შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ეკლესია არ არის NGO და არც სინოდია "სხადნიაკი""

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 28 იანვარი 2019

ზოგჯერ გასაოცარიც კი არის, რაოდენ მოკლე ისტორიული მეხსიერება გვაქვს ჩვენ, ქართველებს. თვით ჩვენი ისტორიის ინტერპრეტირება ისე “ლამაზად” შეგვიძლია ჩვენდა საზიანოდ, რომ ყველაზე დიდი მოწინააღმდეგეც კი შესაძლოა, პირდაფჩენილი დავტოვოთ უკიდეგანო მაამებლობის დემოსნტრირებით, რომელიც იქნებ და სულაც არ გაგვივლია გუნებაში. ან იქნებ პირიქითაც, ეს გვქონდა მიზნად.

მივესალმები საზოგადოებაში მიმდინარე მოსაზრებების გაცვლას უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ბევრად უკეთესი იქნებოდა, რომ დისკუსია ამ საკითხზე უფრო არგუმენტირებული და სიღრმისეული იყოს. საზოგადოების ჩართვა კი თვალნათლივ მეტყველებს იმაზეც, რომ საკითხი სცდება მხოლოდ საეკლესიო კანონიკას და მას უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური დატვირთვა აქვს.

ამ პოლიტიკურ კონტექსტში, მით უფრო ეკლესიის წიაღში მიმდინარე პროცესებისა და ღია თუ ფარყლი რუსული გავლენების გათვალისწინებით, უცხადესია, რომ თემის კვანძის გახსნა არ უკავშირდება მე-17 საუკუნეში რუსეთის მიერ უკრაინის ეკლესიის მიტაცებას, ან იმას - არღვევს თუ არა მსოფლიო პატრიარქი საეკლესიო კანონიკის რომელიმე პუნქტს. საქართველოსთვის ეს არის მისი იდეოლოგიური, სახელმწიფოებრივი ვექტორის განმსაზღვრელი ფაქტორი, ანუ მარტივად - სად მივდივართ, რუსეთში თუ ვრჩებით საქართველოში, ანუ ევროპაში?

ამ ფონზე ფრიად დამაფიქრებელი აღმოჩნდა “პატრიოტთა ალიანის” ლიდერების მიმართვა საქართველოს კათალიკოს პატრიარქისადმი. რა თქმა უნდა, არანაირად არ შევიდოდი პოლემიკაში, რომ არა წერილის იმპერატიული ტონი ცალკეულ საკითხებთან მიმართებაში და რამოდენიმე ფაქტობრივი შეცდომა. ამან კი შესაძლოა, დააბნიოს საკითხში ღმად ჩაუხედავი ადამიანები და ეს შეცდომები პოლიტიკურ თუ ისტორიულ ნარატივად აქციოს.

პირველი და უმთავრესი - არავის აქვს უფლება საერო პირს აუკრძალოს წარმოადგინოს თავის მოსაზრებები, მით უფრო პოლიტიკოსებს. შესაბამისად, ეს მოსაზრებები შესაძლოა, მისაღები ან მიუღებელი იყოს ვინმესთვის. როგორც მიმღებლობა არ ნიშნავს ბრმა თანხმობას და მორჩილებას, ისევე მიუღებლობა არ ნიშნავს მეორე მხარის დაკნინებას და შურაცხყოფებს. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვისწავლოთ ჯანსაღი პოლემიკა, მით უფრო ამ ფრიად დელიკატური და ამავდროულად სტრატეგიული საკითხის კონტექსტში.

მოკლედ, მიმართვას დავბრუნდები და ვიტყვი, რომ წერილის იმპერატიული ტონი, კატეგორიულობა სრულიად ანგრევს სეკულარიზმის პრინციპს. მაგრამ ჩავთვალოთ რომ ესეც არ არის მთავარი. თუმცა უმთავრესია და ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ დამატებით.

დიახ, მიმართვის ავტორები მოითხოვენ, რომ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ არ აღიაროს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია. დაგმობილი და ლამის უღმერთოდ არის გამოცხადებული მსოფლიო პატრიარქი და კონტექსტს თუ დავაკვირდებით არაფერი აკლია, რომ “მწვალებლების შეკრებად” ჩაითვალოს კრეტის საეკლესიო კრება. წარმოუდგენელია ასეთი უხერხულობა რატომ უნდა შეუქმა მის უწმინდესობას, როდესაც სულიერ ძმას უკიცხავ, ან რატომ უნდა დააპირისპირო დედა ეკლესია კრებაში მონაწილე ეკლესიებთან? არ მგონია, ამ უხერხულობას მხოლოდ მე ვგრძნობდე მიმართვის პათოსიდან გამომდინარე. თან ლამის იმ სიტყვების, ფრაზების გამოყენებით, რომელიც ყურს გჭრის, თითქოს სადღაც გაქვს მოსმენილი თუ წაკითხული ანალოგიური რამ, ორიოდე წლის წინ, სწორედ 2016 წელს.

ჩემს პოზიციას უკრაინის საეკლესიო და ამავდროულად პოლიტიკურ საკითხზე - ანუ სად უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ საქართველოში დავრჩეთ, სად უნდა ვიყოთ იმისთვის რომ ქართული საქმე ვაკეთოთ და არა რუსული - ძალიან მარტივად, ისტორიული მეხსიერებიდან გამომდინარე ვიტყვი და გიორგი მერჩულეს დავიმოწმებ: "ქართლად ფრიადი ქვეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების. ხოლო „კვირიელეჲსონი“ ბერძნულად ითქუმის, რომელ არს ქართულად: „უფალო წყალობა ყავ“, გინა თუ „უფალო შეგვიწყალენ“…

რუსულად კი არა, ბერძნულადო და ეს იყო და არის ქართული სახელმწიფოებრივი ვექტორის განმსაზღვრელი გრიგოლ ხანძთელის ეპოქიდან მოყოლებული. ეს იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელების - კირიონ II-ის და ამბროსი ხელაიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის კრედო. ამიტომ, რაოდენ გულწრფელიც არ უნდა იყვნენ საკუთარ პოლიტიკურ თუ საეკლესიო შეხედულებებში მიმართვის ავტორები და საქართველოს ეკლესიის ღვთისმსახურნი ამჟამად, რომლებიც ამ გზას ვერ, ან არ ხედავენ, მათი გულწრფელი იდეოლოგიური და პოლიტიკური არჩევანი “გენერალ გუნდიაევის” გზაა. ამ გაზაზე ბევრი რამ დაწერილა, თქმულა და არ ვაპირებ, აზრი არ აქვს განმეორებას. რამდენად კარგია ეს გზა ან რამდენად ცუდი და დამაზიანებელი - თუნდაც არსებული ისტორიული და პოლიტიკური ვითარების გათვალსიწინებით, არც ამის განვრცობას აქვს აზრი. კიდევ ერთხელ - დააკვირდით ჩემს დათქმას, მე არ ვამბობ, რომ ვიღაც ვიღაცის ინტერესებს ატარებს, მით უფრო უცხო და მტრული ქვეყნის. ეს არ არის ჩემი სფერო. ამ შემთხვევაში მხოლოდ რუსულ ინტერესების ცალკეული პერსონების (საერო თუ სასულიერო) მიერ გამოთქმული მოსაზრებების თანხვედრაზე მივუთითებ.

სოხუმის მიტაცების აფხაზურ “სცენარზე”, რომელიც თურმე, მსოფლიო საპატრიარქოს ინტერებშიც შედის, საუბარი ცოტაზე მეტად უხერხულია. მით უფრო, იმ პიროებში, როცა მიმართვის ავტორები არაფერს წერენ, არ სწუხან საქართველოს კათალიკოს პატრიარქისათვის “გუნდიავების” მიერ ჩამორჩმეულ ტიტულზე, რაც სწორედ რომ ფაქტობრივად იმის აღიარებაა - რუსეთი არც კი განიხილავს ცხუმ-აფზახეთსა და ბიჭვინთას მისი უწმინდესობის სამწყსოდ. რას აკეთებს ამ დროს მსოფლიო პატრიარქი? ის არა თუ ფაქტობრივად, იურიდიულადაც აღიარებს მისი უწმინდესობის საეკლესიო გავლენას და ამ ეპარქიების საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის კუთვნილებად. მიმართვის ავტორები ამ მიმართებითაც უხერხულობას უქმნიან მის უწმინდესობას, როდესაც უკრაინის საკითხის რუსეთის სასარგებლოდ გადაჭრის შფარული თუ შეუფარავი კონტექსტით თავადაც ხდებიან მისთვის ტუტულის ჩამომრთმევნი და ნებსით თუ უნებლიედ დგანან “მტაცებელთა” მხარეს.

მიმართვას არა ერთი ფაქტობრივი შცდომა ახლავს თან, რომელიც ასევე უხერხულობას უქმნის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მის სინოდს. სავარაუდოდ მიმართვის ავტორებისთვის, რომლებიც გმობენ კრეტის კრებას, არაფერია ცნობილი, რომ დღემდე არ არსებობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს კრეტის კრების შეფასებითი დასკვნა. ან ეს “მოწიწებითა და თავმდაბლობით” გაკეთებული შეთავაზება “…ცალსახად უარყოფითად შევაფასოთ მსოფლიო პატრიარქის ქმედებანი უკრაინაშიც და 2016 წლის კრეტის კრებაზეც” განა სეკულარიზმის პრიონციპის დარღვევა და უფრო მეტიც, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჯერაც თავშეკავებული პოზიციის აგრესიული პროვოცირების რეჟიმში გადაყვანის მცდელობა არ არის?

იმ პირობებში, როდესაც უკრაინელი ხალხი, მისი საერო და სასულიერი ხელისუფლებები, მრევლი კმაყოფილია ტომოსით, ჩვენ რომელი პოლიტიკური კოტექსტის საფუძველზე ვსაუბრობთ შეზღუდულ უფლებებზე? მით უფრო, რომ

უკრაინის ეკლესიის ტომოსის პუნქტები სრულიად იდენტურია არაერთი ავტოკეფალური ეკლესიის ტომოსთან და რეალიებთან.

ახლა ამ მიმართვის მეორე თემაზე - ეპისკოპოსებზე. ცნობისთვის - უფრო “მაღალი” და შედარებით “დაბალი” ეპისკოპოსი არ არსებობს. შესაბამისად, თუ ვინმე ცდილობს ამხილოს, საჯაროდ განაცხადოს ეს სრულიად ლეგიტიმურია თუნდაც საეკლესიო კანონიკიდან გამომდინარე. დიახ ეკლესია არ არის NGO, მაგრამ არც სინოდია “სხადნიაკი” და წმინდა კრებაზეც, ტაძარშიც და მის გარეთაც ღვთისმსახურის უპირველესი მოვალეობაა მხილება და სიმართლე. სულაც არ აქვს მნიშვნელობა ეს სიმართლე ვის ეხება, რა რეგალიისა თუ ავტორიტეტის პიროვნებას, იერარქს. კონკრეტულ ეპოქაში მეუფეთა კრავისებულ მდუმარებას განა თან არ ახლდა ეკლესიის სრული მდუმარება და ჰარონია იმ “სისხლიან რეჟიმთან”, სისხლიანი ჯიპებით ჯირითი და ყოველწლირი რი სისხლიანი 25 მილიონი? ამიტომ, ეს შეფასებებიც პირობითია, თუმცა უკიდურესობებს ვერ აიტანს, იმიტომ რომ საპირწონე არგუმენნტები კიდვ უფრო ბევრ შლამს ამოიტანს ზედაპირზე. მმიმართვაში მეუფის სახელი და გვარით მოხსენიება იმის გარდა, რომ მისი დაკნინების და გაუბრალების მცდელობაა, საკუთარ თავში სხვა მინიშნებებსაც გულისხმობს.

აქ როგორია ჩემი პასუხი? მოდით აქაც ისტორიულ მეხსიერებას მივყვეთ. თუ ვინმეს ახსოვს ,ან არ ახსოვს, ან სულაც არ იცის გავახსენებ, ვეტყვი. მანამ კი პატარა გადახვევა “ამბავის” გასახსენებლად:არესენ ქართლის კათალიკოსს დაუპირისპირდა ეფრემი, რომელმაც ამხილა არსენი. არსენის მხარე დაიჭირა გუარამმ მამფალმა. მოიწვიეს ხანძთელი და შედგა კრება. ხანძთელმა ამხილა არსენი. ქვემოთ მოყვანილი დიალოგი გაიმართა ხანძთელსა და არსენის მხარდამჭერ ფეოდალ, გუარამ მამფალს შორის. ბარემ აქვე ვიტყვი, ეს არის ქართული სეკულარიზმის ტრადიციის საუკეთესო მაგალითი .

„ხოლო ხელმწიფემან მან იკითხა ეპისკოპოსთა მათგან: - წმიდანო ღმრთისანო, უკეთუ ქვეყანისა ჩვენის ერისკაცი ვინმე, წიგნთა საღმრთოთა მეცნიერი და ენათაცა წვრთილი, მიიწიოს იერუსალემდ, ანუ სხვათა წმიდათა ადგილთა, და იხილოს რაჲმე კეთილი წესი, რომელ ქრისტეანობასა შვენოდის და ჩვენ შორის არა იყოს, გინათუ წიგნთაგან წმიდათა გულისხმა ყოს და თავით თვისით ერსა უსწავლელსა აუწყებდეს, კეთილ არსა ანუ არა?

ამას რაჲ იტყოდა, ასმენდა ვიეთმე მრავლის-მეტყველთა. ხოლო მათ თქუეს: - წერილ არს: „ტვირთი განწესებული ეყოფინ ნავსა, უკეთუ დაუმძიმო, დაინთქას, და უკეთუ სუბუქად იყოს, ქართა და ღელვათა წარიტაცონ“. ეგრეთცა ტვირთი შჯულისაჲ და წესი ქრისტეანობისაჲ, რომელი აწ ქვეყანასა ჩვენსა უპყრიეს, ფრიად კეთილ არს და ღმერთი დაჯერებულ არს. და ამისთვის ჩვენ ვართ თავსმდებნი - უკეთუ ვინმე მტკიცედ იპყრას და შეუცვალებელად საქმით ჰყოფდეს და არა სიტყვით ვაჭრობდეს, „ასი წილი აქავე მიიღოს და ცხორებაჲ საუკუნოჲ დაიმკვიდროს“, სიტყვისაებრ უფლისა. და შევიწყნარეთ პირველი მამისა გრიგოლის სიტყვაჲ, რომელ წარმოთქვა. და ჩვენ ამას ვიტყვით: უკეთუ ახალი რაჲმე კეთილი წესი ერისკაცმან გულისხმა ყოს, მსგავსად ბრძანებისა შენისა, უმჯობეს დუმილი არს, ვითარცა თქვა იაკობ მოციქულმან, ვითარმედ: „ნუ მრავალნი ჰმოძღვრით, ძმანო“. და უკეთუ დუმილი ვერ ძალედვას, არა თავით თვისით ქადაგებდეს, არამედ აუწყოს თვისსა ეპისკოპოსსა. და თუ ჯერ იყოს, მან ასწაოს თვისსა სამწყსოსა. უკეთუ კვლა სილაღით წარმდებობდეს ერისკაცი იგი და ერსა ახლად სხვასა წესსა დაუდებდეს, ეგევითარი იგი ნაცვალად შესაძინელისა მაცილობელთა და წინააღმდგომთა თანა დაისაჯოს დიდებით უფლისა მოსლვასა”.

მგონი არც ღირს დამატებითი განმარტებები.

ამიტომ, მე, მავანისთვის ეკლესიის “მგმობელი” ვამბობ და ვწუხვარ არა იმიტომ, რომ მძულს, ვემტერები - არამედ იმიტომ, რომ მიყვარს და მტკივა.

საუკუნეების მერეც კი, ანუ დღეს - საქართველოს ეკლესიის, მისი სახლმწიფოს სავალი გზა შორეულ მერვე საუკუნეში გაიკაფა გრიგოლ ხაძთელის მიერ, ისევე როგორც განისაზღვრა ბევრი რამ - თუნდაც ეპისკოპოსებთან დაპირისპირების და საერო კონტექსტის შესახებაც. ამიტომ თუ ამ მიმართვის მიუღებლობაზე ვსაუბრობ - ლოგიკურია. ის აცდენილია ხანძთელის გზას, რომელმაც უპირობოდ არის უდიდესი ეპოქის - დავითისა და თამარის საქართველოს ფუძემდებელი. შესაბამისად, თუ პოლემიკის გარძელების სურვილი ექნება ვინმეს - საერო ან სასუალიერო პირს - ჯერ გრიგოლ ხანძთელის არჩევანი და სიტყვები უარყონ, დაასაბუთონ ეს უარყოფაც.

მოკლედ, შევეცადე ძალიან მარტივად მომეყოლა და ამეხსნა ჩემი სათქმელი. ვფიქრობ არც ეთიკის, არც პოლემიკის სტანდარტები არ დამირღვევია, ამიტომ არც ერთ სხვა მსჯელობას, რომელიც აკადემიურ და თავაზიანობის ფორმატს გასცდება არ ვუპასუხებ.

გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია