შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ კიდევ რაღაც ახალი არ შემოგვაპარონ"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 13 იანვარი 2019

პოლიტიკური ექსპერტი გია ხუხაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პირველი პრესკონფერენციით იმედგაცრუებულია. მისი თქმით, გაუგებარია რატომ დაიბარა ზურაბიშვილმა ჟურნალისტები, თუ კონკრეტული სათქმელი არაფერი ჰქონდა.

სალომე ზურაბიშვილის მიერ ჩატარებულ პრესკონფერენციასთან, ირაკლი კობახიძის მიერ შემოთავაზებულ უვადოდ დასანიშნ მოსამართლეთა სიის განხილვის ახალი სქემასთან და მმართველს გუნდთან დაპირისპირებული ეკა ბესელიას მოსალოდნელ გამოსვლასთან დაკავშირებით „რეზონანსი“ პოლიტიკურ ექსპერტ გია ხუხაშვილს ესაუბრა.

რამდენად ჰქვია ამას პრესკონფერენცია, რაც ზურაბიშვილმა ჩაატარა, მე არ ვიცი. მე ამას ვერ დავარქმევდი პრესკონფერენციას. სხვათა შორის, გამიჩნდა კითხვა - თუ არაფერი ჰქონდა სათქმელი, რატომ გამართა პრესკონფერენცია? ჟურნალისტები სახელმწიფოს მეთაურთან პრესკონფერენციაზე მიდიან იმისათვის, რომ მიიღონ პასუხები ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და, ასე ვთქვათ, იმ პრობლემებზე, რაც დღეს აქტუალურია. არც ერთ ასეთ კრიზისულ და კრიტიკულ თემებზე სალომე ზურაბიშვილ პასუხი არ გაუცია. 

მაშინ, რატომ შეიწუხა ასე თავი და რატომ ჩაატარა პრესკონფერენცია, გაუგებარია. რაც მთავარია, მისი პასუხები იყო - „არ ვიცი“, „არ მეხება“, „ჩემი კომპეტენცია არ არის“ და ა.შ.

თუ არაფერი გაქვს სათქმელი, არ უნდა ჩაატარო შეხვედრა ჟურნალისტებთან. პრესკონფერენცია ქალბატონ სალომეს თამაშისა და პრანჭვის ადგილი ჰგონია, მაგრამ თუ პასუხები არ გაქვს აქტუალურ თემებზე, მაშინ არ უნდა მიაყენო ჟურნალისტებს შეურაცხყოფა და არ უნდა დაიბარო სადღაც.

 ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, რა შედეგებს გამოიღებს. მაგრამ კარგია, რომ რაღაც პროცესები დაიწყო და ხელისუფლება ცოტათი მაინც მიხვდა, რომ ასე მარტივად არ არის საქმე, როგორც მათ უნდოდათ  ამ საკითხის „ჩარიხინება“. 

ყოველ შემთხვევაში, მანევრირება დაიწყეს. ეს მათი მანევრები რას ნიშნავს და რა სურათს მივიღებთ, ამას დრო და მოვლენათა განვითარება გვიჩვენებს. 

მე მაინც არ ვიქნებოდი ზედმეტად ოპტიმისტი. გასაგებია, რომ ხელისუფლების მხირდან იქნება შენიღბულად მოქმედების მცდელობა, მაგრამ მიმდინარეობაში შევხედავთ. თავისთავად ის, რომ მარტივად არ გაუვიდათ ეს პროცესი, როგორც უნდოდათ, ეს კარგია, თუმცა მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ კიდევ რაღაც ახალი არ შემოგვაპარონ.

შანსი იმისა, რომ მმართველი გუნდის შიგნით არსებული პრობლემები შეამციროს ამ პროცესმა, არსებობს, მაგრამ ჩვენ კონკრეტიკაში უნდა გადავიდეთ, რადგან ჯერ მხოლოდ განაცხადს ვხედავთ, რომელიც ცვლილებებთანაა დაკავშირებული. კი, ბატონო, გასაგებია, რომ რაღაც პროცესები დაიწყო, მაგრამ პროცესის ანატომია ჩვენთვის უცნობია და მგონი თვითონ კობახიძესაც არ აქვს  ჯერჯერობით მოფიქრებული, რა და როგორ გააკეთოს. ასე რომ, მოვლენებს უნდა დავაკვირდეთ.

საერთოდ, მიმაჩნია, რომ პრობლემა საკუთრივ ამ სიაში არ არის. პრობლემა არის შერჩევის ალგორითმში და იუსტიციის საბჭოში, რომელიც მიმართულია სასამართლო სისტემის პოლიტიკურ ვერტიკალში ჩასმაზე. აი, ეს ალგორითმი უნდა შეიცვალოს მთლიანად და როგორ და რა ფორმით გაკეთდება, მივყვეთ ახლა ამ პროცესს და გამოჩნდება.

თუ რა განცხადებას გააკეთებს ბესელია, ჩემი საქმე არაა, ჯერ გააკეთოს და შემდეგ ვისაუბრებ. არანაირი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ რას გამოიწვევს მისი განცხაადება, არ მაქვს, რადგან არ მიფიქრია ამაზე.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია