შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„მოზარდების 98 პროცენტს საკუთარი თავი ეზიზღება“ – რაზე საუბრობენ მოზარდები UNICEF-ის კვლევაში

განათლება
წყარო:  http://batumelebi.netgazeti.ge / ბათუმელები 
 11 დეკემბერი 2018
მოზარდების სარისკო ან პროტესტის გამომხატველ აქტივობებში ჩართვა შესაძლოა საკუთარი თავის მიმართ სიყვარულის ნაკლებობით, ან იმითაც იყოს განპირობებული, რომ ხანდახან არ მართლდება მათი მოლოდინები და მშობლებისგან, აღმზრდელებისგან ვერ იღებენ შესაბამის სიყვარულს და ყურადღებას. „თინეიჯერების 98 პროცენტს საკუთარი თავი ეზიზღება, დარჩენილ 2 პროცენტს კი იმდენად ეზიზღება, რომ შესაძლოა საერთოდ აღარ უნდოდეთ სიცოცხლე“, – ასე ფიქრობენ ფოკუს ჯგუფის მონაწილე 14-17 წლის, ბათუმში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი გოგონები, აღნიშნულია გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევაში. კვლევის მიხედვით, თვისებრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა 10 ჩაღრმავებული ინტერვიუ და 16 დისკუსია ფოკუს ჯგუფებთან [მოზარდების – 8 და მშობლების/აღმზრდელების 8 ფოკუს ჯგუფი] საქართველოს სამ რეგიონში: თბილისში, კახეთსა და აჭარაში. საველე სამუშაოებმა 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2017 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი მოიცვა. კვლევაში მონაწილე ფსიქოლოგის თქმით, ხშირად მშობლები ვერ აცნობიერებენ, რომ მათი აღზრდის სტილი საზიანოა ბავშვისთვის. „არის შემთხვევები, როდესაც მშობლებს ესმით, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მათ მიერ არჩეულ საზიანო აღზრდის მეთოდებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არ აქვთ უნარი ალტერნატიული მიდგომების გამოყენებით გაუმკლავდნენ სიტუაციას“, – ნათქვამია კვლევაში. „ვიტყოდი, რომ მშობლებს მწირი ინფორმაცია აქვთ. მაგალითად, ვისაც შვილი ფსიქოთერაპევტთან მოჰყავს სხვადასხვა მიზეზების გამო, მაგალითად, უძილობის, ნებისმიერ შემთხვევაში, თერაპევტმა იცის, რომ გარკვეული ქმედებები, მიდგომები და კომუნიკაციის სტილი მშობლების მხრიდან უარყოფითად აისახება ბავშვის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე და გამოიხატება გარკვეული ფსიქოსომატური პრობლემების არსებობაში….“ – ამბობს კვლევაში მონაწილე ფსიქოლოგი. კვლევამ გამოავლინა, რომ მოზარდები, რომლებსაც არ აქვთ ემოციური კავშირი მშობლებ­­თან და მათ ცხოვრებაში მყოფ მათთვის მნიშვნელოვან უფროსებთან, ჯანსაღი მიჯაჭ­­­ვულო­ბის დეფიციტს განიცდიან, ასევე ხასიათდებიან თავდაჯერებულობის და გარემოს მიმართ ოპტიმისტური დამოკიდებულების ნაკლებობით და განსაკუთრებულ და­უცველობას ავლენენ სისასტიკის მიმართ. „როდესაც მშობელი ვერ ასრულებს მოვალეო­ბას, ვერ ხდება შვილის მთავარი მრჩეველი, მეგობარი და ვერ უწევს მას თანმიმდევრულ მეგზურობას მოზარდობისას, მოზარდის თვისებები – თავდაჯერებულობა, კონტრო­ლის მექანიზმები და უსაფრთხოება სუსტდება ან მცირდება, რაც კიდევ უფრო ანელებს მათ „გამძლეობის“ უნა­­რებს. „…მშობლებმა შვილებს უნდა გამოჰკითხონ, რამე ხომ არ აწუხებთ, იმიტომ რომ ამ გზით მათ საკუთარი თავისთვის დაზიანებების (ხელების გაჭრა, სხვ.) მიტანის პრევენციას შეძლებენ“, – ამბობენ 14-17 წლის გოგონები [ეთნიკური უმცირესობა, ბათუმი. ინტერვიუ აღებულია 2017 წელს]. კვლევის მონაწილე მშობლების თანახმად, კარგმა მშობელმა უნდა შეძლოს შვილის მოთხოვნილებების და, ზოგადად, მდგომარეობის იდენტიფიცირება. ეს არა დასწავლად, არამედ თანდაყოლილ უნარად უფრო აღიქმება. „კარგი მშობელია ის, ვისაც ესმის შვილის საჭიროებები, მისი ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობა, ვისაც ესმის შვილის მოთხოვნილებების 90 პროცენტი და ზოგადი წარმოდგენა აქვს ლიმიტებზე“, – ამბობენ კვლევაში მონაწილე მოზარდების მამები ბათუმში. ეს ინტერვიუც 2017 წელსაა აღებული. მშობლები, რომლებიც ზრუნავენ მოზარდების ფსიქოსოციალურ კეთილდღეობაზე, საგანგებოდ მიუთითებენ, რომ საჭიროა ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე ყურადღების გამახვილება და რეაგირება პირველი რისკის ნიშნების შემჩნევისთანავე. „ასეთი მშობლები მოზარდებს არწმუნებენ, უფრო გულახდილები იყვნენ და ესაუბრონ უფროსებს და მათ მოსასმენად უსაფრთხო გარემოსაც უქმნიან“, – ნათქვამია კვლევაში. ___________ მთავარი ფოტო: pexels.com
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
განათლება