შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

" თავისუფლების წართმევა ფრინველს და ცხოველსა კლავს, რა თქმა უნდა ხეირს არ დააყრის არც საზოგადოებას"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36139 
 09 თებერვალი 2019

როცა ჩვენს ნაცნობს ან ნათესავს ატუსაღებენ, დაუყოვნებლივ მივესწრაფვით მის სანახავად ისე, როგორც სნეულისა. თან ვნანობთ: "ახ, რა ცუდი საქმე მოუვიდაო." რათა? რისთვის? იმისთვის, რომ კაცს წაართვეს თავისუფლება. წაართვეს ისეთი რამ, რითაც ადამიანი შეაწუხეს. წაართვეს სიხარული და მისცეს ვაება-ტანჯვა. თავისუფლება და ბედნიერება ერთი და იგივეა. დატუსაღებული ადამიანი უბედურად გრძნობს თავს: ვერა სვამს და ჭამს თავის ნებაზე, ვერ ადგება, ვერც დაწვება ისე, როგორც უნდა. ვერც ტანთ იცვამს, რაც მოსწონს იმას. ვერა ჰხედავს იმას, ვინც უყვარს. ვერ აკეთებს იმას, რის გაკეთებაც სულით და გულით სწყურია. თავის ნებაზე ვერ დაილაპარაკებს, თავისუფლად ფეხს ვერ გადასდგამს. უბედურ ყოფაშია ტუსაღი ჩავარდნილი. გვესმის ჩვენც მისი მდგომარეობა და გვებრალება. რაღა უნდა ვსთქვათ, როცა დატუსაღებულია მთელი საზოგადოება, ერი, სახელმწიფო?!

ადამიანი თავისუფალი იბადება. უცქირეთ ბავშვს როგორ თავისუფლად მოქმედობს როცა შეძლებს მოძრაობას. ეპოტინება ყველაფერს, რაზეც თვალი და ყური მიუწვდება. იქნებს ხელებს და ფეხებს როცა აკვანში აწვენს დედა და ხელებზე არტახებს უჭირებს. მხოლოდ დიდების მოსაზრება, დაშლა, დაშინება ჰკვეცავს ფრთებს ბავშვის თავისუფალ მოქმედებას, რომელიც უსაზღვრო თავისუფლებისკენ მიისწრაფვის.

გაიზრდება, მოვა გონებაზე და მაშინ ხომ შინაურ უფროსებთან ერთად, უჩნდება გარეთ სხვა უფროსი - საზოგადოება აუარებელი ზნე-ჩვეულებით, აზრებით, წესებით, რომელთა შორის მრავალი უვარგისი და პირდაპირ დამღუპველია ადამიანისა, შემბოჭველი იმის თავისუფლებისა, საღის მსჯელობისა. მშობლები, საზოგადოება და უხეირო სკოლები აჩვევენ ყრმას ისეთს აზროვნებას, რაც უხშავს მას გონებას, უნერგავს ცხოვრებისათვის მავნე აზრებს, აჩვევს გონებას მორჩილებას, მოთმენას, უკლავს სიყვარულს თავისუფლებისადმი.

ასე: ადამიანი მოსისხლე მტერი ხდება ბუნებისა. იმის მაგივრად, რომ ხელი შეუწყოს და განავითაროს ეს ძვირფასი განძი - თავისუფალი გრძნობა, მისცეს მას გონივრული მიმართულება, ცდილობს დაახშოს, მოსპოს იგი. სრულიად ამოაგდოს ძირიან-ფოჩვიანად ადამიანის გულიდან. ამ დროს საზოგადოება ვერა გრძნობს, რამდენად მოსისხლე მტერი ხდება იგი თავის თავისა. რატომ? მიტომ, რომ ხეს ტოტებს აჭრის, ქერქს აცლის ტანზე, რის გამოც ის ხელს უწყობს შტოების გახმობას, რასაც ადრე თუ გვიან თვით ხის გახმობაც მოსდევს. დიაღ, გამხმარია, ხმელია ის საზოგადოება, რომელთა წევრებიც მონურ, ყეყეჩ-ჩერჩეტად არიან აღზრდილნი და არ უყვარსთ თავისუფლება. ჰხდება თავის თავის მტერი, სთელავს თავისივე ბედნიერებას. ამისთანა საზოგადოება თუ სახელმწიფო ბუდეა ყოველნაირის უსამართლობისა, ადვილად ჩნდებიან დაჩაგრულნი და მჩაგვრელნი, გაცარცულნი და მცარცველნი და იმართება მათ შორის ბრძოლა.

დღეს ჩვენა ვართ მონაწილე და მოწამე ამისთანა ბრძოლისა. ბედნიერებაწართმეული ნაწილი საზოგადოებისა (კლასი) ებრძვის მეორეს, რომელმაც მისი ბედნიერება მიითვისა - მისი თავისუფლება და ქონება. მჩაგვრელნი დღევანდლამდის თავისუფლად იქცეოდნენ: ფული მიწა, ფაბრიკები, ქარხნები, სახლები იმათ ხელშია. ეს სულ მოტყუილებით, მტარვალობით, სხვისთვის თავისუფლების ჩამორთმევით მოიპოვეს. დღეს, დაჩაგრულმა ნაწილმა იგრძნო ეს უსამართლობა, აახილა თვალები, გაიღვიძა მის გულში დაძინებულმა თავისუფლების სიყვარულმა. დღეს იგი ამბობს: დამიბრუნეთ წართმეული ბედნიერება!

თავისუფლება მტარვალთაგან (უმცირესობა) ხალხისათვის (უმრავლესობა) წართმეული ბედნიერებაა. თუ ერთს ადამიანს სტანჯავს, ჩაგრავს ტუსაღობა, თავისუფლების წართმევა ფრინველს და ცხოველსა კლავს, რა თქმა უნდა ხეირს არ დააყრის არც საზოგადოებას, რომელიც ადამიანთა კრებულია. როცა მონობაში იმყოფება ქვეყანა, თავისუფლებას მოკლებული - იგი დამწყვდეულია ციხეში!

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება