შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"21-ე საუკუნეში იპარავენ ადამიანს და ამაზე პასუხს არავინ აგებს"-დაკავებული სამხედროს და სკანდალურ ჩანაწერს აქვეყნებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 30 იანვარი 2019

ქ. ოზურგეთის წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატი, "ლეიბორისტული პარტიიდან", ნათია შარაშენიძე მისი ძმის, ხვიჩა შარაშენიძის წინააღმდეგ განხორციელებულ სამართლებრივ დევნაზე კიდევ ერთ მიმართვას ავრცელებს და სახალხო დამცველსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს არა ერთ მისიაში მონაწილე სამხედროს მიმართ აგორებულ ბინძურ საქმეში დახმარებას სთხოვს: 

"საჯაროდ მივმართავ საქართველოს სახალხო დამცველს! არასამთავრობო ორგანიზაციებს, ყველა უფლებადამცველს ვისთვისაც ძვირფასია, ზე აღმატებულია ადამიანის უფლებები, ჩადენილია უმძიმესი დანაშაული, ჩემი ძმა უცხო ადამიანებმა სახლიდან გაიყვანეს, ჯიპის ტიპის ავტომანქანაში ჩატენეს და გაიტაცეს, მას ოჯახის წევრები 7 საათის განმავლობაში ვეძებდით, ჩვენ აღმოვჩნდით არნახული უსამართლობის წინაშე, ადამიანის გატაცება და უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა, ამ ყოველივეში კი იკვეთება ანგარიშსწორების ნიშნები. გთხოვთ ჩაერთოთ და დაინტერესდეთ. გთხოვთ და მოგმართავთ საჯაროდ, იმ ადამიანებს, უფლებადამცველებს ვისთან ერთადაც არაერთ კონფერენციაზე თუ სემინარზე ვყოფილვარ, სადაც გვიმსჯელია, გვიკამათია ისეთ თემებზე როგორიცაა ადამიანის უფლებები, ქალთა ჩართულობა პოლიტიკაში, თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ვმდგარვარ არაერთ აქციაზე მათთან ერთად, დამიცავს სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები, გთხოვთ ნუ გაუჩუმდებით ამ უსამართლობას, უკანონობას, ზეწოლას და ანგარიშსწორებას, გთხოვთ ჩაერთოთ. ამ ქვეყანაში უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები, ამ ქვეყანაში მორალურად კლავენ ადამიანებს, ამ ქვეყანაში ფეხქვეშ ითელება კანონი, ადამიანის უფლებები და კონსტიტუცია, დაუშვებელია 21-ე საუკუნეში იპარავდნენ ადამიანს და ამაზე პასუხს არავინ აგებდეს, თუ დღეს გაჩუმდებით ხვალ, აუცილებლად მივიღებთ არაერთ მსგავს ფაქტს, ხვალ შეიძლება იყოს ძალიან გვიან და ხვალ, უსამართლობის აქლემი აუცილებლად დაიჩოქებს თითოეული ჩვენი მოქალაქის კართან და ხმის ამომღები უბრალოდ აღარავინ დარჩება. მე მზად ვარ ყველა ჩემს ხელთ არსებული დოკუმენტი გადმოგცეთ და გაგაცნოთ"-ნათია შარაშენიძე მიმართვას სოციალური ქსელით ავრცელებს და იმ სატელეფონი ზარების ჩანაწერებსაც ავრცელებს, რომელიც მისი ძმის გატაცების დღეს არის დაფიქსირებული: 

"ეს არის ჩემი ძმის საცხოვრებელი სახლის ტელეფონის ამონაწერი, სადაც გარკვევით ჩანს 2018 წლის 26 აგვისტოს დილას გამავალი ზარები, დროის მინიშნებით. ნახეთ, თბილისი, შიდა ქართლი ყველგან დავრეკეთ და ვეძებდით მოპარულ და გამქრალ ჩემს ძმას და ყველგან გვითხრეს რომ ამ სახელით და გვარით არავინ ჰყავდათ, აქ საყურადღებოა შემოხაზული ტელეფონის ნომერი რომელიც არის ისანი-სამგორის 11 განყოფილების, ზუსტად იმ განყოფილების სადაც ჩემი ძმა ჰყავდათ სარდაფში, იქ ჰყავდათ და დაგვიმალეს, იმიტომ რომ მასზე მიმდინარეობდა ზეწოლა აღიარებითი ჩვენებისთვის. პირის გამოძახების უწყებაზე კი მითითებული აქვთ 11.50 წუთი, თითქოს ვიღაც მოვიდა სახლში და ჩემს ძმას უწყება ჩააბარა. ყველაფერზე წავიდნენ, უხეშად დაარღვიეს ყველა კანონი, პროცედურა, ადამიანის უფლებები, კონსტიტუციაც კი და ჩემს ძმას, ჩვენს ოჯახს თავზე გადაგვახიეს კონსტიტუციაც, კანონი, პროცედურა და ადამიანის უფლებების დაცის კონვენციები. პ.ს. სახლის ტელეფონს ემატება ჩემი და ჩემი რძლის მობილური ტელეფონიდან განხორციელებული ზარები.აი ასე შეიკერა ჩემი ძმის საქმე"-ნათქვამია განცხადებაში.      

ცნობისთვის, ხვიჩა შარაშენიძე გასული წლის აგვისტოს თვეში, გვიან ღამით სახლიდან ორმა, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირმა გაიყვანადა 7 საათის განმავლობაში ოჯახმა მისი ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი იცოდა. 

მეორე დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე კი, მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა ერთ-ერთი ქალის ჩვენების საფუძველზე შეუფარდეს. მიუხედავად მტკიცებულებების არ არსებობისა, პროკურატურამ გადაწყვიტა, რომ საგამოძიებო მოქმედებების დასრულებამდე პატიმრობაში დატოვოს-მოწმეზე ზეწოლის გამორიცხვის მიზნით. 

მე-4-ე ბრიგადის ოფიცერი, ოზურგეთელი ხვიჩა შარაშენიძე, 15 წელია ქვეყანას ემსახურება. მონაწილეობდა 2008 წლის ომში და სხვადასხვა სამშვიდობო მისიებში.

მას საქართველოს ჯარში უმწიკლო სამსახურისა და საომარი მოქმედებების დროს გამოჩენილი მამაცობისთვის არა ერთი ჯილდო და მედალი აქვს მიღებული. მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის მიერმედლით-საბრძოლო დამსახურებისთვის.

 


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია