შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ზურაბიშვილმა 2020 წლამდე ივანიშვილისაგან დისტანცირება უნდა მოახერხოს"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 19 დეკემბერი 2018

„წინასაარჩევნო პერიოდში ზურაბიშვილმა სერიოზული შეცდომები დაუშვა და ეკლესიის გარკვეული ნაწილი გადაიმტერა. ძალიან ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა. ლაშა ჟვანიას დანიშვნა შეიძლება ეკლესიისკენ იყოს გადადგმული ნაბიჯი. პრობლემები წინაარჩევნო პერიოდში ქართულ ეკლესიასა და ზურაბიშვილს შორის არსებობდა, ლაშა ჟვანიამ შეიძლება გარკვეული ხიდის როლი შეასრულოს ზურაბიშვილსა და ქართულ ეკლესიას შორის," - ამბობს ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლაშა ჟვანიას დანიშვნის შესახებ „რეზონანსთან" საუბრისას.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე, რომელმაც ოპოზიციის მიერ გამართული საპროტესტო აქციის ფონზე ჩაიარა, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციებზე, ზურაბიშვილის სამომავლო ნაბიჯებსა და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე „რეზონანსი" ანალიტიკოსს, კორნელი კაკაჩიას გაესაუბრა.

"ლაშა ჟვანიას ჰქონდა პირადი კონტაქტები სალომე ზურაბიშვილთან, გარკვეული პერიოდი მუშაობდა მასთან საგარეო საქმეთა სამინისტროში და ალბათ, პერსონალურ დონზე მათ აქვთ ერთად მუშაობის გამოცდილება და პოლიტიკურ საკითხებში ბევრი რამ ემთხვევა. სალომე ზურაბიშვილს სჭირდება ისეთი ადამიანები, რომელთაც აქვთ გარკვეული გამოცდილება ამ საქმეში.

გამომდინარე იქიდან, რომ ზურაბიშვილი პოლიტიკურ სფეროში კონფლიქტებისადმია მიდრეკილი, შესაძლოა ეს ურთიერთობები არ იყოს ისე ია-ვარდით მოფენილი, როგორიც დღეს ერთი შეხედვით ჩანს. მითუმეტეს თუკი გავითვალისწინებთ, რომ მას აქვს თავისებური ხასიათი და ადვილად არ ემორჩილება ცენტრალურ ხაზს.

არ ვიცი რამდენი ხანი დასჭირდება, ექვსი თვე თუ ერთი წელი, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ექვსი წლის განმავლობაში, რაც იგი პრეზიდენტი იქნება, ბუნებრივია, ცოტა ხანში მმართველ პარტიისა და ბიძინა ივანიშვილისგან დისტანცირებას ეცდება. მითუმეტეს თუკი 2020 წელს მოხდა ცვლილებები და სულ სხვა ხელისუფლება მოვა, ამან შეიძლება უფრო დააჩქაროს მისი დისტანცირება.

თუკი 2020 წელს ოპოზიციურმა ძალამ გაიმარჯვა, ეს სერიოზულ პრობლემას შეუქმნის ზურაბიშვილის პრეზიდენტობას. ამიტომაც, იგი დაინტერესებული უნდა იყოს, რომ ამ ორი წლის განმავლობაში მოახდინოს დისტანცირება მმართველი პარტიისა და ბიძინა ივანიშვილსაგან, რაც ცოტა რთული იქნება, თუ გავითვალისიწინებთ ამ არჩევნების პერიპეტიებს. ვნახოთ რამდენად შეძლებს ის ამის გაკეთებას ამ ორი წლის განმავლობაში.

ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ ეს არჩევნები არ იყო იდეალურად ჩატარებული არჩევნები. ოპოზიციისთვის ახლა მთავარია, რომ შეინარჩუნოს ის მორალური უპირატესობა, რომელიც გარკვეულწილად გაუჩნდა ამ ცუდად ჩატარებული არჩევნების გამო. ასევე გააჩნია „ნაციონალური მოძრაობა" როგორ შეეცდეება საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებას.

გარკვეულწილად არსებობს რისკებიც - თუკი კარგად არ იქნა დაგეგმილი და კოორდინირებული, არ იქნება გააზრებული ორწლიან პერსპექტივაში, როგორც მოკლე ისე გრძელვადიან პერსპექტივაში, ამან ზიანიც კი შეიძლება მიაყენოს მათ მიზნებს.

მომავალში ვნახავთ რამდენად გაამართლებს ის ტაქტიკა, რომელსაც დღეს მიმართავს ოპოზიცია. ფაქტია, რომ ამ ეტაპზე საზოგადოებაში დიდი საპროტესტო მუხტი არ ჩანს და საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც მხარს უჭერდა ოპოზიციას, მოუწოდებს უფრო ზომიერი პოზიციისკენ.

 რაც ახასიათებს ბოლო პერიოდში ქართულ პოლიტიკას - ეს არის რადიკალიზმი. ოპოზიციამ გამოაჩინა ის რადიკალიზმი, რომელიც ზოგადად, ქართულ პარტიებს ახასიათებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, ზუსტად იგივეს აკეთებდა სალომე ზურაბიშვილი, როდესაც ის იყო ოპოზიციაში და გამოირჩეოდა საკმაოდ რადიკური ტონით.

ზოგადად, ამ ყველაფერმა დიდი ზიანი მიაყენა თვითინ საქართველოს იმიჯს. ინაუგურაციას თვალყურს ადევნებდა ნატო, საერთაშორისო თანამეგორობის წარმომადგენლები, საელჩოები, იყო ბევრი სტუმარი და არ მგონია, რომ ერთი ან მეორე მხარე კარგად გამოჩენილიყო.

ოპოზიციას რაღაც უნდა გაეკეთებინა, მაგრამ ასეთი მუშტი-კრივის გაჩაღება არ მგონია სწორი იყო როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების მხრიდანაც. თუმცა, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი მაინც ხელისუფლებაა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია