შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"სინოდი არსებულ პრობლემებს ვერ აგვარებს, დიდი საეკლესიო კრება უნდა ჩატარდეს"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 31 დეკემბერი 2018

ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს განცხადებით, სინოდის კრება არსებულ პრობლემებს ვერ აგვარებს და დიდი საეკლესიო კრება უნდა ჩატარდეს.

"სინოდის სხდომები მთავრდება და პასუხგაუცემელი შეკითხვები რჩება. პრობლემებიც კი, არათუ აღმოფხვრილი და მოგვარებული, ზოგჯერ, უფრო მეტად გაღრმავებულია. ეს, რა თქმა უნდა, მიუთითებს კრიზისულ მდგომარეობაზე", — განაცხადა მეუფე პეტრემ.

გარდა ამისა, მეუფე პეტრემ პატრიარქის ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის მუქარა შეაფასა. მისი თქმით, მეუფე იაკობმა არაადაკევატურად ისაუბრა. მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ პატრიარქის ღირსების შელახვას არავის აპატიებს, ამიტომ მეუფე პეტრეს "გასაკეთებელს გაუკეთებს"

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ 28 დეკემბერს განაცხადა, რომ პატრიარქის მწყემსიკეთილობის შესახებ მითი საბოლოოდ დაიმსხვრა.როგორც მეუფე განმარტავს, სინოდის სხდომის დაწყების წინ მან მოითხოვა, ე.წ. ციანიდის საქმე განეხილათ, თუმცა "რეპლიკებით უთხრეს", რომ ამ საკითხზე სხვა თემების ამოწურვის შემდეგ გადავიდოდნენ.

"[სხდომის] ბოლოს, როცა მივედი მიკროფონთან და დავიწყე საუბარი, მინდა საჯაროდ ვთქვა და იცოდეს ქართულმა საზოგადოებამ, რომ პატრიარქი წამოდგა, შებრუნდა ღვთისმშობლის ხატისკენ ანუ სინოდის დასრულების ლოცვა დააწყებინა მის მღვდელთმთავარს. დათვური სამსახური გაუწიეს მას და მე დღეს სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არსებული ბზარი, რომელიც ჩემში არსებობდა გარკვეული პერიოდი და განსაკუთრებით ბოლო მოვლენების შემდეგ, გუშინ ჩემთვის პირადად საბოლოოდ დაიმსხვრა მითი პატრიარქის მწყემსიკეთილობის შესახებ", - განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა ტვ პირველთან სატელეფონო ჩართვის დროს.

27 დეკემბერს საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართა. განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის მხარდაჭერა იყო. სინოდის გადაწყვეტილებით, უკრაინის ეკლესიაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ისინი შემდეგ სხდომაზე მიიღებენ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია