შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლაგოდეხის ნაკრძალის ადმინისტრაცია ტყის ჩეხვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
 02 თებერვალი 2019

ლაგოდეხის ნაკრძალის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში ტყის ჩეხვასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ადგილობრივის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ხე-ტყე გაიცემა მკაცრად განსაზღვრული პროცედურებით. გიორგი სულამანაძის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია იტვირთება ელექტრონულ ბაზაში, სადაც ფიქსირდება ხის სახეობა, მდებარეობა (GPS კოორდინატები) და ა.შ. ტყეში არსებული სიტუაციის შესწავლის მიზნით კი ადმინისტრაციის მიერ ტარდება მინიმუმ 4 გეგმიური რევიზია. მისივე განმარტებით, ტყეს პერიოდულად ამოწმებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინსპექტირების სამსახური, რის გამოც ისტორიულ მინიმუმამდეა დაყვანილი უკანონო ჭრის ფაქტების რაოდენობა.
,,გვსურს, გამოვეხმაუროთ ვიქტორ კერვალიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციასა და ფოტოებს, თითქოს ლაგოდეხის ნაკრძალში ტყე იჩეხება და ტერიტორია სატვირთო მანქანებისგან დაზიანებულია. ფოტოებზე ნაჩვენებია არა ლაგოდეხის ნაკრძალი, სადაც ნებართვის გარეშე შესვლაც კი არკრძალულია, არამედ ლაგოდეხის აღკვეთილი, სადაც საშეშე ხე- ტყე გაიცემა კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. კერძოდ საქართველოს მთავრობის №242 დადგენილება ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ. ჭრის სახეა – „სოციალური მიზნებისთვის ჭრა“. სოციალური მიზნებისთვის ჭრა ხორციელდება არაკომერციული მიზნით მოსახლეობის, საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, თვითმმართველი ერთეულების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ხე-ტყით უზრუნველსაყოფად. სოციალური მიზნებისთვის ჭრების დაგეგმვისას, გათვალისწინებულია კონსერვაციული და ბიომრავალფეროვნების. საზოგადოების ინტერესის შემთხვევაში მზად ვართ შეიქმნას მონიტორინგის ჯგუფი, სადაც მეტყევ- სპეციალისტებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, დავათვალიერებთ და შევისწავლით ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე საშეშე მერქნის გაცემის მიმდინარეობას და ტყის მდგომარეობას’’,- აცხადებს გიორგი სულამანიძე.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის ხელმძღვანელი, ვალერი ოღიაშვილი აღნიშნავს, რომ ლაგოდეხის ნაკრძალის და მისი ხელმძღვანელის წინააღმდეგ გავრცელებული ინფორმაცია მიზანმიმართული კამპანიაა და სიმართლეს არ შეესაბამება.
,,ძვირფასია ჩემთვის ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები, კვლევები მაქვს ჩატარებული, ვარ ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის ხელმძღვანელი. ჩემდა საწუხაროდ ამ დღეებში სოციალურ ქსელში ვრცელდება აშკარად პროვოკაციული ინფორმაცია, რომელიც ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს და მის ხელმძღვანელს გიორგი სულამანიძეს ეხება. თითქოს და უკანონო ჭრებმა პიკს მიაღწიეს და ლაგოდეხში ტყე აღარ დაგვრჩება. ეა ყველაფერი სიცრუეა და მიზანმიმართული კამპანია. გიორგი სულამანიძის ღვაწლი და დამსახურება ყველა ლაგოდეხელისათვის კარგად ცნობილია. რაც შეეხება ტყეს, ვისაც სურვილი აქვს დამიკავშირდეს, მე ვუზრუნველყოფ მონიტრინგის ჯგუფის შეკრებას და ადგილზე გავეცნოთ, ვნახოთ, შევისწავლოთ არსებული სიტუაცია’’,- აცხადებს ვალერი ოღიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ტყის მასიურ გაჩეხვასთან დაკავშირებით ინფორმაცია და ფოტო მასალა ერთ-ერთმა ადგილობრივმა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა. მისი თქმით, ტყეში ხეების უკანონო ჭრა სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია