შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნახევრად დანგრეულ სახლში ვცხოვრობთ - ჭუბერში კომპენსაცია ამ დრომდე არ მიუღიათ

საზოგადოება
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
 21 ნოემბერი 2018
მესტიის სოფელ ჭუბერში, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა ამბობს, რომ ზამთარს ნახევრად დანგრეულ სახლებში შეხვდებიან.

მათ შორის არის ფრიდონ ცინდელიანი, რომელიც სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ავარიულ სახლში ცხოვრობს.

„როგორ წალეკა სტიქიამ ჩემი სახლი, ეს ვიდეო ქვეყანამ ნახა. წყალმა სახლი ნახევრად დაანგრია, საძირკველი მოშალა. აქამდე სხვის სახლში ვცხოვრობდი ოჯახთან ერთად, მაგრამ სანამ უნდა ვიყო სხვაგან? სახლში ერთი ოთახი შევაკეთე და წავიყვანე ოჯახი. ამ ზამთარს ვიცი, რომ თავზე დამემხობა, მაგრამ რა ვქნა. რომ მცოდნოდა ამდენ ხანს უსახლ-კაროდ ვიქნებოდით, სესხს ავიღებდი, ან რამეს ვიზამდი“, - უთხრა „ლაივპრესს“ ფრიდონ ცინდელიანმა.

ზარალის ანაზღაურების მოლოდინშია ჭუბერის მკვიდრის, სტიქიის შედეგად დაზარალებული ნინელი ცინდელიანის ოჯახიც.

„წყალმა წაიღო ჩვენი სასტუმრო, სხვა შენობა-ნაგებობებიც, მიწა ხეხილით. მთავრობის წარმომადგენლები მერთან ერთად მოვიდნენ, აღწერეს ზარალი, დააჯამეს ყველაფერი, ხელი მოგვაწერინეს და დაგვპირდნენ ზარალის ანაზღაურებას, თუმცა დღემდე ერთი თეთრი არ მიგვიღია“, - ამბობს ნინელი ცინდელიანი.

ჭუბერის ხეობაში მოვარდნილმა ღვარცოფმა წაიღო ჯულიეტა ცინდელიანის საცხოვრებელი სახლი და საშენი მასალა. ამბობს, რომ სტიქიის შემდეგ ხელისუფლებამ დაზიანებული გზების, ხიდების აღდგენა მალევე დაიწყო, თუმცა სახლები უყურადღებოდ დარჩა.

ადგილობრივი მოსახლეობა გვეუბნება, რომ ზარალის ასანაზღაურებლად გამოყოფილი თანხის ოდენობით კმაყოფილი არიან, თუმცა არ აქვთ ინფორმაცია, როდის გასცემს მთავრობა დაპირებულ კომპენსაციას.

მესტიის მუნიპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა „ლაივპრესს“ ტელეფონით უთხრა, რომ კომპენსაციის გაცემა ნოემბრის ბოლო კვირიდან დაიწყება.

„ჩვენ ველოდებოდით ერთ-ერთი მოსახლის თანხმობას. მას არ ჰქონდა ხელი მოწერილი კომპენსაციის თანხმობაზე, რადგან არ იყო თანხაზე თანახმა და ასევე უჭირდა სახლის მიტოვებაც. მესმის ამ ადამიანების, ერთ დღეში ასეთი გადაწყვეტილების მიღება არ ხდება. კვირა-ნახევარია, რაც თანხმობაზე ხელი მოგვიწერა და ველოდებით ამ დღეებში დაფინანსებას ინფრასტრუქტურის სამინისტროდან, ნაწილს კი ადგილობრივი ბიუჯეტი გაიღებს“, - ამბობს მესტიის მერი.

ჭუბერის ხეობაში მომხდარი სტიქიის შედეგად სულ 18 ოჯახი დაზარალდა. ისინი კომპენსაციას ოთხ თვეზე მეტია ელოდებიან.

მდინარე ნენსკრამ, რომელიც მთაში მოსული ძლიერი წვიმის და თოვლის დნობის შედეგად ადიდდა, ჭუბერის ხეობაში, 5 ივლისს სოფლის ნაწილი დატბორა. დაინგრა და წყალმა წაიღო საცხოვრებელი სახლები, ხიდები, საავტომობილო გზები და სამეურნეო მიწები.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია