შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როგორ მოახერხა ახალგაზრდა ქალმა სტალინის დახმარებით განათლების მიღება

საზოგადოება
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
 08 დეკემბერი 2018

ჩვენს ეპოქაში არსებობენ ადამიანები, რომლებმაც შექმნეს ისტორია და თავიანთი წვლილი შეიტანეს ქვეყნის, ქალაქის, თუ სოფლის განვითარებაში. მაშინ, როდესაც საბჭოთა რეჟიმის დროს ქალს ნაკლები როლი ეკავა საზოგადო ცხოვრებაში, ერთ-ერთი ახალგაზრდა არ შეუშინდა გამოწვევებს, დაამსხვრია იმდროინდელი სტერეოტიპები და სოფელში, სადაც მიავლინეს, რადიკალური ცვლილება მოახდინა და ევროპულ და კულტურულ ღირებულებებს აზიარა. გაუჭირდა თავიდან თანამოაზრეების გარეშე, თუმცა სოფლელებთან, თავად მიდიოდა მინდორში თუ ვენახში და შესვენების დროს, კლასიკურ ლიტერატურასთან ერთად, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ბეჭდური ვერსიიდან აცნობდა. კულტურის სახლის მოთხოვნით, რაიკომის მდივანთანაც შევიდა და სოფელ რატევანს, ელენე ოქრიაშვილის თხოვნით, კულტურის სახლისთვის ბიბლიოთეკის ერთი ოთახი დაუთმეს.
„1955 წელს წარჩინებით დავამთავრე თბილისის კულტურის საგანმანათლებლო სასწავლებლის, საკლუბო-სარეჟისორო ფაკულტეტი და სამინისტრომ სამუშაოდ ბოლნისის რაიონში, სოფელ რატევანში კლუბის გამგედ გამომგზავნა. მაშინ ბიბლიოთეკის ერთი პატარა ოთახი დამითმეს, თავისთავად ცხადია, იყო ბევრი პრობლემა, არ გამაჩნდა რესურსი, რათა სრულყოფილი ღონისძიებები წარმომედგინა მოსახლეობისთვის. გადავწყვიტე ღია ცის ქვეშ გამემართა კონცერტი და მაშინდელი ხელმძღვანელობისთვის და სოფლელებისთვის დამემტკიცებინა ჩემი შესაძლებლობები, ერთ კონცერტს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და 1956 წელს, გადაწყდა სოფელში კლუბის აშენება, რომელიც სოფლის მიუდგომელ ადგილზე განათავსეს, სადაც არც სცენა და არც ოთახები არსებობდა. 1958 წელს კი სოფლის შუაგულში აშენდა საბავშვო ბაღი, რომელიც კომისიამ დაიწუნა და რაიონის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, კლუბად გადაკეთდა. მოხარული ვიყავი, რომ მომეცა საშუალება გამეუმჯობესებია მუშაობა და ჩემი პოტენციალი მაქსიმალურად გამომეყენებინა, ჩამოვაყალიბე წრეები, სტუდიები, სამედიცინო და ჭრა-კერვის კურსები. მალე ისე აეწყო ყველაფერი, კლუბში დასაქმებულ თანამშრომლებს ხელფასს საკუთარი შემოსავლებიდან ვუხდიდი“.

-ქალბატონო ელენე აღნიშნეთ, რომ თანამოაზრეები ნაკლებად გყავდათ, მაგრამ მოახერხეთ და სოფელში კულტურულმა ცხოვრებამ რადიკალური ცვლილება განიცადა.
-თავიდან მართლაც გამიჭირდა, სოფლელები ძირითადად მესაქონლეობით და მიწათმოქმედებით იყვნენ დაკავებულნი, წარმოიდგინეთ ჩემი მომავალი ოჯახისთვისაც მიუღებელი ვიყავი (მიწუნებდნენ), მაგრამ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, რამოდენიმე ადამიანთან ერთად მოვახერხე, ავიყოლიე ახალგაზრდები და ჩავრთე კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებებში. დრამატულ წრეს თვითონ ვხელმძღვანელობდი, ვდგამდით სპექტაკლებს და გაგვქონდა სხვადასხვა რაიონსა და სოფელში.
-ქალბატონო ელენე, როგორი ბავშვობა გქონდათ?
-1931 წლის 13 სექტემბერს დავიბადე დმანისის რაიონის სოფელ ჯავახში, მოსამსახურის ოჯახში. მამა ნიკოლოზ ოქრიაშვილი მეზობელ სოფელში – განთიადში სოფლის თავმჯდომარედ მუშაობდა, ხოლო დედა, სათო ოქრიაშვილი იყო დიასახლისი. დაწყებითი განათლება ჯავახის რვაწლიან სკოლაში მივიღე, მე-4-ე კლასში ვიყავი, როდესაც დიდი ტრაგედია დატრიალდა ჩვენს ოჯახში, მამა სამამულო ომში წავიდა და აღარ დაბრუნებულა. დავრჩით ავადმყოფი დედის ამარა მე, ჩემი და და მცირეწლოვანი ძმა, ძალიან გვიჭირდა, დილით სკოლაში მივდიოდით, შუადღიდან კი დედას ვეხმარებოდით თავი რომ გაგვეტანა. მე სწავლა უნდა გამეგრძელებინა და საშუალო სკოლა დამემთავრებინა, სწავლა მეზობელ სოფელში განვაგრძე და წარჩინებით დავამთავრე. უსახსრობის გამო თბილისში წასვლა და უმაღლესში ჩაბარება არ გამომდიოდა ამიტომ ერთი წელი დედასთან ერთად ფიზიკურად ვმუშაობდი.
-მეორე მსოფლიო ომის პერიოდში სოფლად მცხოვრები, ობოლი გოგონასთვის ალბათ ფუფუნება იყო სწავლის გაგრძელება, როგორ მოახერხეთ ჩაგებარებინათ თქვენთვის სასურველ სასწავლებელში, სასურველ ფაკულტეტზე, როცა ასე გაჭირვებით გაგქონდათ თავი?
-დედა მირჩევდა, რომ შევშვებოდი სწავლაზე ფიქრს, თავად ძალიან ცუდად იყო და ჩემი დახმარება სჭირდებოდა, არც საშუალება გვქონდა რომ თბილისამდე ჩავსულიყავი და მესწავლა. დიდი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე სტალინისთვის მიმეწერა წერილი, სადაც დაწვრილებით ავუხსენი ჩვენი ოჯახური მდგომარეობა და ვთხოვე სახელმწიფოს ხელშეწყობით გამეგრძელებინა სწავლა და მიმეღო უმაღლესი განათლება. ორ კვირაში მივიღე პასუხი „დაკმაყოფილდეს ელენე ოქრიაშვილის მოთხოვნა, და მას მიეცეს საშუალება უმაღლესი განათლება მიიღოს თბილისში“. ასე ჩავირიცხე სასწავლებელში, კარგი სწავლისთვის დამენიშნა სტიპენდია 35 მანეთი, რომელსაც მთლიანად დედას ვუგზავნიდი და მას ასე ვეხმარებოდი, საკვებითა და საცხოვრებლით კი სახელმწიფო უზრუნველმყოფდა. როგორც წარჩინებული კურსდამთავრებული, მაშინდელმა ხელმძღვანელობამ სამუშაოდ სოფელ რატევანში გამომგზავნა. ასე დავიწყე აქ მოღვაწეობა. რატევანში გავიცანი და ჩემი სიცოცხლე და არსებობა ალექსანდრე დევნოზაშვილს გადაეკვეთა. ჩვენ 3 შესანიშნავი ვაჟი გავზარდეთ, მყავს არაჩვეულებრივი რძლები, შვილიშვილები და შვილთაშვილები, სამწუხაროდ, ერთი წლის წინ მეუღლე გარდამეცვალა, თუმცა თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ბედნიერი ქალი ვარ. ჩემი სიტყვა ვთქვი და დამიფასდა, როგორც დედას და როგორც პიროვნებას.
-ამბობთ, რომ თქვენი სათქმელი თქვით, რას გულისხმობთ?
-ჩემი აქტიური მუშაობით სოფელს აუშენდა კულტურის სახლი, ჩვენს ღონისძიებებს ესწრებოდნენ სხვადასხვა ცნობილი და გამორჩეული ადამიანები, საკუთარი შემოსავლებით დასაქმებული გვყავდა 20-მდე ადამიანი, გვქონდა გასვლითი-სანახაობრივი წარმოდგენები. როგორც მოწინავე დაწესებულებას, მაშინდელი რაიკომის მდივნისგან საჩუქრად გადმოგვეცა ავტობუსი. მაშინ, როცა ცხოვრება თითქოსდა ჩვეული რეჟიმით მიდიოდა, აქ სიცოცხლე ჩქეფდა. ჩემმა ხალხმა ნდობა გამომიცხადა და ბოლნისის საქალაქო საბჭოს დეპუტატად ამირჩია, ასევე დავსახელდი სახალხო სასამართლოს მსაჯულად, რის საფუძველზეც ბევრჯერ მივსულვარ კონფლიქტიან ოჯახებში, შემისწავლია მათი პრობლემები, გაუთვალისწინებიათ ჩემი აზრი და მშვიდად, ერთობლივად მოგვიგვარებია პრობლემები.

ქალბატონი ელენე გასულ კვირას სოფლის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეს, ადგილობრივი ხელმძღვანელობისგან სიმბოლური საჩუქრით დაჯილდოვდა და სოფლის მოთხოვნით ღვაწლმოსილ ადამიანად დასახელდა. მას კარგი და სამაგალითო მუშაობისთვის მიღებული აქვს სხვადასხვა ხარისხის დიპლომები, მედლები, სიგელები, ფულადი და სიმბოლური ჯილდოები.
ელენე ოქრიაშვილი საფუძვლიანად თვლის, რომ ბედნიერია, იცხოვრა აქტიური, საინტერესო ცხოვრებით და თითქმის ყველა დასახულ მიზანს მიაღწია, იმ დროს კომუნისტური ლაბირინთების და სტერეოტიპების დარღვევა არცთუ ისე ადვილი იყო, მან მოახერხა და ერთი პატარა კოპწია სოფლის ცხოვრება აადუღა, გამოაცოცხლა და ახალგაზდებს გართობის და შინაარსიანი ცხოვრების საშუალება მისცა. იცხოვრა ღირსეულად და რვა ათეულ წელს გადააბიჯა. ვუსურვებთ ამ ძვირფას ქალბატონს შვილებს, შვილიშვილებს და შვილთაშვილებს კიდევ დიდხანს მოუყვეს თავისი ცხოვრების ტკბილ-მწარე დეტალებზე.
მარინა გავაშელი


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
გაზეთი ბოლნისი

მადლობა

საზოგადოება