შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რუხის საავადმყოფოს მშენებლობა თებერვლის ბოლოს დასრულდება

ახალი ამბები
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
 11 იანვარი 2019
რუხის მრავალპროფილურ საავადმყოფოში სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები თებერვლის ბოლოსთვის დასრულდება. როდის გაიხსნება საუნივერსიტეტო კლინიკა, ჯანდაცვის სამინისტროში ჯერ არ იციან. უწყებაში „ლაივპრესს“ უთხრეს, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ საავადმყოფოს შესაბამისი ტექნიკით აღჭურვის პროცესი დაიწყება.

„სამშენებლო პროცესი, შიდა რემონტი, გათბობა, განათება, იგეგმება, რომ ყველაფერი თებერვლის ბოლოსთვის დასრულდეს. ამ ეტაპზე მხოლოდ ამის თქმა შეგვიძლია“, - განმარტეს სამინისტროში.

უწყებაში ვერ გვიპასუხეს, რატომ გადმოიწია სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვადამ, როცა ეს 2018 წლის ბოლოსთვის იგეგმებოდა. 

რუხის საავადმყოფოს მშენებლობა დაზუსტებული პროექტით გრძელდება. მასში რამდენიმე სახის ცვლილების შეტანა გახდა საჭირო, რაც ერთხელ უკვე გახდა ობიექტის დასრულების გადავადების მიზეზიც.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ რუხის საავადმყოფო ჩქარა უნდა ამოქმედდეს, რადგან ეს რეგიონისთვის მნიშვნელოვანია, და ასევე საჭიროა ნდობის აღდგენის თვალსაზრისითაც.

ზურაბიშვილმა საავადმყოფო გუბერნატორ ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად 6 იანვარს დაათვალიერა.

რუხის მრავალპროფილური საავადმყოფოს მშენებლობა 2014 წლის ოქტომბერში დაიწყო. საუნივერსიტეტო კლინიკა 220 საწოლზეა გათვლილი. ემერჯენსი, სამშობიარო ბლოკი, ონკოლოგიური დეპარტამენტი, სისხლის გადასხმა-ამბულატორია, დიალეზი, ეს ნაწილია იმ მომსახურების, რითაც ადგილობრივებთან ერთად, სარგებლობა აფხაზებსაც შეეძლებათ.

პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 41 მილიონ 264 ათასი ლარია გამოყოფილი.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია