შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მსოფლიოს პირველი მკერავები - 350 საუკუნის წინ, ქართველები იყვნენ

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 13 იანვარი 2019

ჭიათურაში, ძოძუანას მღვიმეში 2007 წელს აღმოაჩინეს ისეთი რამ, რამაც ისტორიაში ადამიანის მიერ ქსოვილის პირველად დამზადების თარიღში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა. კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ გამოქვაბულში აღმოჩენილი სელისგან დამზადებული და მცენარეული საღებავებით შეღებილი ბოჭკოები მსოფლიოში უძველესია. მისი ასაკი დაახლოებით 35 ათასი წელია და მიეკუთვნება დაახლოებით ძვ.წ. 330-ე საუკუნეს. ძოძუანას აღმოჩენამდე მსოფლიოში უძველეს ნიმუშად ჩეხეთში, დოლნი-ვესტონიცაში მიკვლეული ქსოვილი ითვლებოდა, რომელიც 29 ათას წელიწადს ითვლის და ძოძუანასგან განსხვავებით, ჭინჭრისგან არის დამზადებული.

 

ძოძუანას მღვიმე ჭიათურაში,  სადაც პირველად,  350 - 340 საუკუნის წინ დაამზადა ადამიანმა ნაქსოვი ტანსაცმ

 

ჰარვარდის უნივერსიტეტის პრეისტორიული არქეოლოგიის პროფესორი, ოფერ ბარ-იოზეფი ამბობს, რომ სელის მიკვლეული ბოჭკოებიდან ზოგიერთი მცენარეული საღებავით იყო შეღებილი.

"ფერადი ბოჭკოები შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ მოსახლეობა გამოქვაბულში ფერად ქსოვილებს აწარმოებდა. ასევე დასტურდება ბეწვისა და ტყავის მასალის დამუშავებაც", - აღნიშნავს ოფერ ბარ-იოზეფი.

 

ძოძუანას მღვიმეში, საერთო ჯამში, ბოჭკოს 787 ფრაგმენტს მიაკვლიეს, სამეცნიერო ექსპედიცია, რომელსაც აღმოჩენა ეკუთვნის, აქ 1996 წლიდან მუშაობს. ჯგუფში, ქართველებთან ერთად, ამერიკელი და ისრაელელი სპეციალისტებიც შედიან.

 

მსოფლიოს პირველი მკერავები - 350 საუკუნის წინანდელი იმერეთიდან

ძოძუანას მღიმე ქვის ხანის ძეგლია, კერძოდ, იმ დროისა, როცა თანამედროვე ფიზიკური ტიპის ადამიანი ჩნდება ამიერკავკასიაში და მღვიმეშიც მეტად მდიდარი მასალა აღმოჩნდა, რომელიც ამას ადასტურებს.

თენგიზ მეშველიანი (ექსპედიციის ხელმძღვანელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი): "ეს აღმოჩენა 2007 წლით თარიღდება. სამუშაოებისას ძირითადად, ქვისა და ძვლის ნივთებს მივაკვლიეთ. ხე და ორგანული ნივთიერებები კი მოგეხსენებათ, არ ინახება და შესაძლოა მხოლოდ მტვრის სახით იყოს დარჩენილი. სწორედ ამ მტვერში აღმოჩნდა სელისგან დამზადებული ძაფის ნაშთები. პალეონტოლოგმა ელისო ყვავაძემ ახალ ტექნოლოგიას მიაგნო და მძლავრი მიკროსკოპით დაინახა დართული ძაფის ბოჭკოს უმცირესი ნაწილაკები. აღმოჩენებში, სელის გარდა, შალის ბეწვიც არის დაგრეხილი. სელის ბოჭკო ტექნოლოგიურად არის დაჭეჭყილი, მერე დაძეძგილი და შემდეგ მოქსოვილი.

თვალით უხილავი ბოჭკო სინჯარაშია მოთავსებული და მხოლოდ იმ შემთხვევაშია ხილული, თუ მას საგანგებო მიკროსკოპით 500-ჯერ მაინც გაადიდებ. ეს მასალა მტვრის გამოკვლევისას აღმოჩნდა. საერთოდ, ქვის ხანის არქეოლოგიაში მტვრით დგინდება თუ რა ფლორა და რა კლიმატი არსებობდა".

 

მსოფლიოს პირველი მკერავები - 350 საუკუნის წინანდელი იმერეთიდანქართულ აღმოჩენას მსოფლიო მედიამ 2010-2012 წლებში არაერთი მასალა მიუძღვნა. "საიენსი", "ლე ფიგარო", "ნიუ იორკ თაიმსი" და სხვა გავლენიანი გამოცემები აქვეყნებდნენ სტატიებს სათაურებით: "მსოფლიოს პირველი მკერავები", "უძველესი ძაფი და უნიკალური აღმოჩენა საქართველოში"...

სელის ბოჭკოებს პირველად 35 ათასი წლის წინანდელ, შემდეგ კი აბსოლუტურად ყველა ფენაში მიაკვლიეს.

პროექტში მონაწილეობდნენ ელისო ყვავაძე (პალეობიოლოგიის ინსტიტუტი, საქართვეოს ეროვნული მუზეუმი, ოფერ ბარ-იოზეფი (ანთროპოლოგიის დეპარტამენტი, ფიბოდის უნივერსიტეტი, ჰარვარდის უნივერსიტეტი), ანა ბელფერ-კოენი (არქეოლოგიის ინსტიტუტი, ჰიბროუს უნივერსიტეტი, ისრაელი), ელიზაბეტ ბოარეტო (რადიოკარბონული დათარიღებისა და კოსმოგენური იზოტოპების ლაბორატორია. ვიცმანის ინსტიტუტი), ნინო ჯაყელი (პრეისტორიის დეპარტამენტი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ერეკლე ქორიძე (არქეოლოგიის დეპარტამენტი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი).

ძოძუანას მღვიმე ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მღვიმევის ტერიტორიაზე მდებარეობს. ძეგლი 1966 წელს, სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ყვირილის ხეობის ქვის ხანის შემსწავლელმა ექსპედიციამ აღმოაჩინა. ექსპედიციას ხელმძღვანელობდა არქეოლოგი დავით თუშაბრამიშვილი.

(იხ. წყარო: The Harward Gazette და ჟურნალი "ისტორიანი")

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია