შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ზურაბიშვილი: როგორც პრეზიდენტი, უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიას არ მივულოცავ

პოლიტიკა
 12 იანვარი 2019

საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხს სენსიტიური უწოდა და განაცხადა, რომ ის, როგორც პრეზიდენტი, უკრაინას არ მიულოცავს.

ამ თემაზე ზურაბიშვილმა 11 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად ისაუბრა.

მისი თქმით, მისთვის, როგორც კერძო პირისთვის, ადვილი იქნებოდა მილოცვა, თუმცა, რადგანაც ის არა კერძო პირი, არამედ პრეზიდენტია, არ მიულოცავს უკრაინის ეკლესიას და უკრაინელ ხალხს ავტოკეფალიის მინიჭებას.

“ძალიან მარტივი იქნებოდა ჩემთვის, მიმელოცა უკრაინის ხალხისთვის, იმიტომ რომ ეს არის ჩემთვის ძალიან ბუნებრივი, მაგრამ დღეს მე კერძო პირი არ გესაუბრებით, მე ვარ პრეზიდენტი და ამდენად, მაქვს დიდი პასუხისმგებლობა.

მე მგონი, საქართველოს ეკლესია და საპატრიარქო ჩემზე ნაკლებად არაა პასიხისმგებელი და არ იცის ავტოკეფალიის მნიშვნელობა. და თუ საქართველოს ეკლესია და საპატრიარქო ფრთხილობს რაღაც შედეგების გამო, რომელსაც მე არ მინდა ახლა ხაზი გავუსვა, მაგრამ ყველას გვესმის, რას ეხება, მე არ შემიძლია ნაკლებად პასუხისმგებელი ვიყო, ვიდრე არის ეკლესია.

ჩემთვის ეს მარტივი იქნებოდა, მაგრამ არ მივულოცავ იმიტომ, რომ მე არ ვთვლი, რომ მაქვს უფლება. არ მინდა დავასახელო ეს მიზეზები, მაგრამ ყველამ კარგად იცის და ყველაზე კარგად იცის ეს საპატრიარქომ. და მე არ ავიღებ ჩემს თავზე იმის პასუხისმგბლობას, რომ გავამძაფრო არსებული სიტუაცია”,- ასე ახსნა პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილება, არ მოულოცოს უკრაინელ ხალხს ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭება. 

ზურაბიშვილმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე საუბარი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის მიღების საკითხზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ეს უმნიშვნელოვანესი იყო სახელმწიფიობრიობის თვალსაზრისით. პრეზიდენტის თქმით, უკრაინისთვის ამ თვალსაზრისით ავტოკეფალია მნიშვნელოვანი არ არის, თუმცა ზოგადად მაინც ძალიან მნიშვნელოვანია და კერძო პირს არ გაუჭირდებოდა მილოცვა.

უკრაინას მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭება მიულოცა აშშ-მა 10 იანვარს.  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამ თემაზე დასმულ კითხვას არ უპასუხა, ჯერჯერობით დუმს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც.

წყარო : ნეტგაზეთი

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია