შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

უჩამბის სკოლამ საბჭოთა პერიოდის შემდეგ ლაბორატორია პირველად შეიძინა

განათლება
წყარო:  http://batumelebi.netgazeti.ge / ბათუმელები 
 13 დეკემბერი 2018
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩამბის საჯარო სკოლამ ქიმია-ბიოლოგიის ლაბორატორია შეიძინა. როგორც სკოლის ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელი, დათო ზოსიძე გვეუბნება, სკოლას ლაბორატორია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არ ჰქონია და მოსწავლეები ქიმიური ექსპერიმენტების ჩატარებას ვერ ახერხებდნენ. ლაბორატორია 4 700 ლარად შეიძინეს. აჭარის განათლების სამინისტრომ სკოლას, სასკოლო კლუბების დაფინანსების ფარგლებში, ათასი ლარი გამოუყო, დანარჩენი თანხა კი სკოლამ საკუთარ ბიუჯეტში გამონახა. დათო ზოსიძის თქმით, ლაბორატორიას ჯერ კიდევ აკლია ბევრი კომპონენტი, თუმცა არსებულის ფარგლებში ბევრი მნიშვნელოვანი ექსპერიმენტის ჩატარებას შეძლებენ. „ორი წელია, რაც სკოლაში დავიწყე მუშაობა და გადავწყვიტე, რომ ლაბორატორია შეგვეძინა. სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული რაც არის, იმის 70 პროცენტს შევასრულებთ. ლაბორატორიაში შეგვიძლია როგორც ქიმიური, ასევე ბიოლოგიური ექსპერიმენტების ჩატარება. სამწუხაროდ, ფიზიკის ლაბორატორია არ გვაქვს. შევაკერინეთ ლაბორატორიული მაგიდა, გამწოვი კაბინაც დავამონტაჟეთ, კარადები გვაქვს და თანდათან კიდევ შევმატებთ აღჭურვილობას“, – ამბობს მასწავლებელი. მისი თქმით, ლაბორატორიაში ექსპერიმენტის ჩატარებას ერთდროულად ცხრა მოსწავლე შეძლებს. როგორც პედაგოგი გვეუბნება, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ქიმიური ნარჩენების მართვაც. „ღია გარემოში არ მოხვდება მავნე ნივთიერებები, ორმოს ვთხრით და იქ ვაკონსერვებთ. ექსპერიმენტების ჩატარების დროს ასევე დაცული იქნება მოსწავლეების უსაფრთხოებაც“, – გვეუბნება დათო ზოსიძე. უჩამბის საჯარო სკოლაში ამ დროისთვის 50 მოსწავლე სწავლობს. მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებში ლაბორატორიები, ფაქტობრივად, მოძველებულია, რადგან უმეტეს შემთხვევაში, ისინი წლების წინ არის შეძენილი. განათლების სამინისტრო ეტაპობრივად ამარაგებს სკოლებს ცალკეული ლაბორატორიებით, თუმცა სკოლებში ხშირად ექსპერიმენტები მაინც ვერ ტარდება, რადგან რეაქციებისთვის საჭირო მასალების შეძენა სკოლებს უჭირთ. სამინისტროს მიერ შეძენილი ლაბორატოერბის გამოყენება ხშირ შემთხვევაში იმ მიზეზითაც ვერ ხერხდება, რომ საკლასო ოთახები არ არის შესაბამისად აღჭურვილი. მაგალითად, ქიმიური ექსპერიმენტების ჩასატარებლად საჭიროა გამწოვი კარადები, წინსაფრები, ნიღბები, ხელთათმანები და სხვა აღჭურვილობა, რომლებიც სკოლის ლაბორატორიებში არ აქვთ. შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ სკოლებში შეტანილი ლაბორატორიების ნაწილს ფორმალური დანიშნულება აქვს.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია