შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ოდესმე ყოფილა ასეთი გაჭირვება? ხალხი სულს ღაფავს“-გურულები გაძვირებულ ცხოვრებაზე

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36111 
 07 თებერვალი 2019

საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, ქვეყნის მთავარი პრობლემა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა იყო. არც 2019 წელია გამონაკლისი.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისკვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა  ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ პრობლემად სამუშაო ადგილებს ასახელებს, რაც მოსახლეობის 51%- შეადგენს.

38%-ის აზრით, ეროვნული მნიშვნელობის საკითხი სიღარიბეა;

37%-ის აზრითფასების ზრდა/ინფლაცია;

27%-ის აზრით, ტერიტორიული მთლიანობა;

25% – პენსიები;

18% – ხელფასები;

NDI მიუთითებს, რომ ეს ტოპ 6 ეროვნული საკითხი 2009 წლის შემდეგ უცვლელია.

 თუ რას ფიქრობს მოსახლეობა გაზრდილი უმუშევრობის  ფონზე კიდევ უფრო გაზრდილ ფასებზე და   რას ურჩევენ ხელისუფლებას, რომელიც 2012 წელს სწორედ იმ დაპირებებით მოვიდა, რომ თითოეული ქართველი საკუთარ ჯიბეზე იგრძნობდა გაუმჯობესებულ ცხოვრებას, „გურიის მოამბემ“  ქუჩის გამოკითხვა ჩაატარა.

 რუსიკო თოიძე - მთავრობა  ვერ საზღვრავს  სწორად, ხალხის  გასაჭირს. რა თქმა უნდა გაძვირდა ყველაფერი, ხელფასები არაა, პენსია არ ჰყოფნის ხალხს წამლის ფულად. რასაც ყველა ამბობს, იმას ვამბობ მეც. მთელმა პარლამენტმა  ვერ დაადგინა  გამოსავალი და ჩემი აზრი და მოსახლეობის საღი აზრი არავის არ აინტერესებს. მოსახლეობას არავინ არ უგდებს ყურს. ეს ცხოვრება მიდის,  მიედინება და გაჭირვებული კაცი ხავსს ეკიდებოდაო, ასე ვართ.

დ.გ. - მთავრობა არც არასდროს არ ყოფილა ხალხისთვის და არც არასდროს არ იქნება. მაგის შანსი არაა. მთავრობა არასოდეს არ იბრძვის ხალხისთვის. რომელი იბრძვის? ახლა რომ გაჭირვებაა, ოდესმე ყოფილა ასეთი გაჭირვება? ხალხი სულს ღაფავს. არავინ არ იწუხებს ჩვენთვის  თავს. დაყრილები ვართ  გარეთ. ვაჭრობა  არაა. გამოხვალ  დილით, წახვალ ღამე-არაფერი.

ჯ.დ. - გაძვირებული რომ არის ყველაფერი,  ეს მთავრობამაც  კარგად იცის, მაგრამ მერე რა? ვის აინტერესებს.  ამ მთავრობის ხელში,  თუ გინდ 20 წელი იყოს, არაფერი არ გამოვა. გაძვირების მეტი არაფერი არ მოხდება. მთავრობა ღებულობს ფულს, გლეხებისთვის სწორად არაფერს არ საზღვრავს, არაფერს არ აკეთებს სოფლის მეურნეობისთვის. საწინააღმდეგოს  კი  გააკეთებს გლეხებისთვის ყველაფერს და კარგს  არაა.

ლუბა კალანდაძე - სახელმწიფო და ჩინოვნიკები რომ ზიან პარლამენტში და ნახევარს  რომ სძინავს და ნახევარი საერთოდ  არ მიდის თათბირზე,  არ აინტერსებთ ხალხის მდგომარეობა. თავიანთი თავისთვის  რომ იუმჯობესებენ ცხოვრებას, მიხედონ ჯობია  ხალხს და ქვეყანას. საქართველოდან იმდენია წასული და დაცარიელებულია ქვეყანა. აქ დარჩებიან ირანელი, თურქი და ჩინელები. მთავრობის  მოვალეობააა  ააღორძინოს სოფლის მეურნეობა, ნახევარი მიწები  რომ აქვთ  დატოვებული მომსპარი და მოუვლელი. ხალხს ისე მისცენ დახმარება, რომ შეძლონ რაღაცის გაკეთება. ტაჯიკეთში ხალხს სახელმწიფო ყველანაირად ეხმარება-ბანკის  სესხით  და რაღაცეებით და ჩვენთან რა? ბანკში მიხვალ  და იმხელა პროცენტს დაგიდებენ, რომ მერე საჭმელსაც ვეღარ ყიდულობ.  ავად რომაა ადამიანი, ბანკში იმიტომ მიდის, რომ  სჭირდება ფული და ამხელა პროცენტების გადამკიდე ვეღარ იხდის იმას მერე.  სამუშაო ადგილებზე თავიანთ ნათესავები   და პატრონი  ვისაც ჰყავს  ისინი მუშაობენ და ვინც უპატრონოა, კი ყრია ქუჩაში, პლანით და დასალევით  გახეთქილები.

მაყვალა ჯანელიძე - ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ხალხი გაშტერებული დადის ჩემის ჩათვლით.  უფრო ჭკვიანი და გამოცდილი ხელისუფლება თუ  არ დაეხმარა ამ  ხალხს, ძალიან ცუდად წავა საქმე. ძალიან კარგი იქნება თუ ვინმე იაქტურებს. მეფეს ვეზირები მაძღარი ეგონა და აი, ასეა ჩვენი ქვეყანა. ახალგაზრდები უმუშევარია. ცუდად წავა საქმე, ცუდ რაღაცეებს მიმართავს ყველა. ყველამ ერთად უნდა ვიღონოთ რაღაცა, რომ შეიცვალოს ეს წყობა. არ ვამბობ კიდე არჩევნები იყოს  და მაგ გზით შეიცვალოს-მეთქი, არა უბრალოდ წყობა უნდა შეიცვალოს. უნდა მისცენ  ხალხს  სესხები რაც შეგვპირდა, ან  უნდა დაასაქმონ უმუშევარი ხალხი. ერთი ქარხანა-ფაბრიკა მაინც აშენდეს საქართველოში, რომ მე ამ ხნის ქალი  არ ვემზადებოდე თურქეთში წასასვლელად. ჯერ პენსიის ასაკი არ მაქვს და  პენსიაში გასვლამდე ხომ მჭირდება მე და ჩემს ოჯახს არსებობა? მტერ-მოყვარეშიც თუ გამოვწყდებით და  მაშინ მკვდარი უნდა ვიყოთ. წინასწარ ვერ გავითხრი სამარეს. ამიტომ ყველასთვის აუცილებლობას წარმოადგენს, რომ შეიცვალოს  რამენაირად წყობა.

გაძვირებულ ცხოვრებაზე გურულების შეფასებები ვრცლად იხილეთ "გურიის მოამბის" ორშაბათის ნომერში. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება