შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სკოლის გამოსაშვები გამოცდები მე-12 კლასშიც აღარ ჩატარდება

განათლება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
 01 თებერვალი 2019
წელს მე-12 კლასელებისთვის საატესტატო გამოცდები აღარ ჩატარდება. ამის შესახებ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა. პრემიერის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი სკოლაში განათლების მიღებაა.


„ჩვენ გვჭირდება ძლიერი, დამოუკიდებელი სკოლა, რომელიც ორიენტირებული იქნება განათლების მიღებაზე და არა გამოცდებისთვის მომზადებაზე. ჩვენი მიზანია სკოლის როგორც განათლების ფუნდამენტის გაძლიერება. სწორედ ეს გახლავთ განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი. სკოლებში დამამთავრებელი გამოცდების ჩაბარება არ არის განათლების მიღების მოტივატორი. მინდა გითხრათ, რომ ყველანაირი კვლევის, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და განათლების სხვადასხვა სექტორთან კონსულტაციების შემდეგ გამოიკვეთა, რომ წინა რეფორმის შედეგად ცოდნის ხარისხი არ გაუმჯობესებულა! ამავე დროს, სახელმწიფოსთვის საატესტატო გამოცდების ორგანიზება, მშობლებისთვის კი შვილის სკოლის გარეთ მომზადება, სრულიად არარელევანტური, საკმაოდ დიდი ხარჯია. ამიტომ, განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება საატესტატო გამოცდების მოხსნასთან დაკავშირებით - 2019 წელს მე-11 კლასისთვის, ხოლო 2020 წელს - მე-11 და მე-12 კლასებისთვის. ეს იყო პრინციპულად სწორი მიდგომა, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით დარგის სპეციალისტებთან ინტენსიური კონსულტაციების შედეგად, იმისათვის, რომ თანაბარი პირობები შეგვექმნა ყველასთვის, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სკოლის დამამთავრებელი გამოცდები წელსვე მოეხსნათ როგორც მე-11, ისე მე-12 კლასებს. აქვე მინდა განვმარტო, რომ წელს აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში ისევ ჩააბარებენ ეროვნულ გამოცდებს. ეს სისტემა მხოლოდ 2020 წლიდან შეიცვლება."-განაცხადა მან.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია