შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის ინფექციონისტი ნესტან უშხვანი ამბობს, რომ წითელა ზოგადად ბავშვთა ინფექციაა, თუმცა ბოლო პერიოდში, უფრო ხშირად მოზრდილებში გვხვდება. მიზეზი კი ისაა, რომ ადრეულ ასაკში ბავშვებს სხვადასხვა მითიური მიზეზის გამო აცრებს არ უკეთებენ.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 დეკემბერი 2018
ახალციხეში მცხოვრებმა ნათია გულიაშვილმა ორი წლისა და ორი თვის დამიანეს ყველა ის გეგმიური აცრა გაუკეთა რაც კი უწევდა: „ყველა აცრა გაკეთებული გვაქვს, და ვიცი, რომ ასე ბევრ დაავადებას და ინფექციას გავუმკლავდეთ. მაგრამ ბევრისგან გამიგია, რომ აცრას არ უკეთებენ თავიანთ შვილებს, იმ მიზეზით, რომ თითქოს ბავშვებს შემდგომი პერიოდი ურთულდებათ“. ყველა გეგმიური აცრა აქვს გაკეთებული ოთხი წლის ანდრიასაც .“პედიატრები და თერაპევტები ერთხმად თანხმდებიან , რომ აცრა მნიშვნელოვანია, ალბათ ძალიან ადრე რომ ყოფილიყო მსგავსი პროფილაქტიკური აცრები ბევრ დაავადებას გაუმკლავდებოდნენ იოლად“,– ამბობს ანდრიას დედა ნინო ზამბახიძე. დღეის მდგომარეობოთ ყველაზე მეტად ზედა სასუნთქი გზების ინფექციაა გავრცელებული, რომლის აცრაც სავალდებულო არაა. ასევე, გავრცელებულია ინფექციები – წითელა და წითურა. ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორის ხათუნა კეკელაშვილის თქმით, 2017 წელს სტაციონალური მკურნალობის ერთი, 2018 წლის აგვისტოს მონაცემებით კი ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა. მიუხედავად კლინიკაში რეგისტრირებული მცირე შემთხვევებისა, ექიმები ამბობენ, რომ ამ ინფექციით ბოლო პერიოდში უფრო მეტად მოზრდილები ავადდებიან: „უფროსი ასაკის ადამიანებში ეს ინფექციები უფრო რთულად მიმდინარეობს“. ახალციხის რეფერალური საავადმყოფოს ექიმი–ეპიდემიოლოგის ლია ზედგინიძის თქმით, იმუნიზაცია უმნიშვნელოვანესია: „აცრებთან დაკავშირბით მოამართვიანობა ყოველ წელს იზრდება, თუმცა არიან ისეთი მშობლები რომლებიც, აცრებზე უარს ამბობენ. ზოგიერთი რატომაღაც თვლის, რომ ეს აცრა არაა აუცილებელი. ზოგი ექცევა ინტერნეტის ზეგავლენის ქვეშ, სადაც არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ. მშობლები სხვადასხვა საიტებზე ნახულობენ, რომ აცრებს გართულება მოჰყვება და ა. შ“. ბავშვებს გეგმიური აცრები დაბადებიდანვე უტარდებათ. წითელაზე აცრები ერთი წლის ასაკიდან იწყება. მიუხედავად, იმისა რომ, აცრის გაკეთებას შესაძლოა რაიმე მცირე გართულება მოყვეს, თუ აცრას არ გავუკეთებთ პატარებს, ზრდასრულ ასაკში ამის გამო, შესაძლოა, უფრო დიდი გართულებების წინაშე აღმოჩნდნენ. „მაგალითად ორი წლის წინ სხვადასხვა რეგიონში წითელას აცრაზე ჩავარდნები იყო, ამიტომ სხვადასხვა ასაკის ბევრ ბავშვს შეხვდა ეს ინფექცია, მერე კი ერთმანეთისგან გადაედოთ“, – ამბობს ზედგინიძე. ექიმების თქმით, განვითარებულ ქვეყნებში გეგმიურ აცრებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება: „როდესაც მოზარდი რომელიმე ქვეყანაში სასწვლებლად მიდის, მას აუცილებლად სთხოვენ დოკუმენტს, სადაც ყველა აცრის გაკეთების შესახებ ინფორმაცია იქნება. ასე ის ქვეყანა ინფექციების გავრცელებებისგან თავს იცავს“.2019 წლის 1 იანვრიდან გეგმიური აცრები სავალდებულო იქნება. შესაბამისი ცვლილებები ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონში შევიდა და ის პარლამენტმა 81 ხმით 0-ის წინააღმდეგ, 14 ნოემბერს დაამტკიცა.დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „სავალდებულო უნდა გახდეს სკოლაში, ან ბაღში სწავლის დაწყებისას აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა და ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული სავალდებულო აცრების მოთხოვნა“. ცვლილებების ავტორები აღნიშნავენ, რომ ამგვარი მიდგომა საერთაშორისო პრაქტიკაში გავრცელებულია. შესაბამისი ცვლილებები ნორმატიულ აქტებში ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებმა ექვსი თვის ვადაში უნდა შეიტანონ.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია