შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რა შენიშვნები აქვთ არასამთავრობოებსა და ოპოზიციას დეცენტრალიზაციის სტრატეგიასთან დაკავშირებით

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
 23 იანვარი 2019
დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტში, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოამზადა, ძირითადად სამი მიმართულებაა გაწერილი.
დოკუმენტის მიხედვით უნდა მოხდეს ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაზრდა, ფინანსური დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართვა.

პროექტის საჯარო განხილვა საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში უკვე გაიმართა, მათ შორისაა თელავიც. სტრატეგია ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ არასამთავრობო სექტორის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს გააცნო.

-„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით გასული წლის აგვისტოში დაიწყო პროცესი, რომელიც გულისხმობს ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხილვას და შედგენის პროცესში ჩართვას. მუშაობა სამ ძირითად საკითხზე მიმდინარეობს: ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაზრდა, ფინანსური გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობა გამჭვირვალობის მიზნით. პროცესში მონაწილეობას ირებს ყველა დაინტერესებული ადგილობრივი თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია. “ - აღნიშნა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ როსებაშვილმა.

სტრატეგიას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმოამდგენლებიც აფასებენ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის არჩილ ხანდამაშვილის განცხადებით, დეცნეტრალიზაციის პროექტით მოხდება როგორც უფლებამოსილების, ასევე ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების გაზრდა.

-„დეცენტრალიზაცია მნიშვნელოვანია. ბარიერს ვაწყდებით სკოლის პრობლემის მოგვარებისას, გარკვეული ნებართვის გაცემასთან დაკავშირებითაც, მაგალითად როგორიცაა, მგლების და ტურების ამოღება ბუნებიდან, ამას სპეციალური ლიცენზია სჭირდება. სტრატეგიის მიხედვით ადგილობრივ ბიუჯეტში შემოვა დღგ, ეს ნიშნავს უფრო მეტ ფინასნურ დამოუკიდებლობას, რაც დადებითად წაადგება მოსახლეობას. ამ პროექტით გაიზრდება თვიმმართველობის უფლებამოსილება, თუმცა მეორეს მხრივ, დაგვეკისრება უფრო მეტი ვალდებულება და პასუხისმგებლობაც.“

თვითმმართველობის ექსპერტი კოტე კანდელაკი მიიჩნევს, რომ აღნიშნული დოკუმენტი კონკრეტიკას მოკლებულია.

-„ყველა სტრატეგია, რომელიც ცენტრალურ დონეზე მიიღება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, თუმცა არ არსებობს იდეალური სტრატეგია და ყველა დოკუმენტს აქვს გარკვეული ხარვეზები. ჩემი მთავარი შენიშვნაა ის, რომ სტრატეგია კონკრეტიკას მოკლებულია, კარგი იქნებოდა თუ ამას თან დაერთვებოდა გეგმა ვადებისა და პასუხისმგებელი პირების მითითებით, ანუ ვინ იქნება უფლებამოსილი კონკრეტული ცვლილების გატარებაზე. ჩვენმა კოალიციამ ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესთავაზა ფინანსური რესურსების ახლებური გადანაწილების ვარიანტი, რომელიც გულისხმობს საშემოსავლო გადასახადის ზიარ გადასახადად გადაქცევას, რაც ჩაიწერება სტრატეგიაში, თუმცა მეორე საკითხია , როგორ აღსრულდება. რაც შეიძლება მეტი ფინანსური დამოუკიდებლობა უნდა მოიპოვონ თვითმმართველობებმა. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უამრავი მიტოვებული შენობაა, მუნიციპალიტეტს დამოუკიდებლად განკარგვის უფლება არ აქვს. ეს ეკონომიკის სამინისტროს თავის დროზე უნდა აღეწერა და გაემიჯნა, ამას თვითმმართველობის კოდექსიც ავალდებულებდა. სამწუხაროდ, აქ არაფერი წინსვლა არ იგრძნობა. იმედს ვიტოვებთ, სტრატეგიაში ეს საკითხი კონკრეტულად აისახება.“- აცხადებს კანდელაკი.

დეცენტრალიზაციის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს თელავის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორს ნიკოლოზ შარვაშიძესაც.

„სტრატეგიაში საკმაოდ მნიშვნელოვანი თემებია წამოჭრილი, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ჯგუფი დიდი ხანია პროექტზე მუშაობს, არის საკითხები, რომლებიც ბუნდოვანია. მაგალითად, როგორ მოხდება ქონების მართვა, როგორ გადანაწილდება საშემოსავლო გადასახადი, როგორი იქნება მოქალქეთა ჩართულობა ამ ყველაფერში. რამდენიმე ნაწილში ვხვდებით ზოგად დებულებას, თუმცა ძირეულად არ არის ჩაშლილი რა ვადაში და როგორ მოხდება განხორციელება. სამუშაო პროცესი მიმდინარეობს და იმედი გვაქვს, ყველაფერი გათვალისწინებული იქნება. ვისურვებდი, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები მეტად ჩაერთნენ აღნიშნულ საკითხში, ესენი არიან ის ადამიანები, ვინც ადგილზე ახორციელებენ თვითმმართველობას და ზუსტად იციან არსებული პრობლემები.“

თელავში გამართულ საჯარო შეხვედრას, სადაც სტრატეგიის განხილვა მიმდინაროებდა, „ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ბოტკოველიც ესწრებოდა. მისი განცხადებით, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის არსებობის მიუხედავად არაფერი შეიცვლება და საბოლოოდ გადაწყვეტილებები არა ადგილობრივ, არამედ მაინც ცენტრალურ დონეზე მიიღება.

-„ეს საჯარო განხილვას კი არა, უფრო წერა-კითხვის გაკვეთილს ჰგავდა. ყველა მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემთავის გულში რომ ჩაიხედოს, დარწმუნდებიან, გადაწყვეტილებას თვითონ არ იღებენ და ზემოდან კარნახობენ ყველაფერს. სამინისტრომაც და თვითმმართველობის ასოციაციამაც უნდა იზრუნოს იმაზე, რომ სტრატეგია რეალურად განხორციელდეს. წერა ძალიან ადვილია, მთავარია, რამდენად აქვს ადამიანს დაწერილის შესრულების უფლებები. თვითმმართველობის წარმომადგენლებს რომელი დოკუმენტიც არ უნდა წაუკითხო, დღეს თავს დაუქნევენ და ხვალიდან ისევ გაგრძლედება მათზე კარნახით საქმეების კეთება.“- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ცნობისთვის, დეცენტრალიზაციის სტრატეგიასთან დაკავშირებით საკონსულტაციო შეხვედრებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია მართავს. განხილვებში აქტიურად არიან ჩართული კოალიციის “ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის” წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც ფისკალური და ქონებრივი დეცენტრალიზაციის შესახებ საკუთარი წინადადებები მთავრობას უკვე წარუდგინეს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა
გურიის მოამბე

სტიქია ლანჩხუთში

პოლიტიკა