შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მოსწავლეზე შესაძლო ძალადობის გამო, N5 სკოლიდან მასწავლებელი გაათავისუფლეს

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 23 იანვარი 2019
37–წლიანი მუშაობის შემდეგ, თემურ ხუციშვილს სკოლა 28 დეკემბერს დაატოვებინეს. მიზეზი მეხუთე კლასთან ჩატარებული ერთ–ერთი გაკვეთილი გახდა. როგორც ამ კლასის მოსწავლეები „სამხრეთის კარიბჭესთან“ ყვებიან, მათემატიკის გაკვეთილზე მათ მასწავლებელს მობილური ტელეფონი დაფის უკან დაუმალეს, შემდეგ კი რამდენჯერმე დაურეკეს: „რომ ვერ აგნებდა საიდან რეკავდა ტელეფონი, ეძებდა და ამაზე ვიცინოდით. წყობილებიდან გამოვიდა. მერე ერთი ჩვენი კლასელი ბიჭი ოთახიდან გაიყვანა, ის ყველაზე მეტს იცინოდა და იმიტომ“. მოსწავლის მამა, რომელსაც საკლასო ოთახი დაატოვებინეს, ამბობს, რომ მის შვილს მათემატიკის მასწავლებელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა: „ხელით გამოიყვანა კლასიდან და ანჯღრია“. მათემატიკის მასწავლებელი ძალადობის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს, თუმცა, იმას რომ მოსწავლეს ოთახი დაატოვებინა ადასტურებს: „გაკვეთილის ჩატარებაში ხელს მიშლიდა და გარეთ გავაგდე, ეს მანდატურმა დაინახა და მერე ამ საქმის შესწავლა დისციპლინურმა კომიტეტმა დაიწყო“. მანდატურის სამსახურში მომხდარზე არ საუბრობენ. დისციპლინურ კომიტეტში კი მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ბავშვზე შესაძლო ძალადობის ფაქტი შეისწავლეს. „გადაწყვეტილების შესახებ ზემდგომ ორგანოებს ჰკითხეთ“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში დისციპლინური კომიტეტის ერთ–ერთმა წევრმა სოფო მაისურაძემ. დისციპლინური კომიტეტის სხდომას თემურ ხუციშვილი არ დასწრებია: „მაღალი წნევა მქონდა და არ ვიყავი. საქმის არსებითი განხილვის დროს მე მხარი კომიტეტის სამმა წევრმა დამიჭირა, ხუთმა კი ჩათვალა, რომ ჩემ ქმედებაში ძალადობის ფაქტი იკვეთებოდა“. მეხუთე სკოლის დირექტორი ინგა ვარდიძე თემურ ხუციშვილის სკოლიდან გათავისულფების მიზეზებზე არ საუბრობს. „სამხრეთის კარიბჭემ“ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო დისციპლინურმა კომიტეტმა და რა გახდა ხუციშვილის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი, სკოლიდან წერილობით გამოითხოვა, თუმცა, ჯერ პასუხი არ მიგვიღია. „სკოლიდან ჩემი გათავისუფლების მიზეზი შეკერილი და გამოგონილია. დირექტორმა მითხრა, ბავშვი ფიზიკურ შეურაცხყოფაში გდებს ბრალსო, მაგრამ ამ ბავშვმა თვითონ ვერ ახსნა, რა იგულისხმა ფიზიკურ შეურაცხყოფაში. რეალურად იმის გამო გამათავისუფლა დირექტორმა, რომ მასთან დაძაბული ურთიერთობა მქონდა, ჩემი კრიტიკა სულ აღიზიანდებდა“, – ამბობს თემურ ხუციშვილი. მეხუთე კლასელი ბიჭის ნახვა, რომელსაც სავარაუდოდ, მასწავლებელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, „სამხრეთის კარიბჭემ“ ვერ შეძლო. „ბავშვი ადიგენშია და ორი კვირა აქ არ იქნება“, – გვითხრა მამამ. იურისტის ეკა აბაშიძის განცხადებით, თუ სკოლაში ბავშვზე ძალადობის ფაქტს ჰქონდა ადგილი, სკოლის ადმინისტრაცია კანონით ვალდებული იყო, რომ მომხდარის შესახებ სოციალური სამსახურისთვის და პოლიციისთვის შეეტყობინებინა. თუმცა, როგორც აღნიშნული უწყებებში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს, მსგავსი ინფორმაცია არ შესულა. „ყველა ძალადობის შემთხვევა უნდა ეცნობოს აუცილებლად სოციალური მომსახურეობის სააგენტოს. არ აქვს მნიშვნელობა ვის მიმართ იყო ძალადობა. სკოლას ჩვენთვისაც უნდა მოემართა და პოლიციისთვისაც“, – გვითხრა სოციალური მომსახურების სააგენტოს მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სამმართველოს უფორსის მოვალეობის შემსრულებელმა მარიკა მათიაშვილმა. თემურ ხუციშვილი გადაწყვეტილებას სამსახურიდან მისი გათავისუფლების შესახებ სასამართლოში ასაჩივრებს. ამბობს, რომ საჩივარს ადვოკატთან ერთად უკვე ამზადებს. [თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება