შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"კრიტიკულ მომენტში ლიდერმა შეიძლება გვაჩვენოს ცრემლი და არა უსუსურობა"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 18 იანვარი 2019

 ანალიტიკოსი ზვიად ავალიანი მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება:

“როცა თანამდებობის პირის თვალებში ვხედავთ ცრემლსა და თანაგრძნობას, შეუძლებელია ადამიანური სიმპათია არ გაგვიჩნდეს მის მიმართ… ასეთ დროს ყველაზე კარგად ჩანს ვინ რამდენად შევძელით ბავშვური, წმინდა სენტიმენტალურობის შენარჩუნება ამბიციებისა და ინტრიგების იმ ლაბირინთში, რომელშიც ზრდასრულ ასაკში ვცხოვრობთ და ასე თუ ისე, ვმონაწილეობთ კიდეც.

აქედან გამომდინარე, ვიმეორებ, რომ ადამიანური სიმპათია ბუნებრივია, თუმცა ამავე დროს მრჩება შთბეჭდილება, რომ ამ პიროვნებებს შორის შინაგანი მოწოდებით არც ერთი არ არის პოლიტიკური ლიდერი.

რეალურად, ტრაგედიის ფონზე ცრემლებს და სასოწარკვეთილი თანაგრძნობის სიტყვებს სხვა ქვეყნების მმართველებიც არ დაგვამადლიან, იმ ქვეყნის ლიდერებისგან კი, სადაც ტრაგედია ხდება, ცრემლების გარდა სწრაფი, გაბედული და რადიკალური რეაქციებია საჭირო.

ასეთ რეაქციებს საწუხაროდ ჯერ ვერ ვხედავ… არადა პოლიტიკური ლიდერი იმით განსხვავდება ჩვეულებრივი ბიუროკრატისგან, რომ ლიდერი ცრემლებს ძალიან მალე გარდაქმნის ბრაზად, ბრაზს კონკრეტული დამნაშავეებისკენ მიმართავს და საზოგადოებას სამძიმართან ერთად იმასაც უცხადებს, რომ ტრაგედიის გამო აუცილებლად აგებს პასუხს ყველა ის პირი თუ ორგანიზაცია, რომელთა პასუხისმგებლობაც იკვეთება.

მეტიც – სასურველია ლიდერმა საკუთარ თავზეც აიღოს გარკვეული პასუხისმგებლობა და მოგვცეს იმის პირობა, რომ ასეთი ტრაგედიები აღარ განმეორდება და თვითონ იქნება ამის გარანტი…

ერთი სიტყვით – კრიტიკულ მომენტში ლიდერმა შეიძლება გვაჩვენოს ცრემლიც, ბრაზიც, აგრესიაც და შეიძლება საერთოდ ისტერიკაც კი მოაწყოს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გვაჩვენოს უსუსურობა… პირიქით – მან უნდა დაგვარწმუნოს, რომ რაღაცის შეცვლა შესაძლებელია და იგი არავის და არაფრის წინაშე არ დაიხევს უკან…

გვყავს თუ არა ჩვენ დღეს ასეთი ლიდერები ან შესაძლებელია თუ არა ასეთი ლიდერები დაიბადონ დღევანდელი პოლიტიკური ელიტის შიგნით?

ამ კითხვას ალბათ მომავალი ისტორია უპასუხებს, მანამდე კი, როგორც ტრაგედიის წინაშე უსუსური ერთი რიგითი მოქალაქე, ვუერთდები სამძიმარს და ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას რომ ეს ყოფილიყოს ბუნებრივ აირთან დაკავშირებული ბოლო ტრაგედია საქართველოში”-წერს ავალიანი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია