შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თურმე სამყარო არც ისე სასტიკია , ანუ ინტერნეტით გაბნეული ადამიანური სითბო

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 18 იანვარი 2019
თურმე სამყარო არც ისე სასტიკია და მძვინვარე, როგორიც ხშირად გვგონია; თურმე ჩვენ გარშემო უამრავი ისეთი რამ ხდება, რაც გაყინულ გულებს ათბობს და თვალებში სიხარულის ცრემლს აჩენს; თურმე მთელ მსოფლიოში არიან ისეთები, რომლებიც სიკეთეს სჩადიან და ისეთებიც, ვინც ამას ხედავს.

ჩვენ ინტერნეტ-სივრცეში გაბნეულ რამდენიმე ემოციურ პოსტს მოვუყარეთ თავი, რომლებიც სხვადასხვა ეროვნების, სქესისა თუ ასაკის ადამიანებს — ნანახითა თუ თავს გადახდენილით შეძრულებს, მაშინვე გაუზიარებიათ სოციალური ქსელებით.

ემოციური პოსტები სოციალური ქსელებიდან:

1- ორი დღის წინ მეუღლე დავკრძალე. დღეს კი კურიერმა ყვავილების თაიგული მომიტანა — თურმე, ჩემს ქმარს ჯერ კიდევ წინა კვირაში შეუკვეთია. თაიგულში წერილი იდო: „ვიცი, კიბო დამამარცხებს, მაგრამ მინდა, სულ გახსოვდეს, რომ შენ ჩემი ოცნების გოგო ხარ“.

2- დღეს ჩემი გოგონა სკოლიდან რომ დაბრუნდა, მაშინვე მთხოვა, ისეთი საიტი მომიძებნე, საიდანაც ჟესტების ენას ვისწავლიო. რაში გჭირდება-მეთქი ვკითხე და მიპასუხა, ახალი გოგო გადმოვიდა ჩვენ მეზობლად, ყრუ-მუნჯია, მარტო ჟესტების ენა იცის და ვერავისთან ურთიერთობს, ჰოდა, უნდა ვისწავლო, რომ დავუმეგობრდეო.

3-როგორც ნებისმიერ სხვა სკოლაში, ჩვენთანაც არის ერთი ყველაზე პოპულარული გოგო — უჩვეულოდ ლამაზი და ჭკვიანი. ყველა ბიჭს უყვარს და თავს აწონებს, ის კი მხოლოდ ერთ ბიჭთან ატარებს მთელ დროს – საკუთარ აუტისტ უმცროს ძმასთან.

4- დღეს ერთმა ჩემმა სკოლელმა ბიჭმა დამიმესიჯა… სხვანაირი ბიჭია, რაღაცნაირად განდეგილი, უცნაურად იცვამს და თმას სხვადასხვაფრად იღებავს… მომწერა: შენი ღიმილი მომწონს, მაგრამ იშვიათად იღიმი. დავინახე, რომ ხელები დასერილი გაქვს. მეც მქონდა დეპრესია და ვიცი, რა საშინელებაცაა. თუ გინდა, საღამოს შევხვდეთ და ვილაპარაკოთო.შევხვდი…დღეს პირველად აღარ მინდა, რომ თავს ტკივილი მივაყენო და სხეული დავისერო. დეპრესია გაქრა.

5- დღეს ავტოავარიაში მოყოლილი პატარა გოგონა მომიყვანეს საავადმყოფოში, სისხლის იშვიათი ჯგუფით. ძმა ჰყავდა, ტყუპისცალი, რომელსაც იგივე ჯგუფის სისხლი ჰქონდა. ეს გოგონას ხსნა იყო.

ბიჭუნას დაველაპარაკე და ავუხსენი, რომ მისი დაიკოს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდებოდა და სისხლი უნდა გადაესხა. ერთი წამით დაფიქრდა, მერე მშობლებს დაემშვიდობა და პალატაში გამომყვა. 

სისხლის გადასხმა რომ დავამთავრეთ, ვუთხარი, ახლა შეგიძლია დაისვენო-მეთქი. გაოცებულმა შემომხედა, როგორ, განა ახლა არ მოვკვდებიო, მკითხა. 

გესმით?! გამოდის, რომ, როცა დისთვის სისხლის გადასხმაზე დამთანხმდა, დარწმუნებული იყო, რომ თავად მოკვდებოდა, ესე იგი, მზად იყო, დის გამო სიცოცხლე დაეთმო.

6- დღეს ჩემი დაბადების დღე იყო. მცირე ბანდეროლი მივიღე. გავხსენი და შიგ გასულ კვირაში დაკარგული საფულე აღმოვაჩინე – ფულით, მართვის მოწმობითა და სხვა საბუთებით. და კიდევ პატარა წერილით: „გილოცავ დაბადების დღეს!“

7- დღეს ქმარმა დამიმესიჯა, რომელიც სხვა ქვეყანაშია სამუშაოდ წასული. მწერდა: შენ კი არ მენატრები, ჩვენი ერთად ყოფნა მენატრებაო. ასეთი ფორმულირება აქამდე არ მსმენია, მაგრამ წამში მივხვდი, რასაც გრძნობს...

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია