საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საფრანგეთში ორი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი და ორგანიზებული დაჯგუფების რვა წევრი დააკავეს

ახალი ამბები
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
 10 დეკემბერი 2018
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობით, საფრანგეთსა და ბელგიაში მოქმედი ქართული, სომხური და აზერბაიჯანული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 22 წევრი დააკავეს. მათ შორის საქართველოს 10 მოქალაქე. ამათგან ორი „კანონიერი ქურდი“ - მინდია ნიჟარაძე და რევაზ სასკურია. მასშტაბური სპეცოპერაცია ლიონში განხორციელდა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები გასაქურდად ბინებს წინასწარ არჩევდნენ, მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ მონაცემებს მათ შესახებ, შემდეგ კი ქურდავდნენ. ასევე, იპარავდნენ ავტომობილებს, ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტებს და უკანონოდ ასაღებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულთა საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთები. მათ, შორის, ძვირფასეულობა, ცეცხლსასროლი იარაღი, ძვირადღირებული ავტომობილები, დიდი ოდენობით ფული, ყალბი დოკუმენტების დასამზადებელი ტექნიკა, სხვადასხვა ტიპის საკეტების გასაღები მოწყობილობები. სამართალდამცველებმა, ნივთმტკიცებად ასევე ამოიღეს სუბოტექსისა და მეტადონის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალებები და კონტრაბანდული გზით მოპოვებული 1500 კოლოფი სიგარეტი.

გამოძიების ინფორმაციით, საერთო ზარალმა 400 000 ევროზე მეტი შეადგინა.

დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთის სსკ-ს 311-ე, 321-ე, 324-ე და 450-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებები ედებათ ბრალად, რაც გულისხმობს საფრანგეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჯგუფურად არაერთგზის ჩადენილ ქურდობას, მოპარული ნივთების შენახვა-რეალიზაციას, ფულის გათეთრებასა და კრიმინალური დაჯგუფების წევრობას. დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„აღსანიშნავია, რომ დანაშაულის გამოვლენის, ზემოთ აღნიშნული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე მათი კავშირების დადგენისა და ოპერაციის დაგეგმვის მიზნით, ლიონში ჩატარებულ სპეც.ოპერაციას წინ უძღოდა საფრანგეთის ჟანდარმერიის, ბელგიის პოლიციისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის რამდენიმეთვიანი ოპერატიულ-საგამოძიებო სამუშაოები საფრანგეთში, ბელგიასა და საქართველოში. ასევე, განხორციელდა სამართალდამცველთა სამმხრივი შეხვედრები თბილისსა და პარიზში.

დაკავების ოპერაციაში საფრანგეთის, ბელგიისა და საქართველოს 300-ზე მეტი სამართალდამცველი მონაწილეობდა. ასევე, ჩართული იყვნენ სპეცდანიშნულების დანაყოფები, კინოლოგიური სამსახური და გამოყენებული იყო ვერტმფრენი.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა. ამ მიმართულებით უწყება ეფექტიან ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ. 2018 წლის იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მათ შორის ევროპის ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად, 14 „კანონიერი ქურდი“ დააკავა. ხოლო, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით სულ 190 პირია დაკავებული“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია