შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანში მრჩეველთა საბჭომ მუშაობა დაიწყო

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
 30 იანვარი 2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო შეიქმნა, რომელშიც საჯარო მოხელეებთან ერთად სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან გაერთიანებული.



პირველ სამუშაო შეხვედრაზე დებულება დაამტკიცეს, ასევე, აირჩიეს თავმჯდომარე და მდივანი.  არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ხედვა კახეთის“ გამგეობის თავმჯდომარის ლანა გაუარაშვილის განმარტებით, აღნიშნული პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ვორდვიჟენის, სოციალურ მუშაკთა ასოციაციისა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

„პროექტის სახელწოდებაა „სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს განვითარება სოციალური სერვისების გაუმჯობესების მიზნით.“
მისი მიზანია, ხელი შეუწყოს გურჯაანის, თელავის და ყვარლის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ფუნქციონირებას, მათი კომპეტენციების განვითარებასა და სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ახალგაზრდების საჭიროებების კვლევას.“

საბჭოს მდივნად მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი შორენა ნადაშვილი დაასახელეს. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, საბჭოს მიზანია გურჯაანის მუნიციპალური ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა და მერისთვის საჯარო ფუნქციების შესრულებაში ხელშეწყობა.
„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო. წამოიჭრა მნიშნელოვანი საკითხები, რომელსაც მომდევნო შეხვედრაზე განვიხილავთ. საჯაროობის დაცვის კუთხით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ოფიაციალურ გვერდზე წინასწარ განთავსდება განსახილველი საკითხები, დრო და ადგილი, რათა მოხდეს მოქალაქეების ჩართულობა. ნებისმიერს შეუძლია მოვიდეს დათქმულ დროს და დაინტერესებული საკითხები მასთან ერთად განვიხილოთ. ეს იქნება ბიუჯეტის დაგეგმარება, ინფრასტრუქტურული საკითხები თუ სხვა. მომდევნო შეხვედრის თემებიც წინასწარ იქნება გაწერილი.“

საბჭოს თავმჯდომარედ მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი აირჩიეს, როგორც მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, შეხვედრები ყოველი თვის პირველ ოთხშაბათს ჩაინიშნა.
„მრჩეველთა საბჭოს ჩამოყალიბებით ჩვენ ვადასტურებთ, რომ ვართ გამჭვირვალე. მოსახლეობის ჩართულობა და სხვადასხვა პროფესიის ადამიანების აზრის მოსმენა მნიშვნელოვანია მერიის მუშაობისთვის. შესაბამისად, ერთად მივიღებთ სასიკეთო გადაწყვეტილებებს. შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხზე.“

მრჩეველთა საბჭო 20-კაციანი შემადგენლობით დაკომპლექტდა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია