შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ირანის პრეზიდენტი: ჩვენი ქვეყანა ღრმა სინანულს გამოხატავს ამ კატასტროფული შეცდომის გამო

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 იანვარი 2020

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ თეირანში ირანის მიერ ჩამოგდებული უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავის შესახებ განცხადება გაავრცელა:

"ირანის ისლამური რესპუბლიკა ღრმა სინანულს გამოხატავს ამ კატასტროფული შეცდომის გამო. ჩემი ფიქრები და ლოცვა მგლოვიარე ოჯახებთანაა. გულწრფელად ვუსამძიმრებ."

Tweet-ით ის წერს, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება გრძელდება.

"შეიარაღებული ძალების შიდა გამოძიებამ დაადგინა, რომ სამწუხაროდ, რაკეტები ადამიანური შეცდომის გამო ისროლეს, რამაც უკრაინული თვითმფრინავის საშინელი ავიაკატასტროფა და 176 უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. ამ დიდი ტრაგედიისა და უპატიებელი შეცდომის ჩამდენის იდენტიფიცირებისთვის გამოძიება გრძელდება," - წერს როუჰანი.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი მიიჩნევს, რომ თვითმფრინავის ჩამოგდება აშშ-ის ავანტიურიზმით გამოწვეული კრიზისის დროს ადამიანურმა შეცდომამ გამოიწვია.

დღეს ირანის სამხედრო ძალებმა განცხადება გაავრცელეს, რომ უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი, რომელმაც ავიაკატასტროფა განიცადა, "უნებლიედ, ადამიანური შეცდომის გამო" ჩამოაგდეს.

განცხადებაში წერია, რომ თვითმფრინავმა იმ ადგილას გაიფრინა, რომელიც ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსს ეკუთვნოდა.

ირანის სამხედრო ძალების ინფორმაციით, სამხედროებში პასუხისმგებელი მხარეები სასამართლოს წინაშე წარსდგებიან და პასუხს აგებენ.

აშშ და კანადა თვითმფრინავის ჩამოგდებაში ირანს ბრალს დებდა, რასაც ირანი ამ დრომდე უარყოფდა.

8 იანვარს თეირანის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებას ბორდზე მყოფი ყველა, 176 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან უკრაინის, ირანის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, ავღანეთის და გერმანიის მოქალაქეები.

გუშინ, New York Times-მა სოციალურ ქსელებში გავრცელებული თვითმფრინავის ჩამოვარდნის ვიდეო შეამოწმდა და დაწერა, რომ შემოწმების შედეგად, დასტურდება, რომ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავს თეირანში აფრენისთანავე ეჯახება ობიექტი და ფეთქდება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია