შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

" გაზარდეთ გმირები და არა მონები! გაზარდეთ გამბედავი ადამიანები! "

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 23 იანვარი 2019

 ცნობილი ქართველი პედაგოგსა და მეცნიერის,  ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელის აკადემიკოს შალვა ამონაშვილის რამოდენიმე გზავნილი მსობლებს:

როგორ აღვზარდოთ სწორად ბავშვები, როგორ გავუგოთ, რა არ უნდა შეგვეშალოს, როგორ გავაუმჯობესოთ გარემო ოჯახში, სკოლაში...

პასუხი ისევ ჰუმანურ პედაგოგიკაშია, ჰუმანურ მიდგომებში. მშობელი უნდა ემეგობროს ბავშვს, მაქსიმალურად აქტიურად იყოს ჩართული ბავშვის ყოველდღიურ საქმიანობაში, იცნობდეს მის მეგობრებს, მასწავლებლებს, სკოლას, იცნობდეს საკუთარ შვილს, რომელიც თვალსა და ხელს შუა გაიზარდა, მას აქვს ახალი მისწრაფებები, ახალი სურვილები, მიზნები, ოცნებები და უზარმაზარი შესაძლებლობები, რომლების გახსნაშიც ისევ ჩვენ, მშობლები უნდა დავეხმაროთ.

დღევანდელი მშობლები ფიქრობენ, რა დაუტოვონ ბავშვს, დააგროვონ ქონება, რათა შვილებს უზრუნველი მომავალი ჰქონდეთ, ამისთვის ისინი ბევრს შრომობენ და მუშაობენ, ის ოქროს წლები კი გარბის, უეცრად აღმოვაჩენთ, რომ ჩვენ დაგვავიწყდა მთავარი, ბავშვის აღზრდა!

გიყვარდეთ ბავშვი უპირობოდ და მიიღეთ ის.

თითოეულმა ბავშვმა, თითოეულმა ადამიანმა უნდა იპოვოს თავისი ბილიკი ცხოვრებაში, ის, სადაც თავს იგრძნობს თავისუფლად და კომფორტულად. ურჩიეთ შვილს პროფესია, მაგრამ არ აურჩიოთ.

დღევანდელი თაობა არის ინდიგო ბავშვების თაობა, ისინი არიან ძალიან ჭკვიანები, ჰიპერაქტიურები, თავმოყვარეები, ისინი არ ეგუებიან პირდაპირ და ხისტ მითითებებს, აკრძალვებს. თუ რაიმე მათთვის არ არის საინტერესო, ისინი არ გაჩერდებიან გაკვეთილზე. თუ მათ მასწავლებელი მეგობრად არ ეგულებათ, ისინი შიშის გამო გაკვეთილზე წყნარად არ ისხდებიან. ეს ბავშვები მოვიდნენ ქვეყნად, რათა ჩვენ გავხდეთ უკეთესები, უფრო მოსიყვარულეები, გულისხმიერები, მეგობრულები. ისინი დაუჯერებენ მეგობარს და არა მკაცრ დამრიგებელს. მასწავლებლებო, მშობლებო, გახდით თქვენი შვილების მეგობრები. თანამედროვე ბავშვი ვერ ეგუება ძველი ყაიდის მასწავლებელს. ის სულ სხვა გონებრივი და სულიერი განვითარებისაა. მას ცოდნა უდუღს თავში და არ აკმაყოფილებს ჩვენი შეთავაზებული - „იცოდე, ორიანს დაგიწერ“, „გაგსვამ გარეთ“, „გაჩერდი დროზე! მომისმინე“ და ა.შ. თუ თქვენს გაკვეთილებზე ბავშვს ვერ უგებთ, მაშინ თქვენ არ ხართ სანატრელი მასწავლებელი!

იქ, სადაც იწყება აგრესია, მთავრდება აღზრდა.

ჩვენ ვეძებთ კეთილმოწყობილ სკოლებს, როგორებიც არაერთია საქართველოში, მე გირჩევთ, მოძებნეთ პედაგოგი, რომელსაც ეყვარება თქვენი შვილი.

ცხოვრებაში ერთი მასწავლებელი ყველასთვის მოდის, სწორედ მან შეიძლება ძირფესვიანად შეცვალოს თქვენი შვილის ცხოვრება უკეთესობისკენ.

მშობლებო, ნუ მოსთხოვთ სკოლას მხოლოდ ცოდნას, გაუმართეთ დიალოგი. როდესაც სკოლაში მიხვალთ, ნუ ილაპარაკებთ ნიშნებზე, ილაპარაკეთ იმაზე, თუ როგორი ადამიანი იზრდება თქვენი შვილი. უყვარს თუ არა მეგობრები, არის თუ არა კეთილი, არის თუ არა გულისხმიერი და ა.შ  ორიანები და ხუთიანები არ ქმნიან ადამიანს. პირიქით, აუბედურებენ.

ნიშნებს არ მიაქციოთ ყურადღება და არ დაიჩაგროთ გული. არც ხუთოსანი შვილით იტრაბახოთ. გავა დრო და ზოგიერთი ოროსანი უფრო წინ წავა, ვიდრე თქვენი ხუთოსანი შვილი.

ბავშვის შესაძლებლობები უსაზღვროა. მას აქვს მისწრაფება დიდობისკენ, თავისუფლებისკენ, განვითარებისკენ, არც კი იფიქროთ ამ უდიდესი ენერგიის შეჩერება.

გაზარდეთ გმირები და არა მონები! გაზარდეთ გამბედავი ადამიანები! ბავშვი ვითარდება სწორედ სირთულეების გადალახვის პროცესში. ამოიღეთ თქვენი ლექსიკონიდან ხისტი მითითებები, გაუთავებელი შენიშვნები, დარიგებები მკაცრი ტონით.

ბავშვი დიდი ხდება დიდთან ურთიერთობით, დაავალეთ დიდური საქმეები, წაახალისეთ, გაიკვირვეთ მისი კარგი საქციელი, შეაქეთ მიეცით სტიმული. ყოველთვის მოუსმინეთ თქვენს შვილს, თუ მას დღეს არ მოუსმენთ ხვალ ის არაფერს გეტყვით, მისი „მეგობრები“ კი აუცილებლად გამოჩნდებიან კომპიუტერულ თამაშებში, ეკრანს მიღმა დამალულ ადამიანებში.

მასწავლებლებო, ნუ დაზაფრავთ ბავშვებს საკონტროლო წერით, დაე თქვენთვის იყოს ეს წერა საკონტროლო, ბავშვებს კი უთხარით, რომ ერთი ჩვეულებრივი დღეა და დავალება მიეცით. ბავშვის ნერვიულობა, სტრესი, დაძაბულობა კარგს არაფერს მოიტანს.

ბავშვს ეპატიება უცოდინრობა, გაზრდი, ასწავლი, გამოასწორებს... განა ცოტაა დღეს სკოლაში ოროსანი, მით უფრო სამოსანი მასწავლებელი? რომელიც საკუთარ თავსაც პატივს სცემს და სხვებისგანაც ითხოვს პატივისცემას? მაშ რატომ არ პატიობთ მოსწავლეს ოროსნობას?!

რამდენი ბავშვიც გყავს, იმდენი გაკვეთილი უნდა გქონდეს თავში, როცა კლასში შედიხარ!

ხშირად უამბეთ შვილს თქვენს მასწავლებელზე, თქვენს ბავშვობაზე, რადგან ის ამ დროს თქვენში თავის თავს ხედავს.

სკოლა დღეს დახურულია. მშობლებს არ გიშვებენ სკოლაში! მიდით და უთხარით მათ, გაგიხსნან სკოლის კარი! დაესწარით გაკვეთილებს და გაიგეთ, რას და როგორ ასწავლიან თქვენს შვილებს.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია