შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ეს ანგარიშსწორება, სასამართლოს ერთ ჯგუფთან ჩემს ღია კონფლიქტს დაემთხვა"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 31 იანვარი 2019

ჩანაწერების გავრცელების ამბავი სასამართლოს ჯგუფთან ღია კონფლიქტში შესვლას დაემთხვა - მაქვს უფლება მქონდეს შინაგანი განცდა, ეჭვი, - ასე უპასუხა დეპუტატმა ეკა ბესელიამ კითხვას, ჩანაწერებთან დაკავშირებით მიმართვაში მისი მინიშნება ეხებოდა თუ არა სასამართლოს და მოსამართლეებს.

როგორც ბესელიამ განმარტა, მან საკუთარ მიმართვაში დაასახელა, თუ რა მასალას ეხება საქმე, სად დევს აღნიშნული მასალა და რომ ის ფიზიკურად სასამართლოშია. მისივე თქმით, ის იმ სავარაუდო პირთა წრეს ავიწროებს, ვის ინტერესებშიც ასეთი ანგარიშსწირება შედიოდა.

ამასთან, როგორც ბესელიამ განაცხადა, ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით არც სააკაშვილის რეჟიმს გამორიცხავს, რადგან მათ ამ გზით შანტაჟის მცდელობა ჰქონდათ, რასაც მისივე თქმით, ვერ მიაღწიეს.

აქვე ბესელიამ დასძინა, რომ მათ დაემატა ჯგუფი, ვისთანაც აქვს კონფლიქტი და “ვინც მათ ლობირებს და ემეგობრება“. “მე ღიად დავუპირისპირდი სასამართლოს იმ ჯგუფს, ვისაც აქვს სურვილი სასამართლოს დამოუკიდებლობა პირად, კორპორატიულ ინტერესად აქციოს. ეს ამბავი ამ ჯგუფთან ღია კონფლიქტში შესვლას დაემთხვა. მე მხოლოდ ფაქტებს ვამბობ და მაქვს უფლება, მქონდეს შინაგანი განცდა, ეჭვი და განცხადებას ძალიან მოზომილად ვაკეთებ. სასამართლოს მიმართ პირდაპირი ბრალდება არ გამიკეთებია. მე ვავიწროებ სავარაუდო პირთა წრეს, თუ ვის ინტერესებში შედიოდა ასეთი ანგარიშსწორება“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, საქმის გამოუძიებლობა ხელისუფლებისთვის ძალიან დიდი დარტყმა იქნება. “ვფიქრობ ყველა აცნობიერებს, რომ ეს კითხვის ნიშნები თავისი უწყების ქვეშ არავინ უნდა დაიტოვოს. შესაბამისად, ლეგიტიმური ინტერესი უნდა იყოს, რომ საქმე იყოს გამოძიებული და გამოაშკარავდნენ არა მხოლოდ გამავრცელებლები, არამედ ყველანი, ვინც ამ საქმის უკან დგას. მე ამას ველოდები“, - დასძინა მან.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია