შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ივანიშვილი დაგვპირდა, არჩევნები "გადააგორა" და გადააგდო მთელი საზოგადოება"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36049 
 05 თებერვალი 2019

ექსპერტი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება ლევან მურუსიძემ  დაწერა. 

როგორც „2020NEWS “-სთან საუბარში  ხუხაშვილი აცხადებს, „ქართული ოცნების“კრიზისი ახალ ფაზაში შევიდა.

„პოლიტსაბჭოს განცხადების ტექსტი ლევან მურუსიძის დაწერილს ჰგავს ძალიან, მაგრამ მურუსიძემ რომ დაწერა, ეს ერთია, მაგრამ არის მეორე მომენტიც. ვფიქრობ, რომ  დღეს ისტორიული დღეა.  ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის ჩრდილოვანი მმართველობა დასრულდა და მურუსიძის ჩრდილოვანი მმართველობა დაიწყო.  ამ ეპოქაში შევედით. 

პოლიტსაბჭოს განცხადებიდან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ შეცდომებზე  ვერ ისწავლა და ნათელია, რომ წინასაარჩევნო დაპირებაც ძალიან მალე დაივიწყა. არჩევნების პირველ  და მეორე ტურში დაგვპირდა, ჭკვიანად მოვიქცევიო და როგორც კი არჩევნები „გადააგორა“, ფაქტობრივად გადააგდო მთელი საზოგადოება. გადააგდო იმიტომ, რომ  თავიდანვე ასე ჰქონდა ჩაფიქრებული და გადააგდო იმიტომ, რომ მმართველობას ჩამოაშორეს ბიძინა ივანიშვილი და მურუსიძემ აიღო ხელისუფლებაზე კონტროლი.  შეიძლება ეს ხდება, იმიტომ რომ პოლიტიკური ლოგიკით, რასაც ახლა ქართული ხელისუფლება აკეთებს,  არის აბსოლუტურად სუიციდური ქმედება. შეიძლება, ამ პროცესზებზე  ხელი შეახოცონ  „ნაციონალურ მოძრაობას“. მაგრამ  რა შუაშია „ნაციონალური მოძრაობა“?  

მინდა, ვუთხრა „ქართულ ოცნებას“, რომ ის არის „ნაციონალური მოძრაობა“ დღეის შემდეგ. გარეთ ნუღარ ეძებენ დამნაშავეს. თვითონ არიან  ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი, რაც ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობიდან“ დღემდე. ამ განცხადებით თვითონ აიღეს პასუხისმგებლობა მთელ იმ უბედურებაზე, რასაც ცდილობენ, რომ უკბილოდ აკრიტიკონ“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

კითხვაზე - როგორ მოხდებოდა ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორება, თუ ამის სურვილი თავად მას არ ექნებოდა, ხუხაშვილი პასუხობს, რომ სხვა შემთხვევაში გაუგებარია, როგორ შეიძლება, რომ ადამიანი პოლიტიკური თვითმკვლელობით იყოს დაკავებული. 

„მე სხვა ლოგიკას ამაში ვერ ვხედავ, ვირტუალურ ჩამოშორებაზე ვსაუბრობ, თორემ ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, როგორ შეიძლება ადამიანი პოლიტიკური თვითმკვლელობით იყოს დაკავებული, იმიტომ, რომ ის, რაც გააკეთეს, იყო თვითმკვლელობის ტოლფასი და ეს გამოჩნდება ძალიან მალე. 

ოცნების კრიზისი გადავიდა სრულიად ახალ ფაზაში. „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოების თვალში მოახდინა ფაქტობრივი დელეგიტიმიზაცია საკუთარი თავის.  დანარჩენი უკვე დროის საკითხია“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია