შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘სკოლაში ასწავლიან, მაგრამ რეპეტიტორი მაინც საჭიროა’ – მეთორმეტეკლასელები ადიგენიდან

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 30 იანვარი 2019
მოხეს სკოლის მეთორმეტე კლასელს ასლან დიმიტრაძეს ჯერ არ გადაუწყვეტია რაზე ჩააბარებს, თუმცა იცის, რომ თუ უმაღლესში მოხვედრა უნდა, რეპეტიტორებთან უნდა მოემზადოს. ამიტომ ზოგად უნარებსა და ინგლისურში მასწავლებლებთან სიარული უკვე დაიწყო. ამის გამო ხშირად სოფლიდან ადიგენამდე ფეხით ჩასვლა უწევს: „ტრანსპორტი არაა, თუ რამე გამოჩნდა იმას მივყვები ხოლმე. სკოლაში კი კარგად ასწავლიან, მაგრამ რეპეტიტორი მაინც საჭიროა. ორ საგანში მოსამზადებლად თვეში 100 ლარს ვიხდი“. სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ჩასაბარებლად, ზოგად უნარებსა და ინგლისურ ენაში კერძო მასწავლებელთან ემზადება ენთელის სკოლის მეთორმეტეკლასელი ქეთევან ხარაიშვილიც: „სკოლაში ვსწავლობ, მაგრამ მომზადება მაინც უკეთესია“. რეპეტიტორებთან მომზადების გარეშე აპირებს უნივერსიტეტში ჩაბარებას სოფელ ზანავის სკოლის მეთორმეტეკლასელი გრიშა ბერიძე: „რეპეტიტორებთან არ ვემზადები, ამის მიზეზი უფულობა არაა, უბრალოდ მინდა, რომ ჩემით ჩავაბარო. სად ჩავაბარებ გადაწყვეტილი არ მაქვს“. სოფელ აბასთუმნელი მარიამ მეგველია მომავალ წელს აბიტურიენტი იქნება და ამბობს, რომ უნივერსიტეტში მისაღები გამოცდებისთვის ისევ თავისი სკოლის მასწავლებლებთან მოემზადება: „უცხო ენას, ისტორიას და მათემატიკას ჩვენი მასწავლებლები კარგად ასწავლიან, ალბათ დამატებითაც მათთან მოვემზადები“. შეკითხვაზე, რატომ ვერ ღებულობენ იგივე მასწავლებლებისგან ცოდნას სკოლაში და მათთან დამატებით მომზადებას არჩევენ, მოსწავლეები გვპასუხობენ: „სკოლაში კი გვასწავლიან, მაგრამ ცალკე, რეპეტიტორთან სიარული მაინც საჭიროა “. არ იზიარებს მოსწავლეების მოსაზრებებს საჯარო სკოლების მასწავლებლების ნაწილი. „რად უნდათ რეპეტიტორები, აქედან პირდაპირ მიდიან და უმაღლესში აბარებენ, ჩაჭრილი მოსწავლეები არ გვყავს, უმაღლესშიც ბევრი სტუდენტია ჩვენგან. რეპეტიტორი არცერთი არ ვართ ამ სკოლაში“, – გვითხრა ენთელის საჯარო სკოლის მასწავლებელმა ელენე ხომასურიძემ. მოხეს საჯარო სკოლის მასწავლებელი ბადრი მარკოიძე კი ფიქრობს, რომ საგამოცდო პროგრამებია შესაცვლელი: „სასკოლო პროგრამა ახლოს უნდა იყოს მისაღებ გამოცდებთან, ამ შემთხვევაში ბავშვებს დამატებით რეპეტიტორებთან სიარული აღარ მოუწევდათ. კლასში 30 ბავშვი მყავს და ყველას გამოკითხვას ვერ ვასწრებ, მაგრამ სკოლებში კარგი სწავლებაა და ბავშვებს შეუძლიათ ცოდნის მიღება“. რეპეტიტორიების ნაწილი ამბობს, რომ მოსწავლეები, რომლებსაც სწავლა უნდათ, სკოლაში ამისი საშუალება აქვთ და სწავლობენ კიდეც, ნაწილს კი მიაჩნია, რომ სკოლა შესაბამის ცოდნას ვერ იძლევა. მაკა მურვანიძე, რომელიც 2005 წლიდან, ახალციხეში მეთორმეტეკლასელებს ინგლისურ ენაში ამზადებს, აბიტურიენტებს ორ კატეგორიად ყოფს: „ერთი კატეგორიაა, რომელსაც ძალიან უჭირს და გამოცდაზე პრიორიტეტი ზღვარის გადალახვაა, მეორე კატეგორია კი მცოდნეა, მაგრამ მაქსიმალური ქულის მიღება სჭირდება“. მურვანიძის თქმით, აბიტურიენტის მომზადების ღირებულებაც მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარეობს: „არიან მასწავლებლები, რომლებიც თანხას დოლარში იღებენ. ფასები ხშირად რადიკალურად განსხვავებულია“. რეპეტიტორებთან დაკავშირებით, განსხვავებულია მშობლების პოზიციაც. ენთელში მცხოვრები მურადი ლომიძე, ფიქრობს, რომ საჯარო სკოლებში მიღებული ცოდნით, უმაღლესში ჩაბარება შეუძლებელია, ამიტომ მან შვილის მიყვანა ახალციხეში, კერძო სკოლაში არჩია: „ჩემი შვილი აბიტურიენტია და გადავწყვიტეთ კერძო სკოლაში ესწავლა, თვეში 100 ლარის გადახდა მიწევს, მაგრამ რეპეტიტორებში ფულის გადახდა აღარ დამჭირდება და ასე უკეთესია“. დიდი სმადის მკვიდრი მუხრან ხარშილაძე ამბობს, რომ შვილის კერძო მასწავლებლებთან სატარებლად ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს, თუმცა იცის, რომ ამისთვის სახსრები თუ ვერ გამონახა, მისი შვილი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი ვერ გახდება: „რეპეტიტორების სისტემაში ღრმად არ ვარ ჩახედილი, მაგრამ სოფელში ვისაც უმაღლესში ჩაბარება უწევს, ბავშვს ყველა ამზადებს. მეც აბიტურიენტის მშობელი ვიქნები მომავალ წელს და მეც მივიყვან შვილს რეპეტიტორებთან, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის ფინანსების მოძიება გამიჭირდება. მასწავლებელსაც არ აქვს იმდენი ცოდნა, რომ ბავშვს ის განათლება მისცეს, რაც სჭირდება. ალბათ ეს პრობლემა მასწავლებლების გადამზადებით მოგვარდება“. "ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევამ აჩვენა, რომ ქვეყანაში გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, ეროვნული გამოცდის ჩასაბარებლად რეპეტიტორთან მომზადება აუცილებელია. გამოკითხულთა 55% მიიჩნევს, რომ კერძო მასწავლებელი აუცილებელია სკოლის საატესტატო გამოცდებისთვისაც, ხოლო 73%–ის აზრით, ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად.[ავთო ინასარიძე, ადიგენი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება