შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ექიმმა, რომელმაც 80 წლის ქალის გარდაცვალების ცნობა გასცა, სამსახური დატოვა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21284 
 06 თებერვალი 2019
საქმე 28 იანვარს მომხდარ ფაქტს ეხება. ამ დღეს შუახნის კაცმა, დედა, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში ლოგინად იყო ჩავარდნილი, მარტომ დაასაფლავა. მომხდარს ახალციხის რაიონული სამმართველო იძიებს. გამოძიების დაწყებიდან რამდენიმე დღეში კი ექიმმა, რომელმაც გარდაცვალების ცნობა გასცა, სამსახური დატოვა. მას ამ საკითხზე საუბარი არ სურს, თუმცა გვიდასტურებს, რომ სამსახურიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წამოვიდა: „ვიდრე გამოძიება არ დასრულდება ვერაფერს ვერ გეტყვით, არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი. თან ადვოკატის გარეშე არავისთან ვსაუბრობ“. გამოძიების დასრულებამდე კომენტარს არც იმ კლინიკაში აკეთებენ, რომელშიც ექიმი მუშაობდა: „გიდასტურებთ, რომ როდესაც ძიება დაიწყო, მან დაწერა განცხადება და წავიდა. რადგან სამართალდამცველი ორგანოები იძიებენ მომხდარს, ამ საქმეზე შიდა მოკვლევა აღარ არის საჭირო, ისინი დადებენ დასკვნას“. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უბნის ექიმი მოწმის სახით გამოიკითხა: „რაც შეეხება მის პროფესიულ საქმიანობას, ეს დამსაქმებლის და დასაქმებულის შრომითი ურთიერთობაა. ექიმის სამსახურიდან გაშვება-არ გაშვების საკითხი ჩვენ არ გვეხება“.იურისტები ფიქრობენ, რომ ექიმს სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო: „ამ ექიმის ქმედებას ზიანი არ გამოუწვევია. სულ რომ მოკლული იყოს ეს ქალი, ექიმი ერთმნიშვნელოვნად მაინც ვერ დაადგენს გარდაცვალების მიზეზს. გარდაცვალების მოწმობას ადგილზე მისვლით გასცემდა თუ საავადმყოფოდან ეს არაფერს ცვლის, გამოძიება სულ სხვა კუთხით მიმდინარეობს და მიზეზს დაადგენენ. დავუშვათ, ამ ქალის მკვლელობაც რომ დადგინდეს, ექიმის ქმედებაში პასუხისმგებლობის ნიშნები მაინც არ იკვეთება. ზიანის მომტანი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა მისი ცნობა, თუ ეს ქალი ცოცხალი იქნებოდა და ის კი საბუთს გარდაცვალებაზე დაწერდა“. იურისტები ვარაუდობენ, რომ ექიმი „პირადი საქმის გაფუჭებას და სამსახურში ხელმძღვანელობასთან დაძაბულობას მოერიდა და სამსახური სწორედ ამიტომ დატოვა“.ქალის გარდაცვალების საქმეზე ორი ვერსია არსებობს, მეზობლების ნაწილი ამბობს, რომ ქალი ასაკში იყო და ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, შვილმა კი ახლობლებს იმიტომ არ შეატყობინა, რომ ბოლო წლების განმავლობაში მოხუცს მარტო უვლიდა და მის სანახავად არავინ მიდიოდა. ნაწილი კი გვიყვება, რომ შვილმა დედა მოკლა და ჩუმად დაკრძალა. მიზეზი კი ისაა, რომ ბინა, რომელშიც ცხოვრობდნენ გაყიდული ჰქონდა, სასწრაფოდ უნდა დაეცალა და მოხუცს ვერაფერს უხერხებდა. მკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ მუშები, რომლებიც გარდაცვლილის შვილმა, დედის სასაფლაომდე ასაყვანად დაიხმარა. „ვიცნობდით გარდაცვლილსაც და მის შვილსაც, პარკში სეირნობდნენ ხოლმე. რამდენიმე დღის წინ ჩვენ დაგვირეკა და გვითხრა დედა გარდამეცვალა და დაკრძალვაში მომეხმარეთო, 28 იანვარს, დაახლოებით, 13:30 სათზე მივედით, მიცვალებული ბინიდან ჩამოვასვენეთ და ეკლესიაში წესის ასაგებად მივიყვანეთ. მერე დავკრძალეთ, მესაფლავეებს საფლავი უკვე მომზადებული ჰქონდათ. ჩვენ ფული გადაგვიხადა იმ კაცმა და წამოვედით“, – გვიყვებიან მუშები. მომხდარზე ძიება სისხლის სამართის კდოექსის 115–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. [თინათინ ზაზაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება