შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

უჯარმაში ციხე-ქალაქის კომპლექსის რესტავრაცია მიმდინარეობს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
 14 დეკემბერი 2018

უჯარმის ციხე-ქალაქის კომპლექსზე ფართომასშტაბიანი სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები მიმდინარეობს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე გათვალისწინებული სამუშაოების თითქმის მთლიანი გეგმა უკვე შესრულებულია.

უწყების ცნობით, კომპლექსი გაწმენდილია ხანგრძლივი დროის განმავლობაში ნაყარი მიწის ფენისაგან და სამუშაოები მიმდინარეობს ციტადელის ტერიტორიაზე. პროექტი ითვალისწინებს მისი ცალკეული არქიტექტურული სეგმენტების კონსერვაციასა და ინფრასტრუქტურული კვანძების მოწყობასაც.
მასშტაბური სამუშაოები ძეგლზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტის სამუშაო ვერსია სამწლიანია. ციხე-ქალაქის რესტავრაცია-კონსერვაცია, სავარაუდოდ, 2022 წლისთვის დასრულდება.
კომპლექსზე ფიზიკურ სამუშაოებს შპს „ისტორიულ ძეგლთა რეაბილიტაციის ცენტრი“ ახორციელებს. პირველადი სამუშაოებისთვის დახარჯულია ნახევარი მილიონი ლარი.
“ციხე-ქალაქის ციტადელზე ვიზიტორებისთვის მოაჯირები და გადასახედებია დამონტაჟებული. სამუშაოების პროცესში, მიწის სქელი ფენის მოშორების შემდეგ გამოიკვეთა მნიშვნელოვანი კულტურული ფენები – მარნის, წყლის ავზისა და საცხოვრებელი დანიშნულების ოთახები”, – აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.
უჯარმა ისტორიული ცნობების მიხედვით III-IV საუკუნეთა მიჯნაზე წარმოიქმნა და იმ დროისთვის ქვეყნის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა.

უჯარმის ციხის აღმშენებლობა და განვითარება ძირითადად მეფე ვახტანგ გორგასალის სახელთანაა დაკავშირებული. არქიტექტურული კომპლექსი რთულ რელიეფზე 3 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული. ის ორი ძირითადი ნაწილისგან – ციტადელისა (ზედა ანუ დედაციხე) და ქვედა ციხისაგან შედგება. ციტადელი მეფეთა სასახლეს, ჯვარპატიოსნის სახელობის კარის მცირე ეკლესიას, მარანსა და წყალსაცავს აერთიანებს და ოთხკუთხა მასიური კედლების მქონე გალავნითაა შემოსაზღვრული. გალავნის კედლებზე სიმეტრიული დაშორებითაა განთავსებული სწორკუთხა კოშკები. ციხე-ქალაქი ძლიერ დაზიანებული სახითაა შემორჩენილი. ქვედა ციხეს თითქმის თავდაპირველი, აუთენტური იერსახე აქვს შენარჩუნებული.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია