შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ოპოზიციის აქციაზე ხალხის დიდ რაოდენობას არ ველი,ემოციები მინელდა"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 13 დეკემბერი 2018

ოპოზიციის შემდგომი სტრატეგია დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი ხალხის მობილიზებას შეძლებენ, - ამის შესახებ ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ „ინტერპრესნიუსს“ გაერთიანებული ოპოზიციის მიერ 16 დეკემბერს დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განუცხადა.

ლაგაზიძე არ ვარაუდობს, რომ აქციაზე ხალხის დიდი რაოდენობა მივა და ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებს.

„მე ვფიქრობ, ოპოზიციის შემდგომი სტრატეგია დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენი ადამიანის მობილიზებას შეძლებენ. მობილიზებული ხალხის რაოდენობა მათ გადააწყვეტინებს, გააგრძელონ თუ არა აქციები. თუ ხალხის რაოდენობა მცირე იქნება, აქციები ვერ გაგრძელდება. სიმართლე გითხრათ, მე არ ველი ხალხის დიდ რაოდენობას, რადგან არჩევნებიდან საკმაო დრო გავიდა და ემოციები განეიტრალდა, ასევე, საზოგადოებაში რევოლუციური განწყობა არაა. მესამე ფაქტორი ასევე არის ის, რომ ახალი წლის წინა პერიოდში ძალიან გაუჭირდებათ სერიოზული მასშტაბური აქციების აგორება. გრძელვადიანი აქციების ორგანიზებაში ოპოზიციისთვის ხელის შემშლელი კიდევ ერთი ფაქტორი არის ის, რომ რევოლუციური განწყობა არაა დასავლეთის იმ პოლიტიკურ წრეებში, რომლებიც საქართველოსთან ურთიერთობენ. მიუხედავად იმისა, რომ უაღრესად კრიტიკული იყო არჩევნების პროცესის შეფასება, დასავლეთი გამორიცხავს საქართველოში პროცესების რევოლუციური გზით განვითარებას“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე წყალს არ ასხამს ასევე ის ფაქტი, რომ სხვა ოპოზიციურ ძალებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ უნდათ.

„კიდევ ერთი ფაქტორი, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე წყალს არ ასხავს არის ის, რომ ოპოზიციიდან სხვებს არ აწყობთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. პროპორციული კი, მაგრამ ვადამდელი არა, რადგან არავინაა მზად ამისთვის გაერთიანებულ ოპოზიციაში მყოფი ძალების გარდა. ამიტომ მათ პარტნიორებიც არ ეყოლებათ ოპოზიციაში“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, 16 დეკემბერს, ინაუგურაციის პარალელურად, თელავში საპროტესტო აქციის ჩატარებას გეგმავს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება