შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხელი პილოტის სულიკო ცუცქირიძის თვითმფრინავმა უკანასკნელი რეისი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ კინშასაში შეასრულა. 2011 წლის ოთხ აპრილს 22 წლის მფრინავი ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 07 დეკემბერი 2018
"სკოლის პერიოდში სამედიცინო უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ვამზადებდით. ეროვნული გამოცდების შედეგების შემოწმების დროს გავიგე, რომ საავიაციო უნივერსიტეტში უმაღლესი ქულებით ჩაუბარებია. ორ ფაკულტეტზე სწავლობდა საავიაციო სასწავლებელში, მისი დამთავრების შემდეგ კი ხარკოვის უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე გააგრძელა სწავლა“,– გვიყვება ახალციხელი პილოტის სულიკო ცუცქირიძის დედა ლელა ცუცქირიძე – „სწავლასაც ასწრებდა, მეგობრებთან ურთიერთობასაც და ინტერნეტში ყოფნასაც. დღე არ მახსოვს წიგნების გარეშე დაეძინა".სულიკოს მშობლები მის პირველ აფრენას დაესწრნენ: „მაშინ პირველ კურსზე იყო. უვიზო მიმოსვლის შემდეგ თელავივის მიმართულებით შეასრულა რეისი და დელეგაცია ჩაიყვანა, ტელევიზორშიც აჩვენეს. მას შემდეგ ევროპის ბევრ ქვეყანაში დაფრინავდა“. დაუღალავი შრომა სულიკოს დაუფასდა და "აირზენა–საქართველოს ავიახაზების“ პილოტს აფრიკაში მუშაობა შესთავაზეს.„მეგობრები და ნათესავები სულ მეუბნებოდნენ არ გეშინია, შენი შვილი მფრინავი რომ არისო?! არასდროს მიფიქრია ცუდზე, არც გული მიგრძნობდა რამეს. აფრიკაში გამგზავრების შესახებ რომ მითხრა სულიკომ, მაშინ შემეშინდა. ვუთხარი, დე, გამიგია, რომ იქ ცუდი საჰაერო კავშირებია და არ წახვიდე–მეთქი. გაეცინა და მითხრა რას ამბობ დე, იქ გამოცდილებას მივიღებ და სამ თვეში ბორტის კაპიტანი გავხდებიო“, – იხსენებს დედა. აფრიკაში გამგზავრების გადაწყვეტილება ახალგაზრდა მფრინავისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. 2011 წლის ოთხ აპრილს მისმა თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. „აირზენას“ კუთვნილი CRJ -100 ტიპის თვითმფრინავი, რომელსაც ქართველი პილოტები მართავდნენ, კონგოში გაეროს მისიას ემსახურებოდა.თვითმფრინავი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ კინშასის აეროპორტში, თბილისის დროით 17 საათსა და 30 წუთზე ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის მიზეზად ცუდი ამინდი დასახელდა. ბორტზე მყოფი 33 ადამიანიდან მხოლოდ ერთი გადარჩა. დაიღუპა ეკიპაჟის ოთხივე წევრი, მათ შორის მეორე პილოტი, 22 წლის სულიკო ცუცქირიძე.„აფრენამდე რამდენიმე წუთის წინ ვესაუბრე ტელეფონით, მალევე გავუთიშე, რადგან თვითმფრინავის ძრავი უკვე დაქოქილი იყო. შავ ყუთშიც ისმის ჩემი ხმა, როგორ ველაპარაკებოდი შვილს. ასევე, ისმის ავიაკატასტროფამდე როგორ საუბრობდნენ პილოტები ღმერთებზე და მარადიულ ცხოვრებაზე. ჩემი შვილის თვითმფრინავი ტროპიკულ წვიმასა და ქარიშხალში მოხვდა. ამ დროს ისმის ხმა, როგორ იძახდა ჩემი შვილი ღრუბელს შემოვუაროთო, მაგრამ იმხელა იყო ეს ღრუბელი მაინც მოუწიათ შიგ გავლა. კარგად მუშაობდნენ, ჩემი შვილი გადმოსცემდა მიწაზე რაციით ამბებს, მაგრამ ყველაფერი წამიერად მოხდა. თვითმფრინავს მეხი დაეცა, ამის მერე დაკარგეს კონტროლი, ეს ხმები ისმის შავი ყუთის ჩანაწერში“.დედამ შვილის გარდაცვალების შესახებ ტელევიზიით გაიგო: „კომპიუტერი მქონდა ჩართული, ჩემმა შვილმა მითხრა საათნახევარში დავფრინდები და მაშინ დამირეკეო, ველოდი, თან ტელევიზორს ვუსმენდი და იქ გამოაცხადეს. თურმე უკვე ჩემმა უმცროსმა ბიჭმაც და ახლობლებმაც იცოდნენ, უბრალოდ ვერ ბედავდნენ სახლში შემოსვლას და ამის თქმას“.მას შემდეგ შვიდი წელი გავიდა, ამ დღეების გახსენება ისევ ისე უჭირს, როგორც იმ დღეს, როცა შვილის გარდაცვალება გაიგო: „შავი ყუთის ჩანაწერების მოსმენა ჩემთვის მეორედ სიკვდილს უდრის. მამამისი ხშირად უსმენს, მანქანაში „ფლეშკით“ აქვს. ის ძალიან ამაყობს თავისი შვილით, მეც ვამაყობ, ერთადერთი მფრინავი იყო ჩემი შვილი ახალციხიდან“. გარდაცვლილი ძმის პროფესია მისმა უმცროსმა ძმამ გააგრძელა. ლელას მეორე ბიჭიც პილოტია, მაგრამ დედის თხოვნის გამო ამჯერად უმუშევარია: „სულიკოს მთელს ოთახში, იატაკზე ჰქონდა გაშლილი თვითმფრინავის რუკები და კონსტრუქციები. მისი ძმა ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, მაგრამ ერთ დღეს გამოაცხადა მეც ჩემი ძმასავით მფრინავი მინდა გამოვიდეო, ასეც მოიქცა. ისიც დაფრინავდა მისი ძმასავით, მაგრამ იმ უბედურების შემდეგ ეს ჩემთვის ძალიან მძიმე იყო. ჩემი თხოვნით წამოვიდა სამსახურიდან. ვიცი რომ ისევ ფრენაზე ოცნებობს. ძალიან მიჭირს მაგრამ დავთანხმდები, რომ ისევ იფრინოს“.ცუცქირიძეების ოჯახისთვის წლები სულიკოს მოგონებებში გადის. ლელა ახლა მისგან საჩუქრად დატოვებულ ლეკვს უვლის: „ერთ დღეს მოვიდა და მითხრა დედა, ჩვენ უკვე გავიზარდეთ, ახლა ლეკვს მოგიყვან და იმაზე გაერთობიო. მე პატარა გაპრანჭულ ცუგას ველოდებოდი და რომ შემოიყვანა დიდთვალება და სახემიჭეჭყილი ძაღლი არ მომეწონა, მაგრამ მაინც ვუთხარი რომ მომეწონა. ვიფიქრე, რამდნეიმე დღე დავიტოვებ და მერე გავატან უკან–მეთქი. მოგვიანებით გავიგე, რომ 300 დოლარი მიუცია და დამენანა, მერე იმდენად მივეჩვიე, მის გარეშე ვერ ვძლებ, ვუვლი“.შვიდი დეკემბერი სამოქალაქო ავიაციის დღეა, ეს დღე 1994 წლიდან აღინიშნება. ამ დღეს ლელა ყოველთვის თავისი შვილის საფლავზე მიდის. 22 წლის მფრინავი თბილისში, მუხათგვერდის სასაფლაოზეა დაკრძალული.„მინდა, რომ ჩემი შვილის სახელობის სკვერი, ან ქუჩა იყოს ჩვენს ქალაქში. ის ხომ ერთადერთი მფრინავი იყო ახალციხიდან. წლების წინ ვთხოვე ახალციხის მერიას, ჯერ ისევ ველოდები“.[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება