შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

" ახალგაზრდები თქვენზე ჯანსაღად მორწმუნეები არიან, მოკლე კაბებში და ფერად თმებში, კოჭებამდე შარვლებში და ტატუებში...“

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36059 
 06 თებერვალი 2019

სვეტიცხოვლის ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი პეტრე კვარაცხელია (პეტრე კოლხი) ეკლესიაში დაგროვილ პრობლემებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და იმ მიზეზებს ასახლეებს, რამაც ეკლესიებში ახალგაზრდების ნაკლებობა გამოიწვია:

„გულდასაწყვეტია, ეკლესიაში ახალგაზრდები თითქმის არ დადიან. მათ ზურგი აქციეს საეკლესიო ღირებულებებს და გაუცხოვდნენ წირვა-ლოცვის მიმართ...

რატომ?!

იმიტომ, რომ სული არ სტკივათ, ან მასობრივად არ სჯერათ ღმერთის არსებობის?!

არა!.. ეს პასუხი არასწორია!..

დღემდე ფიქრობენ უფროსი ადამიანები იმას, ვინაიდან ასაკი მეტი აქვთ, ცოდნაც შესაბამისად მეტი აქვთ, ვიდრე ახალგაზრდებს...

არადა, ასაკს არ მოაქვს ცოდნა... ის ინტელექტის, წიგნიერების, განათლების დამსახურებაა...

აღარ არის ის დრო, როცა სასულიერო პირი უპირობოდ იყო ავტორიტეტი და მისი ყოველი სიტყვა ბრმად უნდა გაგეზიარებინა...

ეს მიდგომა-,,შენ პატარა ხარ და ჯერ არ იცი", ისე აშორებდა თაობებს ერთმანეთს, უფროსები ვერ მიხვდნენ, რომ ისინი ისევ ასაკს ითვლიდნენ, მათ გვერდით კი პატარები ძალიან დიდები გახდნენ...

ახალგაზრდა თაობამ ღმერთზე არა, იმ ხელოვნურ ბარიერებზე თქვა უარი, რომელიც ეკლესიაში დავნერგეთ ისევ ჩვენი კომპლექსების გამო...

როდის არის ადამიანი უხეშობამდე მკაცრი...

ასეთ ხელოვნურ სიმკაცრეს მაშინ ავლენს, როცა საკუთარი სისუსტეების გამოვლენის ეშინია, საკუთარი უცოდინრობის, კომპლექსების დამალვა სურს...

ეს იაფფასიანი მეთოდი მომავალი თაობისთვის თვალშისაცემია და როცა ღვთისმსახური საკუთარ თავთან ერთად, ქრისტესაც აკრძალვების სკივრში კეტავს, ახალგაზრდებს სურვილი ეკარგებათ იარონ ეკლესიაში...

მერე მათთვის უცხო არ ხდება ნიჰილიზმი, სკეპტიციზმი, ეგზისტენციალიზმი... ამ ყველაფერში ჩვენ ვუწყობთ ხელს...

სინამდვილეში კი, მშობლები შვილებისგან მეტს ისწავლიან, ოღონდ საკუთარი ასაკობრივი ამპარტავნება ამაში ხელს უშლით...

მეტად ვუსმინოთ მომავალ თაობას, ისინი ბევრად კარგები, ნიჭიერები, ნაკითხები, თავისუფლად მორწმუნეები არიან, ვიდრე უფროსები, მაგრამ არა დიდები, რადგან მათი რწმენა ცრუ ნიშნებს და რელიგიური სასწაულების ძიებებს ვერ გაცდა...

უფროსებო, ნუ უწუნებთ ახალგაზრდებს რწმენას... ისინი თქვენზე მორწმუნეები, დიახ, ჯანსაღად მორწმუნეები არიან, მოკლე კაბებში და ფერად თმებში, კოჭებამდე შარვლებში და ტატუებში, ვიდრე თქვენ, ვითომ მეორედ მოსვლის მოლოდინში, მუდამ უკმაყოფილო და შეწუხებული სახით... დიახ, თქვენ, ვინც ქრისტე საკუთრებად აქციეთ და მისი მიძღვრების ოკუპირება მოახდინეთ...”- წერს პეტრე კოლხი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია