შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"დანარჩენი ხომ აქვთ ყველაფერი მოგვარებული და არიქა"...გარემოვაჭრეები შეზღუდვებს მტკივნეულად ხვდებიან

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 17 იანვარი 2019

ოზურგეთში რამდენიმე დღეში გარევაჭრობასთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციები ამოქმედდება-ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ "გურიის მოამბესთან" რამდენიმე დღის წინ განაცხადა. 

მისივე განმარტებით, ისეთ ადგილებში, სადაც გარე მოვაჭრეები ფეხით მოსიარულეებს გადაადგილების კუთხით გარკვეულ პრობლემებს უქმნიან,  გარე ვაჭრობა არ იქნება დასაშვები: "მაშინ როდესაც არსებობს ადგილები, სადაც შეიძლება ეს ადამიანები გადაიყვანო და სუფთად დასვა და მისცე ვაჭრობის საშუალება, რატომ უნდა იდგნენ ქუჩაში დახლებზე დალაგებული პროდუქტებით? ეს სწორი არ არის არც ჰიგიენური და სანიტარული თვალსაზრისით. არის ოზურგეთში ადგილები, სადაც შეუძლიათ გაყიდონ თავიანთი პროდუქტები"-აღნიშნა მერმა. 

როგორ ხვდებიან აღნიშნულ ინიციატივას გარე მოვაჭრეები და რა გადაწყევტილებას მიიღებენ იმ შემთხვევაში, თუ მათთვის ხალხმრავალ ადგილებში ვაჭრობა აიკრძალება, ამ კითხვით "გურიის მოამბემ" რამდენიმე მათგანს მიმართა. 

ი. ტრაპაიძე - მაგენის (მთავრობის) წინააღმდეგ ჩვენ რაც არ უნდა წავიდეთ, მაინც  არაფერი  არ გამოგვივა. ძალიან  ცუდი გადაწყვეტილებაა, გარე  ვაჭრობის აკრძალვა.  ჩემთვის  მიუღებელია. რომ არ მიჭირდეს, აქ ხომ არ გამოვალ?  სხვაგან გადასვლას მირჩევნია,სახლში  წასვლა.  გარე ვაჭრობის  აკრძალვის შესახებ, საქმის  ყურში  არ  ვიყავი, მაგრამ მოლოდინი მქონდა, არჩევნები რომ დამთავრდებოდა, მერე როგორც  მათ უნდოდათ,  ისე  გააკეთებდნენ, ამაში ეჭვი არ მეპარებოდა.

ნ.ს. - მე უნდა ვიყო აქანე სიკვდილამდე. გამოყოფილ  ფართში  ვაჭრობა  კაი  რომ იყოს,  ამ ხალხს ვერ მოასწრებდი  იქ შესვლას. არაა  ვაჭრობა  იქ.

დავით გ. - მისცენ ამ ხალხს  ადგილი და გადავლენ. მაგრამ,  სიმართლე  რომ ვთქვა, ცოდვებიც არიან.   თორემ  კარგი   ნამდვილად  არაა,  არც  ჰიგიენურად  და არც ესტეთიურად.  ცოდვები არიან, ზამთარში,  საშინელ,  ცუდ ამინდში  არიან გამოსულები. რომ არ უჭირდეთ,  ხომ არ გამოვიდოდნენ?  ისე ყველაზე მეტი  ყურადღება მისაქცევი  იცით რა არის? შიგ  ბაზარში,  დახლებში,  რომ აქვთ  გარეთ  გამოტანილი ყუთები და გავლა  ჭირს.  ვერ გაივლი ისეთი მდგომარეობაა და შესვლაც მეზარება.

მაყვალა  ჯანელიძე - აქ უნდა გავჩერდე მე. არ მინდა  შიგნით  შესვლა. აქ რაღაცა 2 კაპიკს ვაკეთებ. სად  იქნება ეს გამოყოფილი ფართი ვნახოთ. ბაზარში თუ იქნება, იქ არ შევალ,  რადგან  ვიყავი მე იქ და ვალით გამოვედი.  ადგილი  თუ იქნება,  უნდა იყოს  კარგი და  იქ  დაკავებულია, სადაც  ხალხი მოძრაობს. რომ არ ვივაჭრო,  რა უნდა ვქნა? სახლში 5 შვილიშვილი მყავს. შვილიც  და რძალიც,   გოგოც  და სიძეც  და ყველაფრის  ფულს მე მთხოვენ.  არც სოციალური დახმარება მაქვს და არც არაფერი. არ  მომცეს  დახმარება, სოფ.მახარაძეში ვცხოვრობ და მყავს ძროხა. ეს ძროხაა ყველაფერიო.  მაგან უნდა გვარჩინოს ამდენი სული?  ვერ გვარჩენს ამდენ  სულს  ეს ძროხა. ბავშვებს რამდენი რამე სჭირია. ჩაცმა ხომ უნდა ელემენტარულად რომ ვთქვათ - შარვალი, პიჯაკი  ხომ უნდა?  ოჯახში  ჩემს მეტი ვერ  მუშაობს ვერავინ. სამუშაო ვერ ნახეს. სადაა დღეს სამსახურები? მე თურქეთშიც  დავდივარ ჩაის კრეფის დროს, (სოციალურის დანიშვნას, ამ ფაქტმაც შეუშალა  ხელი), მაგრამ მაინც არ გვყოფნის. ამიტომ, როცა ყველა მუშაობს, მაშინ აქვს ხვავი ოჯახს  და წინსვლა. ერთი მთოხნელი და ასი მცოხნელი-რაფერია მითხარით? ამიტომ ვარ  წინააღმდეგი აქედან ადგომის.  პირიქით, თუ  რამეს დაგვეხმარებიან  კარგი იქნება.

მადონა გოგუაძე - რავიცი სად უნდა გადაგვიყვანონ. ადგილები არაა და არაფერი და სად  მივყავართ?  სადაც  არ უნდა გადაგვიყვანონ,  ხალხი არ შემოვა და  რა  აზრი აქვს. ვერ ვივაჭრებთ.  დავიცავთ  ამ ადგილებს  ყველანაირად რომ არ აგვაყენონ.

ნონა -  რასაც სხვა იზამს, იმას ვიზამ მეც.  თუ დარჩებიან,  დავრჩები და თუ გადავლენ, გადავყვები მეც.

ხ.გ. -  რასაც გადაწყვეტენ, ისე მოვიქცევი. აბსოლუტურად, ვინც გარეთ  დგანან, ყველას აქვს ადგილი ბაზარში  და არ შედიან. იქ  ვაჭრობა არ უნდა არავის და  მეც   იძულებული  გავხდი, გარეთ გამოვედი.

ნ.დ. - ჩემი კერძოა, ეზოში  ვვაჭრობ, არ  ექვემდებარება  გარე ვაჭრობას, მაგრამ  ცოტა შეზღუდვები  კი უნდა.  იმიტომ რომ, არაა ლამაზი, არეულია პროდუქტები-კარტოფილი და პური  ერთად იყიდება.

 ლ.მ. -არაა  ბებო,  ეს კანონი ჩემთვის,  კარგი  რავა იქნება.   ნამდვილად არ იქნება  კარგი. პურის ფულს ვაკეთებ, მეტს არაფერს. მე პენსიონერი ვარ და ოჯახში არც ერთი წევრი არ მუშაობს.

კ.ს. - სუნთქვაც  აუკრძალონ ბარემ ბებია,  თუ უნდათ ხალხს. დანარჩენი ხომ აქვთ ყველაფერი მოგვარებული და არიქა,  ეს აქვთ  დარჩენილი  მარტო  მოსაგვარებელი.  გარე ვაჭრობის  აკრძალვა და მიხედონ  ამასაც. სხვა  ადგილას არსად არ გადავალ,  სახლში წავალ  მაგ შემთხვევაში.

თემური ი. - არ ვიცი რა გითხრათ.  რასაც იზამს  უმრავლესობა, იმას  გავაკეთებ მეც.  ადგილობრივი მაცხოვრებელი  ვარ. ვვაჭრობ  გარეთ და რასაც ჩემი გვერდით  მოვაჭრეები  გადაწყვეტენ, იმას  ვიზამ მეც. რაც  შეეხება  კლიენტის ოდენობას, რა თქმა უნდა მოგვაკლდება კლიენტები და წამგებიანიც იქნება, მაგრამ.......

ტარიელ პაპიძე - არ უნდა აიკრძალოს გარე ვაჭრობა. რა გავაკეთოთ  ჩვენ. მთავარია  ადგილი იყოს, სადაა ეს ადგილი, სად უნდა გადაგვიყვანონ? ოღონდ  ვიმუშაოთ  ხალხმა  და რაღაცა ორი კაპიკი ვიშოვოთ. რაც შეეხება  კლიენტებს, იქაც  მოგვეჩვევა, არა პრობლემა. თუ არავინ არ იქნება  გარეთ  დამჯდარი, მაშინ კლიენტიც გვეყოლება  და  თუ  ერთეულები გადავიდა  და  ნაწილი დარჩა, მაშინ  არავინ არ მოვა იქ  და ასე  არ უნდა მოხდეს. მე ვეთანხმები მაგას, ნებისმიერ დიდი ქალაქებშიც მასეა,  გამოყოფილია სავაჭრო ადგილები. მივესალმებოდი ჩვენს ქალაქშიც მაგ იდეას, ოღონდ ყველასთვის უნდა იმოქმედოს  ამ კანონმა  და არა ერთეულებისთვის-აცხადებენ გარე მოვაჭრეები "გურიის მოამბესთან


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია