთდება, რომელიც სტანდარტთან შესაბამისობაში იქნება.„სრული ფუნქციონირებისთვის, საჭიროა ასევე ადმინისტრაცია, რომელიც მეორე შენობაში უნდა განთავსდეს, აქ დასაქმდება დაახლოებით 27 კაცი და მისი მოწყობა ვერ ხერხდება, რადგან აქ ცხოვრობენ“, - ამბობს ნანა ზუბაშვილი.მისივე თქმით, ცენტრი მორგებული იქნება ფერმერთა საჭირობებსა და კოოპერატივებზე, ასევე სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებულ საჯარო მოხელეებზე.ახალციხეში, პეტრე იბერის ქუჩაზე N17-ში მდებარე შენობა, სადაც წლების წინ სკოლა – ინტერნატი იყო განთავსებული, 2016 წლის 24 სექტემბერს ცხრა ოჯახმა უნებართვოდ დაიკავა.აღნიშნული შენობა ახალციხის მერიის ბალანსზეა, თუმცა ის თვითმმართველობამ 2014 წლის ოთხ ივნისს უზურფრუქტის წესით (ხელშეკრულება N36) სააგენტოს გადასცა. საკრებულოსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 4 089 კვადრატულ მეტრ მიწაზე განლაგებულ ორ ობიექტში ფერმერთა გადამზადების ცენტრი უნდა გაიხსნას.ახალციხის მერიამ ვეტერანების სკოლის შენობიდან გამოსახლება სასამართლოს გზით მოითხოვა. პირველი ინსტანციის სასამართლომ მერიის საჩივარი დააკმაყოფილა. თუმცა, ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში ვეტერანებმა გაასაჩივრეს. ისინი ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვენ.[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია