შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რატომ ჩაასხეს გურულებმა ადუღებული ოქრო ალი ფაშას პირში

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36113 
 08 თებერვალი 2019

ეს 1877-78წწ ამბავია. წინა პოსტში, ლიხაურელთა გმირობის ამბავთან ერთად მოგიყევით, თუ რა დიდი ძალა გამოიყვანა გურიამ ამ ომში. უდიდეს გამარჯვებას მიაღწია რუსეთის იმპრიამ. ამ გამარჯვებაში არის ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი, რომელიც არაა საზოგადოებისათვის იმდენად ცნობილი, არადა სწორედ ამ სტრატეგიულმა გეგმამ შესძლო აქ სასწაულების მოხდენა.
ეს სასწაულები აქ გრიგოლ გურიელმა ჩაიდინა, გრიგოლს, ყველა დროის საუკეთესო გურულს, ცალკე პოსტად გაგაცნობთ შემდგომში. სანამ ომი დაიწყებოდა, ორი წლით ადრე, მან მიიღო რუსეთის იმპერიისგან დავალება:ემოგზაურა აჭარაში და ქვემო გურიაში, დაერწმუნებინა და გადმოებირებინა გამუსულმანებული აჭარელი და გურული ბეგები, და შეედგინა საბრძოლო მოქმედების გეგმა!
გრიგოლი უდიდესი დიპლომატიური ნიჭით იყო დაჯილდოვებული უფლისგან, მას ამ მოგზაურობისას, თითქოს არქეოლოგიური საკითხები აინტერესებდა, თან ახლდნენ „მსახურებად“ რუსეთის ჟანდარმერიის გადაცმული ქართველი ოფიცრები.
გრიგოლმა გადმოიბირა აჭარის უგვირგვინო მეფე-შერიფ ბეგ ხიმშიაშვილი და ქვემო გურიის:ბათომისა და ქაბლეთის ბეგები- დედი აღა წილოსანი და ყურშუმ-აღა ჭყონია.
გურიამ, მანამდე არგაგონილი, არნახული ძალა 30 000 კაცი გაიყვანა ომში. თურქებსაც ამაზე მეტი ძალის გამოყვანა შეეძლოთ მუსულმანი აჭარლებისა და გურულებისა.და რომ ეს ასე მომხდარიყო მაშინ შესაძლებელია ომი სხვა შედეგითაც დამთავრებულიყო-ქართველებს ხომ ყველაზე მეტად ერთმანეთის ხოცვა გვეხერხება!
სწორედ გრიგოლის გენიალურმა გეგმამ შეუშალა თურქებს ხელი, მუსულმანმა საქართველომ არა მარტო უარი თქვა ომზე, არამედ სამასწლოვანი ისტორიის მანძილზე პირველად, მუსულმანმა აჭარელმა ხმალი იშიშვლა მუსულმანი თურქის წინააღმდეგ.
ქართველებს მოღალატეები არასდროს გვაკლდა, აქაც გამოჩნდა ერთი-ალიფაშა თავდგირიძე. იგი გურული იყო, ჰასანბეგ თავდგირიძის სახლიკაცი, მან ყირიმის ომში გამოჩენილი ვაჟკაცობისთვის ქობულეთის ფაშობა მიიღო.
სიმღერა „ალიფაშა“ ქართული ხალხური(გურული) პოლიფონიური შემოქმედების კლასიკური ნიმუშია. მისი მრავალი ვერსია არსებობს, ამ ვერსიებში ხშირად არეულია ისტორიული ფაქტები, აჭარელი თუ გურული მომღერლები სხვადასხვა ვარიანტში ან უმატებდნენ, ან აკლებდნენ რაღაცას. სიმღერა კი მართლაც უნიკალურია: ის სამივე ხმის კონტრპუნქტული მოძრაობის რთული ტექნიკით სრულდება. ახლა წარმოგიდგენთ ერთ-ერთს, რომელიც ამჟამად გარდაცვლილი ბიძაჩემის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ იუზა ევგენიძის აზრით თავდაპირველი ვერსიაა და ასე მღეროდნენ მას გურულები:
ალიფაშამ გვიღალატა
ჩაგვიყვანა კვირიკეში,
იმან ფულები ეიღო,
ჩვენ ჩაგვყარა თათრის ხელში
მაგრამ გურულებს არასდროს არავისთვის შეურჩენიათ ღალატი, ერთ დღესაც ღამით მალულად გაბაწრეს ალიფაშა და
კაი დღე არც მას დადგომია,
ცხელი ოქრო ასხეს პირში,
მისი ყვირილი ისმოდა
სუფსის გაღმა ბაილეთში.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია