შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე 4 სოცმუშაკი გაათავისუფლეს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 30 იანვარი 2019
ამის შესახებ დღეს, 30 იანვარს ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, სადაც შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოკვლევის შედეგებზე ისაუბრეს.მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაია განმარტავს, რომ გათავისუფლებულებს შორის არის ის სოციალური მუშაკიც, რომელიც ექვს იანვარს გავიდა შემთხვევის ადგილზე, საავადმყოფოში და შესაბამისი რეაგირება არ მოახდინა: "ოთხი წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა მოკვლევა დაასრულა, რის შედეგადაც გამოიკვეთა იმ ორი უფროსი სოციალური მუშაკისა და ორი სოციალური მუშაკის პასუხისმგებლობა, რომლებსაც უშუალოდ ევალებოდათ ბავშვის საქმის მართვა. აღნიშნული სოციალური მუშაკები დღეიდან გათავისუფლებულები არიან დაკავებული თანამდებობებიდან, მოკვლევის მასალები კი შესაბამის სამსახურებს გადაეცათ. პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა". ბარკალაია ადასტურებს, რომ ოთხი წლის გოგოს ბიოლოგიურ ოჯახში შესაბამისი რაოდენობის ვიზიტები არ იყო. მისივე თქმით, შეცდომები იყო დაშვებული ბავშვის საქმის მართვასთან დაკავშირებითაც: "რიგი ხარვეზები იყო მართვასთან დაკავშირებით დადგენილი, ისეთი, როგორიც არის მაგალითად მინდობით აღზრდიდან ბავშვის გაყვანა, ანუ ბიოლოგიური უფლებისთვის უფლების მიცემა, რომ წაეყვანათ ბავშვი. რეინტეგრაცია არ იყო საბჭოს გადაწყვეტილება და ბიოლოგიური ოჯახი დაფიქსირებული იყო როგორც დღის განმავლობაში გამყვან პირებად და არა ღამით გამყვან პირებად. მიუხედავად ამისა, მათ ჰქონდათ საშუალება, რომ ღამე გაეყვანათ ბავშვი. ეს არის ერთერთი მაგალითი, რომელიც დაფიქსირდა ამ მოკვლევის შემთხვევაში. ვგულისხმობ ექვსი იანვრამდე პერიოდს". ოთხი წლის გარდაცვლილი გოგონა 22 იანვარს თბილისში, მის საცხოვრებელ სახლში ნახეს. შსს-ში ამბობენ, რომ ბავშვის ჯანმრთელობის გაუარესების გამო მშობლებმა სასაწრაფო გამოძახეს, რომელსაც მცირეწლოვანი გარდაცვლილი დახვდა. ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე შსს–მ გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო. იმავე დღეს ბავშვის დედა შემაკავებელი, ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით დააკავეს.პოლიციაში ამბობენ, ექვს იანვარს, სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, პატრული ბავშვის ოჯახის მეზობელმა გამოიძახა. შსს-მ ამ დღეს ფიზიკური ძალადობის შესაძლო ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა-2 მუხლის “ა” ქვეპუნქტით დაიწყო. შეტყობინების საფუძველზე ოჯახში მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მცირეწლოვნის დედა დააკავეს, ხოლო ბავშვი პატრულის ეკიპაჟთან ერთად იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შემდეგ შსს-მ ბავშვის დედას შემაკავებელი ორდერი გამოუწერა და ბავშვთან კონტაქტი აუკრძალა.22 იანვარს მომხდარი ფაქტის შემდეგ კი ბავშვის დედა პოლიციამ ორდერის დარღვევისთვის სისხლის სამართლის წესით დააკავა. უწყების ინფორმაციითვე, მომხდარის შესახებ სოციალურ სამსახურს ეცნობა. ამავე დღეს სოცსააგენტოს წარმომადგენლებმა ოჯახში მცხოვრები სხვა ბავშვები სახლიდან გაიყვანეს.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია