შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ერთ კვირაში გაზი გაძვირდება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 18 დეკემბერი 2018

1 კვირაში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ახალ გადასახადს დააწესებს. მართალია, სემეკში გაძვირებას ოფიციალურად არ ადასტურებენ, მაგრამ სპეციალისტებისთვის მოსალოდნელი ცვლილების შესახებ მეტ-ნაკლებად უკვე ცნობილია. როგორც გაზეთი „რეზონანსი"წერს, ტარიფი თბილისელებს 2-3 თეთრის ფარგლებში გაუძვირდებათ. ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნება რეგიონებისთვის, სადაც ბუნებრივი აირი ისედაც ძვირია.

დედაქალაქში გაზის ტარიფი 8-9 წლის წინანდელ ნიშნულს დაუბრუნდება და 50 თეთრი გახდება. სემეკში კომპანიების განაცხადს ტარიფის გადახედვასთან დაკავშირებით 26 დეკემბერს განიხილავენ. მარეგულირებელი კომისია ბუნებრივი აირის ტარიფის შესაძლო გაძვირებას არ ადასტურებს, მაგრამ არც გამორიცხავს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრ გოჩა შონიას თქმით, ტარიფში, ლარის კურსთან ერთად, გათვალისწინებული იქნება ყველა ის კომპონენტი, რომელიც ტარიფის ფორმირების პროცესში მონაწილეობს.

ტენდენცია მეტ-ნაკლებად გამოიკვეთა ენერგეტიკოსებისთვის, რომლებიც დანამდვილებით ამბობენ, რომ მოსახლეობას გადასახადი გაუძვირდება. ისინი ფიქრობენ, რომ ტარიფი განსაკუთრებით რეგიონებში მოიმატებს. ენერგეტიკოსი გია არაბიძე ამის მიზეზად ინვესტიციებს მიიჩნევს და ამბობს, რომ ტარიფზე ყველაზე მეტ გავლენას სწორედ ეს კომპონენტი მოახდენს. იგი არ მალავს, რომ გაზის გადასახადის გაძვირებას ელოდება.

„ლარი საბედისწერო ზღვარზეა. ასე თუ გაგრძელდა და ყოველთვე თითო პუნქტით გაუფასურდება ლარი, ბუნებრივია, ტარიფის დაჭერა შეუძლებელი გახდება. ძველი ნიშნული ჩვენ დავგეგმეთ 2,50-ზე, ახლა 2,70-ზეა საუბარი, რაც გადასახადის გაძვირების ალბათობას ზრდის. წარმოდგენაც არ მინდა, რა მოხდება, თუკი კურსი მომავალში 2,80-ს მიაწღევს, რაც, ფაქტობრივად, ტარიფის შენარჩუნების შანსს არ ტოვებს.

ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტარიფში მარტო კურსი არ არის, ყველა პრობლემა წარმოიშვება როგორც გატარების, ისე შესყიდვის თვალსაზრისითაც. კურსიდან გამომდინარე, შესყიდვის კომპონენტში მაინც მეტი პრობლემაა. ჩემი აზრით, ჩადებული ინვესტიციების ამოღების საკითხი არ იქნება, რომ ტარიფი ამ მხრივ დაიტვირთოს, ამჯერად ეს საკითხი არ დადგება. ცვლილება ზრდისკენ იქნება მიმართული, მაგრამ 1 კბ/მ-ის ფასი 50 თეთრს არ უნდა გადასცდეს. ჩვენთვის ყველაზე მთავარი სავალუტო კრიზისია, რის გავლენასაც გაზის ტარიფი ვერ გაექცევა", - ამბობს „ბიზნეს-რეზონანსთან" არაბიძე.

 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია